• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

მკაცრი იზოლაცია სიკვდილს მომავალში გადაავადებს

×
ავტორის გვერდი იოჰან გიზეკე 05 მაისი, 2020 1769

ინტერვიუს უძღვება იოჰანეს პერტერერი

 

იოჰან გიზეკე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული შვედი ეპიდემიოლოგია, შვედეთის მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი. მკაცრ იზოლაციას იგი უაზრობად მიიჩნევს, კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვას კი - უიმედოდ. პოლიტიკოსებს სურთ, პანდემია თვითპროფილირებისთვის გამოიყენონ და მიმართავენ ღონინისძიებებს, რომლებიც მეცნიერულად დაუსაბუთებელია.

 

პროფესორო გიზეკე, ავსტრია ახლა იღვიძებს მრავალკვირიანი მკაცრი იზოლაციიდან. რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ავსტრიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ადამიანების მკაცრ იზოლაციას მიმართა? რატომ დაადგა შვედეთი სხვა გზას?

ჩვენ ადრევე გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ უეჭველობაზე დაფუძნებული ზომებისთვის მიგვემართა. არის მხოლოდ ორი ღონისძიება, რომელსაც მართლაც მეცნიერული საფუძველი გააჩნია. პირველი ხელების დაბანაა. ეს რომ საჭიროა, იგნაც სემმელვაიზის 150 წლის წინანდელი შრომებიდან ვიცით. მეორეა სოციალური დისტანცია, რომლის ქმედითობაც ასევე დამტკიცებულია. ჩვენ ეს ორი რამ ვიცით და შვედეთის ხელისუფლების პოლიტიკის საფუძველიც ეს იყო. მრავალ ღონისძიებას, რომელსაც ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებმა მიმართეს, მეცნიერული საფუძვლები არ გააჩნია. მაგალითად, საზღვრების ჩაკეტვა უაზროა და საქმეს არ შველის. ადამიანები ყველა საზღვარს კვეთენ, საზღვრების ჩაკეტვით ეპიდემიის აფეთქების გადავადებას მხოლოდ ორი ან სამი დღით თუ მოახერხებთ. სკოლების დაკეტვაც არასდროს ყოფილა ეფექტური. გარდა ამისა, ხალხს ეუბნებიან, რომ შინ დარჩეს. ეს სისულელეა, რადგან დაინფიცირების რისკი ბევრად დაბალია, როცა გარეთ იმყოფებით. მხოლოდ ერთობ არასაკმარისი მტკიცებულებები არსებობს პირბადეების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შვედეთში ყოველ 100 000 ადამიანზე სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე - ავსტრიაში, და ხუთჯერ მეტი, ვიდრე - ნორვეგიაში. არ მიუთითებს ეს იმას, რომ შვედეთი მცდარ გზას დაადგა?

არა, რადგან ავსტრიაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, როცა იძულებითი იზოლაცია დასრულდება. ადამიანების გამომწყვდევით თქვენ დაღუპულები მხოლოდ მომავალში გადაავადეთ. გარდაცვლილთა რაოდენობაზე ერთი წლის მერე უნდა ვისაუბროთ და ერთმანეთს შევადაროთ ავსტრია და შვედეთი. მაშინ რაოდენობა თითქმის თანაბარად მაღალი იქნება, იმ განსხვავებით, რომ შვედეთის ეკონომიკა შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ეს თქვენთვის იმას ნიშნავს, რომ ავსტრიის ეკონომიკისთვის იძულებითი იზოლაცია უაზრო იყო?

დიახ, და ამ ჭრილობას ეკონომიკა კიდევ დიდხანს ვერ მოიშუშებს. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ეს დაავადება ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს ძირითადად უსიმპტომოდ გადაეცემა. გავრცელების 70-დან 90 პროცენტს ვერ ვამჩნევთ, რადგანაც დაავადებულებს არავითარი სიმპტომი არ აქვთ. რასაც ჩვენ ვხედავთ, პირამიდის წვეროა. ჩვენ ვხედავთ ავადმყოფობის მცირედ შემთხვევებს და - მძიმედ დაავადებულთა კიდევ უფრო ნაკლებ შემთხვევებს. მაგრამ ნამდვილი ეპიდემია ჩვენთვის დაფარული რჩება.

თქვენი შეფასებით, რამდენად მაღალია COVID-19 ით გარდაცვალების მაჩვენებელი?

მე დაახლოებით 0,1 ან 0,2 პროცენტს მოველი, ანუ სიკვდილიანობის იგივე რაოდენობას, როგორც - გრიპის შემთხვევაში. მე ვფიქრობ, შეიძლება გრიპის ვირუსთან ამ ვირუსის შედარება, ეს უკანასკნელი შესაძლოა ოდნავ უფრო საშიში იყოს. გრიპი რომ ახალი დაავადება ყოფილიყო, რომელიც ჯერ არავის შეყრია და ქვეყნად უეცრად გაჩენილიყო, ქვეყნების უმეტესობის რეაქცია სწორედ ისეთი იქნებოდა, როგორიც ახლა კორონავირუსის შემთხვევაშია. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, ყოველწლიურად გრიპით რამდენი იღუპება. ავსტრიაში ეს რიცხვი წელიწადში 1500-ია, და მრავალი შემთხვევა არც კი აღირიცხება. გრიპის სეზონებს შეჩვეული ვართ. ჩვენ ამას ვაღიარებთ, და ეს მართლაც საინტერესოდ მიმაჩნია, რადგან გრიპის პრობლემა ძალიან ჰგავს კორონავირუსის პრობლემას.

თუ ვირუსი, თქვენი შეფასებით, უვნებელია, როგორ ხსნით გარდაცვლილთა მაღალ მაჩვენებელს იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში?

იტალია და აშშ ვირუსს ძალიან ცუდად მომზადებულები შეხვდნენ და არ დაიცვეს თავიანთი რისკის ჯგუფები.

დებატებისას ბოლოს ბევრი ითქვა „უროს და ცეკვის“ პრინციპზე - საზოგადოებას ჯერ ამწყვდევენ, მერე ათავისუფლებენ, ხოლო როცა დაინფიცირების შემთხვევები იმატებს, ისევ ამწყვდევენ. შვედეთი შუალედურ გზას ირჩევს?

შვედური პოლიტიკის მთავარი საყრდენი ყოველთვის ის იყო, რომ ხალხი სულელი არაა. როცა თქვენ ხალხს ეუბნებით, თუ რა არის მისთვის უმჯობესი და როგორ შეუძლიათ თავის დაცვა და როგორ შეუძლიათ სხვების დაცვა, როგორც წესი, აკეთებენ კიდეც ამას. ჩვენ არ გვყავს ქუჩაში პოლიცია, რომელიც გეტყვით, რომ სახლში უნდა წახვიდეთ. როდესაც გარეთ ვინმეს ხვდებით, თქვენ აქ არ გაქვთ მაღალი ფულადი ჯარიმების შიში, ეს ხომ სასაცილოა. მაგრამ შაბათ საღამოს, 21 საათზე რომ გაიაროთ სტოკჰოლმში, ქუჩები თითქმის ცარიელია. არა იმიტომ, რომ გარეთ გამოსვლა აკრძალულია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები შინ რჩებიან. ისინი თავიანთ ოჯახებთან ერთად არიან, რაღაც ზომით თვითიზოლირდებიან. სტოკჰოლმის ცენტრში ბევრი რესტორანია ღია, ზოგი - დაკეტილი. იმიტომ კი არა, რომ რაღაც კანონია ასეთი, არამედ - იმიტომ, რომ კლიენტი არ ჰყავთ. სინამდვილეში ქვეყნებს შორის არც ისე დიდი განსხვავებაა.

თქვენ ამბობთ, რომ ვირუსი ევროპაში მთავრობების მიერ იმაზე მეტად სახიფათოდაა შეფასებული, ვიდრე სინამდვილეშია. მაშინ რატომ აკეთებენ მთავრობის მეთაურები იმას, რასაც აკეთებენ?

საქმე პოლიტიკას ეხება. პოლიტიკოსებს ქმედითუნარიანობის, გადაწვეტილების ძალმოსილების, პირველ რიგში კი ძლიერების დემონსტრირება სურთ. ჩემი საუკეთესო მაგალითი ამისთვის ისაა, რომ აზიურ ქვეყნებში ტროტუარები ქლორით ირწყვება. ეს სრულიად უსარგებლოა, მაგრამ ეს იმის მაჩვენებელია, რომ ძალაუფლების ორგანოები და სახელმწიფო რაღაცას აკეთებენ, ეს კი პოლიტიკოსებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

რა არის შვედური სტრატეგიის მთავარი მიზანი? მრავალი ექსპერტის აზრით, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევას ძალიან ბევრი ადამიანი ეწირება, ამიტომ საჭიროა ვირუსის მაქსიმალურად შეკავება, სანამ ვაქცინა შეიქმნება.

კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შვედეთში ირიბი შედეგი იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტისა, რომელიც რისკის ჯგუფების დაცვაში მდგომარეობს. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის შეიქმნება ვაქცინა და რამდენად საიმედო იქნება იგი. ჩვენ არც ის ვიცით, დაინფიცირების მერე ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი გამომუშავდება თუ არა და თუ გამომუშავდება, რამდენ ხანს გასტანს. როგორც წესი, ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი აცრაზე უკეთესია. მაგრამ, თუ გამოირკვევა, რომ ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი ბუნებრივად არ გამომუშავდება, მაშინ ვის შეუძლია თქვას, რომ ამ აცრას დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია?

იმის თქმა გსურთ, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოდ წაგებულია?

დიახ. ეს ვირუსი გავრცელდება. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა იმას, თუ რას მოიმოქმედებენ ქვეყნები. ვგულისხმობ, რომ, თუ გსურთ, შეგიძლიათ, ავსტრია ორი წლით გამოკეტოთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს შეძლოთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩინეთში ამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ დასავლურ დემოკრატიაში ხალხი ამბოხდება.

შვედეთის მთავრობამაც დაუშვა პანდემიისას შეცდომები?

დიახ. ჩვენ მოხუცებისა და მოწყვლადი პირების დასაცავად ზომების მიღება გარკვეულ ეტაპამდე დავაგვიანეთ. ჩვენ გვაქვს ვირუსის აფეთქებები თავშესაფრებსა და იმ ადამიანთა სახლებში, რომელებიც აფეთქების დასაწყისში უკეთ უნდა ყოფილიყვნენ იზოლირებულნი.

თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ეს პანდემია?

ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, როგორი გადამდებია ეს დაავადება და როგორი რთულია მისგან თავის დაცვა. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ერთ წელიწადში მეტწილად უკან მოვიტოვებთ.

24.04.2020

 

გერმანულიდან თარგმნა კესარია მეგრელიშვილმა

 

წყარო:

https://www.addendum.org/coronavirus/interview-johan-giesecke/?fbclid=IwAR2PMm0RbBaWAfqHBvV3t13wko9X1TKiHiI6VJfaAdI1SXh-tdVGb7K_d8k

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული