• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

შიდა რეცენზიები

×
ავტორის გვერდი უმბერტო ეკო 03 ივნისი, 2012 3024

თარგმანი: პაატა შამუგია

არასრული ვერსია

 

ავტორი არაა მითითებული; "ბიბლია”


ამთავითვე ვიტყვი, რომ ხელნაწერთან მუშაობისას პირველმა ასმა გვერდმა ჩემზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ტექსტი მსუბუქად იკითხება, დინამიკურია და საპირველკლასო მასალას ენაცვლება ნამდვილად მძაფრი "ლაღობანი.” არის სექსიც (კარგიცაა, რომ ბევრი სექსია), ადიულტერიც, არის ერთნაირსქესიანთა სიყვარულიც. და მკვლელობა-ინცესტი-ომი-გენოციდი.

მოკლედ, ჩვეულებრივი ჯენტლმენური აჯაფსანდალია.

სოდომში (თუ გომორაში; ამას არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს) გაშლილია რაბლეზიანური ეპიზოდი, სადაც გარყვნილთა კამპანია ცდილობს ორი ანგელოზის დათრევას. აი, აქ შეიძლება უნებურად "ჩაიძირო” წიგნში. ნოეს ყოფითი ამბების `საგა” აცოცხლებს "სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” მოგონებას. ხოლო ეგვიპტიდან გაქცევა, ფაქტობრივად, მზა კინორომანია.

გამოვიდა მშვენიერი ეპოპეა, ჰარმონიული, სავსე დასამახსოვრებელი ეპიზოდებით, ფანტასტიკის ნაზავით, თუმცა, ზომიერ ფორმებში, გაწელვის გარეშე. დავამატებ, რომ აპოკალიფსური ნოტიც კი, რაც უნდა უჩვეულო იყოს, ყურს არ ჭრის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეუძლებელია ამ მაღალი კლასის ბოევიკით საფუძვლიანი უკმაყოფილების არაღნიშვნა. ამ დაუკმაყოფილებლობას იწვევს ტექსტის ეკლექტიკურობა. ვრისკავ და გამოვთქვამ ვარაუდს, რომ, არსებითად, თქვენ წინაშეა არა სრული საავტორო ინდივიდუალობა, არამედ სხვადასხვა ადგილიდან ამოგლეჯილი ციტატების ერთობლიობა.

არაბუნებრივი მეზობლობაა: რიტმიკა ალთასაა (როგორც ჩანს, ტექსტში ჩამონტაჟებულია რაღაც სიმღერები), ხოლო იერემიადის ძილისმომგვრელი ცრემლთაფრქვევა _ ბალთას.

ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ გამოსაცემად შემოთავაზებული ნაწარმოები რაღაც აჯაფსანდალია, გათვლილი იმაზე, რომ ყველას მოეწონოს. ზუსტად ამ მიზეზის გამო, ის არავის მოეწონება.

დავამატებ, რომ პრობლემა, როგორც ხშირად მსგავს შემთხვევებში, გადაიზრდება ხოლმე აბსოლუტურ კოშმარში.

ვინ დაელაპარაკება ყველა ავტორს? ერთადერთი ხსნაა, თუ შემდგენელი გამოვა კოლექტივიდან. ჰო, მაგრამ შემდგენლის სახელი, რატომღაც, არც სარჩევში და არც სატიტულო გვერდზე ფიგურირებს. ვფიქრობ, აზრსმოკლებული არ იქნებოდა საცდელად ხუთი (ვთქვათ, პირველი ხუთი) წიგნის ცალკე გამოცემა. შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა).

სამუშაო სათაური: "ეს მოხდა წითელ ზღვასთან”.



ჰომეროსი, "ოდისეა"

ეგრევე უნდა ვთქვა, რომ წიგნი მომეწონა. სიუჟეტი საყურადღებო, მძაფრი და ფანტაზიით გაჯერებულია. ილანდება სასიყვარულო ხაზი, თანაც ცოლქმრული ურთიერთობა ნაჩვენებია როგორც მშვიდობიან, ისე პრობლემურ ჭრილში, რითაც სასიამოვნო კონტრასტი მიიღწა.

გამოჩნდა ფიგურა _ ფატალური კალიფსო. წიგნში ასევე არის ახლადმოვლენილი ლოლიტა ნავზიკაე.

მომჭირნე, მცირედსიტყვიანი საშუალებებით გადმოცემულია ბევრი რამ: დარწმუნებული ვარ, მკითხველი არაერთხელ გამოცდის აღფრთოვანების მომენტებს ზოგიერთი აღწერილობის კითხვისას. წარმოსახვას აღვივებს ასევე აქა-იქ ნიჭიერად და თავდაჯერებულად მიმოფანტული ცალთვალა გიგანტები, კანიბალები. სურნელოვანი თემა _ ნარკოტიკები _ მონიშნული და აღწერილია იმდენად ტაქტიანად, რომ დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები შარს ვერსაიდან მოსდებენ, ვინაიდან ლოტოსი ნარკოტიკების შავ სიაში არ შედის.

რაც უფრო ახლოს ვართ კვანძის გახსნასთან, მხატვრულ ქსოვილში მით უფრო მძაფრად იგრძნობა ამერიკული ვესტერნის ნაყოფიერი ტრადიციები.  

რატომ ვიდავოთ იმაზე, რაც ისედაც ცხადია? ეს პროზა იკითხება ერთი ამოსუნთქვით. და საკუთარივე ადრინდელ წარუმატებელ წიგნთან შედარებით, ავტორი შეუდარებლად გაიზარდა. ადრინდელი ერთი ადგილის გაუბედავად ტკეპნის კვალიც აღარაა. გვემახსოვრება, რომ მის წინა ნაწარმოებში "ილიადა” მესამე და მეთორმეტე ორთაბრძოლის აღწერისას მკითხველს ტვინი ებურღება პარანოიდული განმეორებებისაგან. დავამატებ, რომ გარდა მაგისა, იმ წინა წარუმატებელ მცდელობაში გამოყვანილია ორი განუყრელი მეგობარი _ აქილევსი და პატროკლე, რომელთა ორაზროვანმა (მე ვიტყოდი, "არაორაზროვანმა”) "მეგობრობამ” ზოგიერთი პროვინციული ქალაქის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. მაგრამ მეორე წიგნი, ღვთის წყალობით, მსგავს ხრიკებს არ შეიცავს. აქ ყველა თოფი ისვრის. მთლიანი ტონი მშვიდი და დამაფიქრებელი, მე ვიტყოდი კიდეც: ჩამაფიქრებელია. ბოლოსდაბოლოს, ავტორმა შეიგნო ნოველაში ჩასმული ფლეშბეკისა და მონტაჟის ფასი და საკუთარ შემოქმედებით მანერაზეც წაიმუშავა. შედეგად კი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჰომეროსი უმაღლესი პილოტაჟის შემოქმედად იქცა, ნაღდი ჰამბურგული გათვლებით. მაგრამ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, სწორედ მისი შემოქმედების უმაღლესი კლასი იწვევს ეჭვს, რომელთა შესახებ აწი მოგახსენებთ. რატომ ვართ მოვალე, ჰომეროსის შემთხვევაში ეჭვმიუტანლად ვცნოთ მისი თვალსაზრისები? მე მგონი, ეს ნაშრომი საგამომცემლო პოლიტიკის ჭრილში უკიდურესად გაუმართლებელია. ასე ვფიქრობ არა მხოლოდ მე, არამედ, (ფრჩხილებში აღვნიშნავ) ერიკ ლინდერის მსჯელობაც საკმაოდ სკეპტიკურია. პირად საუბრებში ერიკ ლინდერმა რამდენიმე მოსაზრება გამანდო და განმიმარტა, რომ ჩვენი ჩანაფიქრიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა.

დავიწყოთ ტექნიკური სირთულეებიდან. შეგვიძლია კი მსგავს ავტორებთან მუშაობა? მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ის სერიოზული დაავადებით იტანჯება (მგონი, თვალებზე სჭირს რაღაცა) და საკუთარ ნაწარმოებებთან ვერ ორიენტირდება, მეტიც: ორიენტირებას მეხსიერებით ცდილობს და თანაც, ზეპირად. შედეგად: ყოველთვის სხვადასხვაგვარად ბგერს. ზოგჯერ ამბობს, რომ მისი ტექსტი გადაწერისას შერყვნეს, ან ისეთი ნაგლეჯები ჩაჩხირეს, რომელთანაც მას არავითარი საერთო არა აქვს. საერთოდაც, არის კი ის წიგნის ნამდვილი ავტორი? იქნებ ფსევდონიმია ეს ჰომეროსი? ეს ასპექტიც კი არაა ჩვენთვის გაცხადებული. მას შემდეგ, რაც რედაქტირება ხელობად იქცა, ბევრი წიგნი რედაქციაშივე ცხვება, ან სამ-ოთხმაგ ინტერპრეტაციას გადის (ძმები გონკურები და სხვ.) ისინი ხომ, როგორც წესი, კარგად გაყიდვის პრინციპიდან ამოდიან. მაგრამ ჩვენს სპეციფიკურ სიტუაციაში, ვიმეორებ, ძალიან ბევრი რამ გაურკვეველია. როგორ გინდა, მოიქცე მსგავს სიტუაციაში სამართალდამცველებთან მოლაპარაკების გარეშე? სხვათაშორის, ლინდერი ამბობს, რომ ავტორი უცნობია, ცხადია, ეს არაა ერთი ჰომეროსი, და შესაბამისად, მავანმა ეოლოსის აედებმა შესაძლოა, გარკვეული თავებისათვის პროცენტები მოითხოვონ. და ეს ყველაფერი არაა. 


ერთი ხიოსური ლიტერატურული სააგენტო პრეტენზიას აცხადებს თავისი ადგილობრივი რაფსოდების ჰონორარის გამო, ამტკიცებს რა, რომ ისინი გამოდიოდნენ როგორც `ნეგრები”, თუმცა, მაგრამ კონტრაქტი რატომღაც არ გაფორმებულა და ლიტერატურული პროფკავშირიც დუმს. სმირნაში სხვა სააგენტოცაა, რომელიც ითხოვს, რომ მთელი ჰონორარი უნდა გადაეხადოს ჰომეროსს, მაგრამ ის, როგორც ამბობენ, უმემკვიდრეოდ გადაეგო, ამიტომაც თანხა მისი მშობლიური ქალაქის ხაზინას უნდა გადაერიცხოსო. მაგრამ მშობლიური ქალაქის სახითაც, სმირნის გარდა, კიდევ რამდენიმე გვევლინება. ვინაიდან არ გვაქვს ცნობა, მართლა მოკვდა თუ არა ავტორი, და თუ კი, რომელ წელს, აქ გამოუსადეგარია 1943 წლის კონვენცია საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ავტორის სიკვდილიდან 50 წლის გასვლის შემდეგ. და არც ესაა ყველაფერი. ხომ შეიძლება საავტორო უფლება ეკუთვნოდეს ვიღაც კალინს. მაგრამ ის დაიჟინებს, რომ "ოდისეასთან” ერთად `ეპიგონები,” `ფივაიდა” და `კვიპროსიც” ვიყიდოთ. ეს რაღაცები კიდევ არათუ სუსტია, არამედ არსად აღნიშნულიც კი არაა, ნამდვილად ჰომეროსმა შექმნა ისინი თუ არა. ასეც რომ იყოს... რომელ სერიაში უნდა განვათავსოთ? ვინ დაწერს წინათქმას? არისტარქე სამათრაკიელი? სერიოზული სახელია, დიდად პასუხისმგებლიანი, მასალა იცის, თანაც, მშვენივრად მუშაობს. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი ტვირთს შეგვიმსუბუქებდა. თუმცა, მე მირჩევნია, მას საერთოდ არ გავეკარო. ის მოინდომებს, არც მეტი, არც ნაკლები, ტექსტის გაგებას ნაწყვეტებიდან გამომდინარე და მათი ავთენტურობის შემოწმებას. ეს უკვე ტექსტოლოგიაა. საერთოდაც, მესმის, რომ ის სამეცნიერო გამოცემებისკენ იხრება. წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ შთამბეჭდავ ტირაჟზე ოცნებას უნდა დავემშვიდობოთ. ასეთ შემთხვევაში, იქნებ უკეთესი იყოს, ამთავითვე ხელნაწერის `მეცნიერების” რედაქციაში გადაგზავნა, იქ ის ასი წლის განმავლობაში იდება და მერე გამოვა ცალი ას დოლარად, თუკი, ღმერთმა ქნას და, რომელიმე ბანკი დაასპონსორებს. ვიმეორებ: არ შეიძლება ისტორიაში ჩარევა სკანდალური იურიდიული შედეგებით. წაგათრევენ სასამართლოში, ტირაჟის კონფისკაციას მოახდენენ, ეს ხომ პორნოგრაფია არაა, რომელსაც ასეთი რამ ეხმარება კიდეც იატაკქვეშა გაყიდვებში, არა, ეს იქნება უიმედო კონფისკაცია ამ სიტყვის სრული და საშუალო გაგებით. შესაძლოა, ათიოდე წლის შემდეგ საავტორო უფლებები რომელიმე საგამომცემლო ვეშაპმა იყიდოს, მაგრამ იმ დროისთვის ჩვენ ბევრი გასავალი და ცოტა შემოსავალი გვექნება. გულდასაწყვეტია, რადგან წიგნი კარგადაა დაწერილი. თუმცა, რად გვინდა ამდენი უსიამოვნება? უმჯობესია, უარი ვთქვათ გამოცემაზე.

 

ალიგიერი დანტე; "ღვთაებრივი კომედია”

ალიგიერის ნაშრომი ტიპურად დილეტენატურია (ფარმაცევტული კორპორაციის წევრი ალიგიერი თავისუფალ დროს თავის ჰობის _ მწერლობას ანდობდა ხოლმე თავს), მიუხედავად ამისა, ტექნიკურია და ავლენს უდავო შემოქმედებით ჟინს. ორიგინალური დეტალი: წიგნი თავიდან ბოლომდე დაწერილია ფლორენციულ ვულგარულ დიალექტზე. ტექსტი შედგება ასი თავისგან _ კანტონისაგან, გარითმული სტროფი კი _ სამი ტაეპისაგან. ნაწარმოების ბევრი ადგილი ნამდვილი ინტერესით იკითხება. ასე, წვრილმანებში თვალს გვტაცებს ასტრონომიული ფენომენების აღწერა და შეკუმშული, მაგრამ წონადი, ღვთიური ხასიათის აზრები. ყველაზე მსუბუქად საკითხავი და პოპულარულია ნაწარმოების მესამე ნაწილი იმის გამო, რომ საყოველთაოდ გასაგებია და მიესადაგება ყველაზე უფრო გავრცელებულ სამკითხველო მოთხოვნილებებს: სულის ხსნა, ღვთაებრივი ჩვენება, წმინდა ქალწულის ლოცვა. ამ შთამბეჭდავი ფინალის ფონზე მით უფრო არეულად და არაორგანულად გამოიყურება წიგნის თავდაპირველი მესამედი თავისი უგერგილო მეტანიებით მძიმეწონიანი სექსიდან დაწყებული ტანჯვა-წამების ნატურალისტური აღწერითა და საზიზღარი სკაბრეზულობით დამთავრებული. სამწუხაროა, რადგან ამ პირველი წიგნის გამო ბევრი რამ ფუჭდება მთლიანობაში. ძალიან უნდა გინდოდეს ბოლომდე ჩასვლა, რომ გააღწიო ამ ბუნდოვანი ფანტასტიკის უღრანიდან. დავამატებთ, რომ ავტორის იდეების უმეტესობა უკვე არაერთხელ მუსირებდა საიქიოს შესახებ პუბლიკაციებში და ცოდვის ბუნების შესახებ დაწერილ ელემენტარულ ტრაქტატებში. ტექსტში უკეთესი ლავირებისთვის აიღეთ თუნდაც იაკობ ვარაგინსკის `ოქროს ლეგენდა”, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მოცემულ ტექსტს.

უფრო პრობლემურია დიალექტზე (ავანგარდული მოდის მოტანილი) აქცენტირება, რომელიც ტოსკანის ცენტრალურ რაიონში არსებობდა. არავინ დავობს, რომ არაერთი გამომსახველობითი რეზერვი, სასაუბრო ენაში ჩაკარგული, მათ შორის არგოშიც, აუცილებელად უნდა რეალიზდეს. ამ მიმართულებით მუშაობეს ბევრი და არამარტო ავანგარდული ჯგუფები. მაგრამ გონივრული სიფრთხილის პირობებში. სხვაგვარად განმეორდება `სიცილიური ლირიკის” იტორია, რომელიც დამთავრდა იმით, რომ გამომცემელმა ველოსიპედით დაიარა ქუჩის ჯიხურები, რათა ტირაჟს დახმარებოდა. ამ დონეზე ღირს წიგნის ტოსკანური დიალექტით გაბერვა, და გამოცემისთანავე მოგვაწყდებიან დიალექტური ავტორები ფერარიდან, ფრიულიდან და ა.შ. საერთოდაც, ეს ბაზრის მარკეტინგის გატარებას ხელს არ უშლის, შეიძლება, ასეთ სვლას პერსპექტივაც ჰქონდეს. მაგრამ მსგავსი ნაძალადევი ცდებისთვის ხომ პაწია მოდერნისტული ექსპერიმენტებიც ოპტიმალურია და არა ისეთი, როგორიცაა ჩვენი სარეცენზიო ლიტერატურული დინოზავრი. მე პირადად რითმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ პუბლიკის უმეტესობა უპირატესობას ანიჭებდა, ანიჭებს და მიანიჭებს ვერლიბრს. შეუძლია კი ნორმალურ ადამიანს დაძლიოს ძველმოდური ტერციების მთა-გორები, მით უფრო, ფლორენციულ დიალექტზე, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობენ რომში ან მილანში დაბადებული მკითხველები? უკეთესი იქნებოდა მკითხველთა ფართო წრისათვის მცირეხარჯიანი რეგიონული სერიის პროექტის დამუშავება. დავიწყოთ დეცინა მაგნა ავზონიას `მოზელის მხარით,” ან `მოდენის გუშაგთა სიმღერით”, `კაპუანის ქარტიის” მსგავსი გამოკვლევა (საო კო კელლე ტერრე და სხვა). და გადავცეთ ავანგარდისტულ გამომცემლობას.



ტასო ტორკვატო; "განთავისუფლებული იერუსალიმი”

ჩვენ წინაშეა ხარისხიანი ლიტერატურული პროდუქტი, თანამედროვე ჭრილში `გარდათქმული” სარაინდო რომანების ჟანრი. `გულკეთილი” ნაწერია, სიუჟეტში კი ბევრი რამ ნოვატორულია. ავტორი გრძნობს, რომ დროა, გამოვიდეს დასაჭურისებული ბრეტონულ-კაროლინგური შტამპებიდან. მაგრამ ყველაფერი დეტალურად შევაფასოთ. ავტორის მიერ აღწერილი ამბავი საკმაოდ მძიმეა აღსაქმელად. სათაურიც კი, როგორც ჩანს, არაერთგვაროვანია. ამ ნარატივის წინა პლანზე იკვეთება ჯვაროსნული ლაშქრობები, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის მათზე, მაგრამ რა კონტინგენტი უნდა მიიზიდოს ღრმად რელიგიურმა თემამ, ჩემთვის უცნობია.

ცხადია, შეგვიძლია დავეყრდნოთ კრიტიკის განყოფილებას ჟურნალებში `ქრის-ტიანული ოჯახი” და `ოჯახის და სკოლა”, მაგრამ აქ ერთ სირთულეს ვაწყდებით: მართებულია კი საოჯახო საკითხავ წიგნში აქა-იქ გაფანტული მოურიდებელი, მეტიც, ფრივოლური ეპიზოდები? რაც უნდა იყოს, მე მაინც მხარს ვუჭერ, ოღონდ ერთი პირობით, რომ ავტორი დაუბრუნდება ტექსტს და მიიყვანს ყველსათვის მისაღებ კონდიციამდე. ავტორთანაც მქონდა საუბარი და არ გამორიცხავს მსგავსი გადამუშავების შესაძლებლობას.



დიდრო დენი; `უზომო სიმდიდრე”, `მონაზვნები”

ვაღიარებ, იმ ორი (ჩემდამი გამოგზავნილი) ხელნაწერიდან არცერთი გულდასმით არ წამიკითხავს. ჰო, ამას ვაღიარებ, მაგრამ აქვე ვიტყვი: პროფესიონალისთვის ნათელია, რომ ის იმსახურებს წაკითხვას.

სახელი- დიდრო- მეცნობა, მახსენდება კიდეც: ის მუშაობს ენციკლოპედიაში და ჩვენს წიგნებს კორექტურაზე ხშირად   მასთან აგზავნიან. ახლა ის რაღაც მრავალტომიან პროექტს დატრიალებს, რომელიც, ჩემი აზრით, საუკუნის ბოლომდე არ იქნება რეალიზებული. ის სვამს მხატვრებს საათის კბილანებისა და ხალიჩის ქსოვილების სახატავად და ძალიან მალე, ეჭვიც არ მეპარება, რომ თავის გამომცემელს გააღატაკებს. მოკლედ, ეს მომაკვდინებელი ფლეგმა ვინმეა. და მითუფრო დაუჯერებელია, რომ "ფიქშენის” დარგში მას შეეძლო რაღაც მეტ-ნაკლებად სასარგებლო გაეკეთებინა. მსგავსი ტიპი აბსოლუტურად გამოუსადეგარია ჩვენი სერიისათვის, რომელსაც შეთვისებული აქვს საკმაოდ საჩოთირო რამე-რუმეები რეტიფ დე ლა ბრეტონის სტილში. 




სად დ.ა. ფრანსუა; "იუსტინა”

ხელნაწერი ხელთ იმ დროს ჩამივარდა, როცა ძალიან უხასიათოდ ვიყავი და სიმართლე გითხრათ, მომიწია, ზერელედ გადამეკითხა. გადაშლი პირველად _ მრავალგვერდიანი ნატურფილოსოფიაა ათასი თემის გარშემო წიაღსვლებით. არსებობისათვის ბრძოლის სისასტიკის შესახებ, მცენარეთა რეპროდუცირების, ცხოველთა სამყაროს შესახებ. მეორეჯერ თვალში მომხვდა თხუთმეტი გვერდი სიამოვნების არსის შესახებ, გრძნობებისა და წარმოსახვების და ა.შ. შესახებ. მესამედ, მთელ ოც ფურცელზე სქესთა შორის ურთიერთობის პრინციპების შესახებ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. მგონი, საკმარისია. სამეცნიერო პუბ-ლიკაციებით არ ვკავდებით.

პუბლიკას ჩვენს დროში ჭირდება მხოლოდ სექსი, სექსი და კიდევ ერთხელ სექსი. და რაც მრავალგვარი იქნება, მით უკეთესი.

ჩვენ ჩვენი გზა მოვნახეთ, როცა გამოვეცით "კავალერ დე ფობლაზის სასიყვარულო თავგადასავალი.” ფილოსოფიური თხზულებები გადაუგზავნეთ გამომცემლობა `მეცნიერებას.”



სერვანტესი მიგელ; "დონ კიხოტი”

ეს უკიდურესად უსწორმასწორო და ალაგ-ალაგ გაუვალი წიგნი აღწერს ერთი ესპანელი აზნაურისა და მისი მოსამსახურის ხეტიალს ფანტასმაგორიულ ილუზიებში. აზნაურ-გმირს, როგორ მე გავიგე, თან სდევს იმედგაცრუება. ეს კარგად ჩანს, რადგან ხასიათი ძალიან ტევადი და ცოცხალი გამოვიდა. სერვანტესი, უნდა ითქვას, შესანიშნავი მთხრობელია. გმირის მიამიტი მოსამსახურე ჭკუა-გონებით დიდად ვერ დაიკვეხნის. რაც მართალია, მკითხველი მასთან იდენტიფიცირებას იოლად შეძლებს, მითუფრო, რომ შეუძლებელია არ უკუაგდოს მთავარი გმირის სიგიჟე. აი, ესაა მთელი სიუჟეტი. მოთხრობილია საკმაოდ საინტერესოდ, არის მოქმედებიდან მოულოდნელი გადახვევები და სისხლხორციანი, შთამბეჭდავი დეტალები. ასეა. მაგრამ ამის მიუხედავად, თავს ნებას მივცემ, გამოვიდე სუბიექტური სიმპათიების საზღვრებიდან და რამდენიმე მოსაზრებაზე გავამახვილო ყურადღება. ჩვენ გვაქვს ერთი უწყინარი სერია “გამოუგონარი ამბები, სადაც გამოვაქვეყნეთ, და როგორც ცნობილია, საკმაო წარმატებით, “ამადის გალიც”, “გრაალის ლეგენდაც”, “რომანი ტრისტანისა”, “ლეი ბულბულისადმი”, “რომანი ტროის შესახებ”, “ერეკი და ენეიდა”. ახლა გვაქვს შემოთავაზება “საფრანგეთის სამეფო გვარის” გამოცემაზე, ერთი დამწყები დი ბერბერინოსაგან. ეს წიგნი, გული მიგრძნობს, ბესტსელერი გახდება და რაზეც გინდათ, დაგენაძლევებით, რომ მიაღწევს “წლის წიგნის” პრემიამდე იმიტომ, რომ მსგავსი საკითხავები ხალხში პოპულარობით სარგებლობს. ახლა ამ კუთხიდანაც შევხედოთ სერვანტესის ნაწერს. საკუთარი საგამომცემლო ხაზის სრული პროფანაცია. ამ რომანთან შედარებით ჩვენი დღემდე გამოცემული წიგნები წარმოუდგენელი სისულელე იყო. გამოდის, რომ თავი ნებით ჩავიძირეთ, ვერანაირი ბეჭდვის თავისუფლება და პლურალიზმი ვერ შეძლებს ასეთი პროფესიონალური ხარაკირის გამართლებას. რატომ?

ავტორი ცოტა ხნის წინ გამოუშვეს ციხიდან. როგორც ჩანს, ის მთლად საუკეთესო ფორმაში ვერ უნდა იყოს, რაღაცა _ ხელი თუ ფეხი _ ჩამოაჭრეს. ყოველ შემთხვევაში, გაგრძელებაზე სამუშაოდ ნამდვილად არ ემზადება, ასე რომ, დიდ ტირაჟზე საუბარი ვერ იქნება.

 

მანძონი ალესანდრო “დაწინდვა”

რომანი-ეპოპეები ყოველთვის მშვენივრად იყიდებოდა, ამ ბოლო დროს კი, როგორც ამბობენ, მსგავსი ტიპის წიგნების ტირაჟმა აპოგეას მიაღწია. თუმცა, რომანიც არის და რომანიც. თავის დროზე რომ გვეყიდა ბაცონის “ტრეცოს მონასტრისა” და კანტის “მარგარეტ პუესტერლას” საავტორო უფლებები, ახლა ტვინის ჭყლეტა აღარ მოგვიწევდა ჯიბის სერიის ფორმირებაზე. აი, წიგნები, რომლებიც იკითხებდა, იკითხება და წაიკითხება ორასი წლის მერეც იმიტომ, რომ ის მიმართულია მკითხველის სულისკენ, იმიტომ, რომ ენა უბრალო და დამაჯერებელია. იმიტომ, რომ ყველაფერზე ძვირფასი ავტორთათვის თავიანთი პაწაწინა სამშობლოა, ეს კი ყოველთვის ხიბლავს მკითხველს. ბოლოს კი იმიტომ, რომ ამ წიგნებში საუბარია თანამედროვეობაზე, მართალია, პრობლემურსა და დრამატულზე, მაგრამ ჩვენთვის ახლობელსა და გასაგებზე (ფეოდალური შუღლები, კლასობრივი ანტაგონიზმი).

ეს ყველაფერი სულაც არ ეხება მანძონის. დავიწყოთ იმით, რომ ის სიუჟეტს ავითარებს მე-17 საუკუნის ანტურაჟში, ეს პერიოდი კი ყველაზე მწირია. დავამატებ, რომ ის მეტად საეჭვო ლინგვისტურ ექსპერიმენტს ატარებს, ჯამში, საკუთარ ენას “იმუშავებს”, არც წყალი, არც ღვინო, რაღაცა, ფლორენციულისა და მილანურის ნაზავს ჰგავს. გული დამწყდება, თუ ახალგაზრდობა მას მიბაძავს. მაგრამ ეს არაა მთავარი შეცდომა: მაშ ასე, ჩვენი ავტორი გვთავაზობს რაღაც კვაზიხალხურ, შაქარყინულოვან რომანს გმირების შესახებ, რომელთაც ვერაფრით შეძლეს ადგილობრივი მიწათმფლობელის შვილების შერთვა. ბოლოს კი მაინც რაღაცნაირად დაქორწინდნენ და “ჰეფი ენდის” ჟამიც ჩამოდგა. ექვასი გვერდისათვის ცოტა ხომ არაა? ამ ფონზე კი წინ და უკან გვეჩეხება მორალისტური შეგონებები (კონტექსტიდან ამოვარდნილი ტექსტები _ არაიშვიათად) და იაფფასიანი პესიმიზმი (ავტორი მას “იანსენიზმად” ნათლავს, შეიძლება ასეც იყოს, არ ვიცი).

მკითხველისათვის გამოცხობილია ყოვლად გაუგებარი პასაჟები ადამიანურ სისუსტეებსა და ეთნონიჰილიზმზე, მაშინ, როცა ის ელოდება ჰეროიკულ თემებს, მგზნებარე ენთუზიაზმს მანძინისა და კავურას მუღამში და არავითარ შემთხვევაში _ სოფიზმებს “მონათა ნაციის” შესახებ, რომელსაც მე პირადად ბატონ ლამარტინს დავუტოვებდი. ინტელექტუალურ წიაღსვლებს, ყოველ ნაბიჯზე გართულებებს არასოდეს მოუტანია კარგი შედეგი წიგნის გაყიდვისთვის. 

დავუბრუნდეთ უკანასკნელი რამდენიმე წლის “ანთოლოგიებს” და ვნახავთ, რომ რომანიოზიმ ორ გვერდზე ზედმიწევნით გაანადგურა თვით იმ ჰეგელის საბავშვო ტიტინი, რომელსაც გერმანიაში პირველ ნომრად თვლიან. ჩვენს პუბლიკას ეს სულაც არ სჭირდება. არა, არ სჭირდება რომ ნაწარმოები სავსე იყოს ავტორის გროშადღირებული ფილოსოფიურობის შემცველი უკლონებით, ან უარეს შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოვარდნილი ტექსტური ნაკუწებით: მე-17 საუკუნის რომელიმე მანიფესტი, მეცნიერული საუბარი ნახევარლათინურად, ფსევდოხალსური ტირადები, რაღაცა ისეთი, შუტა ბერტოლდოს საუბრებს რომ ჩამოჰგავს. ხალხს სჭირდება დადებითი გმირი. სულ ახლახანს წავიკითხე ქორფა, დასამახსოვრებელი წიგნი “ნიკოლა დე ლაპი”. ამის მერე განსაკუთრებით გამიძნელდა “დაწინდვის” დაძლევა. პირველივე გვერდიდანვე ჩანს ავტორის დილეტანტობა, არ იცის, რით დაიწყოს და დაამთავროს. შემდეგ იძირება სრულიად შემთხვევითი პეიზაჟის დაუსრულებელი აღწერით, იხლართება ლაბირინთულ სინტაქსში, მკითხველს თრგუნავს, იმის ნაცვლად, რომ მშვიდად დაიწყოს რაღაც ამდაგვარ სტილში: “ერთ მშვენიერ დღეს ქალაქ კოტოს გარეუბანში...” ღმერთმა ხელი მოუმართოს. ყველა ხომ არ იბადება მთხრობელად, ყველას ხომ არ შეუძლია შეეჭიდოს იტალიურ ლიტერატურულ ენას. მეორე მხრივ, რაღაც პლუსები ამ წიგნს მართლაც აქვს, მაგრამ ეს სულაც არაა საკმარისი წიგნის თუნდაც პირველ გამოცემის გასაყიდად.



პრუსტი, მარსელ. “დაკარგული დროის ძიებაში”

უდაოდ, ჩვენ წინაშეა ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იდეა. ტექსტი ძალიან დიდია, მისგან შეგვიძლია “ჯიბის სერიისათვის” უამრავი გამოშვება გავაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის დარედაქტირება მოგვიწევს, ყოველ შემთხვევაში _ პუნქტუაციის. ტექსტი არაა აბზაცებად დაყოფილი, მეტიც, ავტორი წინადადებებს შორის წერტილებს არც კი სვამს (მანდ ფრაზებია, ზოგი ორ გვერდზეა გადაჭიმული). თავად თუ არ დაარედაქტირებს, არც კი ვიცი, ვინ უნდა გააკეთოს ეს მისთვის.


არადა, უამწიგნობაც არ გამოვა.



კანტი, იმანუილ. “წმინდა გონების კრიტიკა”

ეს წიგნი ვიტორიო სალტინის მივეცი და პასუხად მივიღე, რომ კანტი ძალიან აზვიადებს. მაინც არ დამეზარა და გადავხედე. ჩვენს ფილოსოფიურ არჩევანს შეიძლება, კარგად მოერგოს მორალისტურ თემაზე დაწერილი ეს მცირე წიგნი. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რომელიმე უნივერსიტეტი მას თავის სტუდენტებთან გაუწევს რეკომენდაციას. პრობლემას ის ქმნის, რომ გერმანული გამომცემლობა გვაიძულებს მასთან ერთად შევიძინოთ მომდევნო წიგნიც, ეს კი ორი უზარმაზარი ტომია, და თან ის მომდევნო წიგნი კანტს ჯერ არ დაუწერია. ხელოვნებაზე ან სამსჯავროზე, ზუსტად ვერ დავიმახსოვრე. ამ წიგნებს ლამის ყველას ერთი დასახელება აქვს. ესე იგი, ის უნდა რეალიზდეს კომპლექტში, ერთ ქეისში. თუ ასე არ ვიზამთ, ხალხი დაიფანტება და დაიწყებს მოთქმას, რომ მან ეს უკვე იყიდა ა.შ. მოკლედ, შეიძლება ისე დამთავრდეს, როგორც დომინიკანელთა “კრებაშია”, რომელის თარგმნაც, სხვათა შორის, დავიწყეთ და მერე “გამომცემელთა კონცერნს” გადავუგზავნეთ, რადგან ძვირი გვიჯდებოდა. საქმის გასაიოლებლად გერმანულმა გამომცემლობამ შემოგვთავაზა, გამოგვეწერა კანტის მცირე ნაშრომები, მაგრამ მათი რიცხვი უსასრულოა, თემატიკა კი მოიცავს ყველაფერს, მათ შორის ასტრონომიასაც. გუშინწინ ავტორს პირდაპირ კენიგსბერგში დავუკავშირდი, რომ “გონების” ცალკე გამოცემაზე დალაპარაკებოდი. თვითონ არ დამიხვდა, მსახურმა კი მითხრა, რომ ხუთიდან ექვს საათამდე დარეკვა არაა მიღებული, რადგან ხალხი სეირნობს, ხოლო სამიდან ოთხამდე დარეკვა იმიტომაა მიუღებელი , რომ ამ დროს ხალხს სძინავსო. მოკლედ, იმას მივხვდი, რომ ამ წესრიგზე გადაგებულ ხალხს არ უნდა დაუკავშირდე, ძვირში ვარდები.




კაფკა, ფრანს; “პროცესი”

მშვენიერი წიგნია, დეტექტივი მცირედი ჰიჩკოკური გადახვევებით. ფინალში მშვენიერი მკვლელობა ხდება. ერთი სიტყვით, წიგნი თავის მკითხველს იპოვის. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ავტორი რაღაცნაირი ცენზურის ქვეშ იყო მოქცეული. რატომაა გაუგებარი მინიშნებები? რატომ არ ჰქვიათ გმირებსა და მოქმედების ადგილს თავიანთი სახელები? და რა მიზეზით მიმდინარეობს ეს პროცესი? საფუძვლიანად უნდა განათდეს ბნელი ადგილები, დაკონკრეტდეს აღწერა, მოვიტანოთ ფაქტები, ფაქტები და კიდევ ერთხელ ფაქტები. გაძლიერდეს სასპენსი. ახალგაზრდა მწერლები მიიჩნევენ, რომ უფრო მაგარია “ერთი ადამიანი”-ს ნაცვლად დაწერო “ბატონი ესა და ეს ამა და ამ ადგილას ამა და ამ საათზე” და ფიქრობენ, რომ ეს პოეტურია.

 კეთილი! თუ გაასწორებთ, გაასწორეთ. თუ არადა, ვბლოკავთ.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული