• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

სამი სინთეზი

×
ავტორის გვერდი დავით გალაშვილი 25 სექტემბერი, 2019 3037

(ჟილ დელიოზისა და ფელიქს გატარის ანტი-ოიდიპოსის მიხედვით)

ცნობიერების შიზოანალიტიკური მოდელი აღწერს „მაშინას“, „მსურველ- მაშინას“, ხოლო ეს უკანასკნელი კი, მოქმედებს სამი სინთეზის მეშვეობით: მაკავშირებელი (ფროიდიანული ეროსი), დიზუნქციური (თანატოსი) და კონიუნქციური. ასევე  შეიძლება ამ სამი სინთეზის შედარება მარქსის ერთ -ერთ ფორმულასთან, რომლითაც ის აღწერს კაპიტალიზმის ფუნქციონირებას: ფული, საქონელი, ფული(MCM). დელიოზი და გატარი ფსიქიკის ამგვარი ფუნქციონირების „სინთეზებად“ მოხსენიებას კანტის ანალოგიით ახდენენ (აპერცეპციის სინთეზი).

პირველადი დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ სინთეზები არიან გზები გამოცდილების აგებისა და მისი კონსტრუირების (მეტიც, მათ აქვთ დაახლოებით იგივე დანიშნულება, რაც აღქმათა სინთეზებს ცოდნის კონსტრუირებაში კანტთან). „მაკავშირებელი“ „ინტერესდება“ ინსტიქტებითა და ლტოლვებით და იმ პროცესებით, რომლის განმავლობაშიც ისინი ობიექტს აღჭურვავენ ღირებულებით. თუ ამ ფაზას მარქსის ანალოგიას შევუფარდებთ, მაკავშირებელი  დაახლოებით იგივე რამაა რაც, ფულისა და საქონლის ტრანსფორმაცია კაპიტალად, რასაც ყველაფერი მოძრაობაში მოჰყავს. ასევე, ფროიდთან ანალოგიით, მას შესაძლოა სასიცოცხლო ინსტიქტიც ვუწოდოთ. დიზუნქციური მოიცავს ცნობიერებაში სიამოვნების, მეხსიერებისა და ნიშნის ფუნქციონირებას. მას ფროიდის მიხედვით შესაძლოა ვუწოდოთ „თანატოსი“. კონუნქციური სინთეზი კი, საბოლოოდ, თვითობის ფორმაციადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.                                        

 

მაკაშირებელი სინთეზი

  შესაძლოა ითქვას, რომ „მაკაშირებელი სინთეზი“ ყველაზე მარტივად არტიკულირებადია სამივე სინთეზთა შორის. ის გამომდინარეობს ფროიდიანული „კატეხიზმოს“ ცნებიდან.   სურვილი ერთმანეთთან აკავშირებს ორგანოებს. მაგალითად ჩვილის პირის მკერდთან კავშირი, ამგვარ „კავშირად“ შეგვიძლია ჩავთვალოთ. მაგალითად, ასევე, მიმართება პირსა და ბოთლს, პირსა და თითს, ამ უკანასკნელსა და თმის კულულს შორის. მაკავშირებელი სინთეზი ერთმანეთთან მხოლოდ „ნაწილობრივ ობიექტებს“(ორგანოებს) და არა მთლიან ორგანიზმს ან პერსონას აკავშირებს, ხოლო მიმართებები, რომლებიც წარმართულია მაკავშირებელი სინთეზით, ჰეტეროგენული და განგრძობითია. მაგალითად, თვალი აღიქვამს თმებს და შემდეგ ხედავს სახეს, შემდეგ მკერდს და კისერს; დელიოზი და გატარი მაკავშირებელ სინთეზს აღწერენ როგორც „ და...და...შემდეგ...და შემდეგ...“ სერიას, რომელშიც ერთი ორგანო უკავშირდება მეორეს, მეორე მესამეს და ასე... ამ პროცესის ინტერპრეტირება ასეც შეიძლება: „მაკავშირებელი სინთეზი არის პროცესი, სადაც სურვილი ექპლოატაციას უწევს სხეულს, რათა საკუთარი მიზნები განახორციელოს.“ როგორც დელიოზი და გატარი აღნიშნავენ: „სურვილი მიყვება იმავე გზას, რასაც პრიმიტიული აკუმულაციური პროცესი, პირველ რიგში, ის სხეულს დაშლის ორგანოებად და შემდეგ, ძალაუფლების მეშვეობით, შეისრუტავს მას.“ როგორც მარქსი შენიშნავს, დამქირავებელი მშრომელს ინდივიდუალურად უხდის და არა მთლიანად მუშათა კოლექტივს. სხეულის ნაწილებად დაშლით,   ის უფრო მარტივი სამართავი ხდება და ადვილად ექვემდებარება მაშინის რიტმს. მაკავშირებელი სინთეზი ორგანოებს საკუთარი ნების მიხედვით აწესრიგებს. ორგანოები არიან სამუშაო ძალის ექვივალენტურნი, რადგან ეს უკანასკნელი კაპიტალის დაქვემდებარებაშია (როგორც ორგანო მსურველი მაშინის დაქვემდებარების ქვეშ).

 

დიზუნქციური სინთეზი

     დიზუნქციური სინთეზი უფრო ჩახლართულია. ამბავი იმის შესახებ, რომ ცნობიერება შეიცავს „ჩამწერ- აპარატს“ არ არის ახალი. თვითონ ფროიდი ცდილობდა, რომ შეექმნა ცნობიერების იმგვარი მოდელი, რომელიც დაემყარებოდა „მისტიკური ბლოკნოტის“ ანალოგიას. უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ის ვარაუდობდა, რომ ლტოლვა წარმოქმნის იმ ობიექტის იმიჯებს, რომლითაც ჩვენ ადრე სიამოვნება მივიღეთ, თუმცა ამჟამად მათ ვერ ვეუფლებით. იმისათვის, რათა ცნობიერში „ჩაწერის“ პროცესი აიხსნას, საჭიროა საკმაოდ მნიშვნელოვანი კონცეპტი „სხეული ორგანოთა გარეშე“. იმდენად რამდენადაც ეს კონცეპტი მნიშვნელოვანია შიზოანალიზისთვის, ასევე რთულია მისი გაგებაც. ეს ცნება დელიოზმა პირველად გამოიყენა „ განსხვავებასა და განმეორებაში“. ამ ნაშრომის მიზანი იყო ის, რომ აღდგენილიყო „განსხვავების“ ცნება. დელიოზი აღნიშნავს, რომ განსხვავება პირველადი კატეგორიაა, ხოლო იდენტობა მეორადი და შესაბამისად დამოკიდებულია პირველზე. განსხვავება არის ის, რაც მოცემულია ონტოლოგიურად. განსხვავების ცნება კავშირშია განმეორების კონცეპტთან. განსხვავების მატერიალისტურ ონტოლოგიაში, ის რაც მეორდება არ არის იგივე, არამედ განსხვავებული.

   ფროიდისთვის განმეორება ცნობიერებისათვის ცენტრალური რამაა. ფროიდის თანახმად, განმეორებადობაზე იძულება სიამოვნებას ცნობიერების სიცოცხლის პრინციპად ხდის: ჩვენ ვიღებთ სიამოვნებას იმით, რაც ადრე ვპოვეთ სასიამოვნოდ. მაგრამ ფროიდის „თანატოსის“ მიხედვით ადამიანს სურს დაუბრუნდეს იგივე მდგომარეობას რაშიც ის იყო დაბადებამდე, რაც ნიშნავს დაუბრუნდე იგივეს და არა განსხვავებულს. თუ მექანიკური განმეორება ფიქსირებულია წარსულზე, განსხვავებულის განმეორების გაგება ნიშნავს ვარიაციებსა და იმპროვიზაციებს.  

     რაც შეეხება დიზუნქციას,  მისი ფუნქცია არის აღკვეთოს მაკავშირებელი სინთეზის მიერ განხორციელებული მიმართებები, რათა ახალი კავშირები გახადოს შესაძლებელი. დელიოზი და გატარი ამ პროცესს მიუსადაგებენ ცნებას anti-production. anti-production-ის გავლენა მაკავშირებელზე შემდეგნაირია: ის ანეიტრალებს ორგანო-მაშინის კავშირს და აკონსტრუირებს ზედაპირს, რომელზეც მოინიშნება მიმართებათა ქსელი, რომლებიც  ამ კავშირებს შორის გაჩნდა. იმის ნაცვლად, რომ თავად მანაც აწარმოოს კავშირები, ის მათ ზედაპირზე მონიშნავს, რომელსაც დელიოზი და გატარი წარმოგვიდგენენ, როგორც სხეული ორგანოთა გარეშე. ის რაც სხეული ორგანოთა გარეშეზე აისახება არის ორგანო-მაშინის კავშირთა ნიშნები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ, ან გვავალდებულებენ გავიმეოროთ გარკვეული ქცევითი მოდელი. მიმართებათა სისტემის ფორმაცია შესაძლებლობას გვაძლევს შევადაროთ ერთი კმაყოფილება მეორეს. დელიოზი და გატარი დიზუნქციას განიხილავენ როგორც მაკავშირებლის ტრანსფორმაციას იმ გაგებით, როდესაც დასრულებული „product“ და desiring-production გაიგივდება. კავშირი მკერდსა და პირს შორის დასრულდება, როცა ის აწარმოებს „პროდუქტს“, პროდუქტი ამ შემთხვევაში არის კმაყოფილება. სწორედ ამ დროს კავშირი ადგილს უთმობს დიზუნქციას, ხოლო ეს პროცესი აღინიშნება სხეული ორგანოთა გარეშეზე, როგორც კმაყოფილება. შესაძლოა ჩვილმა მკერდი არა ფსიქოლოგიური კმაყოფილების მიღწევის შემდეგ, არამედ სხვა მიზეზით განაგდოს. შესაძლოა მან თვალისა და სახის კონტაქტი არჩია, პირისა და მკერდის კავშირს, შემდგომ თითით თმის კულულსაც წაეთამაშა. ყველა შემთხვევაში დიზუნქცია მოქმედებს, როგორც ერთი ორგანო-მაშინის კავშირის აღკვეთად და მისი სხვა კავშირით ჩანაცვლებად. სხეული ორგანოთა გარეშე, სწორედ ის ათავისუფლებს საბოლოოდ ადამიანს ცხოველური ინსტიქტებით ფიქსაციისაგან.

  

                                                           კონიუნქციური სინთეზი

 მაკავშირებელი და დიზუნქციური სინთეზები ურთიერთქმედებენ, რათა პირველის შემთხვევაში არ მივიდეთ ინსტიქტურ დეტერმინაციამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში ორგანო-მაშინის სრულ ნეგაციამდე, სწორედ ეს პროცესი(ურთიერთქმედების) აფორმირებს თვითობას. Product- anti-production-ის მუდმივი მტრობა აყალიბებს თვითობის სპეციფიკურ ფორმას. როგორც ფროიდი აღნიშნავს, ნეუროტული და პერვერტი, ერთმანეთთან კორელაციაშია. ნეუროტული სუბიექტის ფორმირების დროს დომინირებს anti-production, ხოლო პერვერტის შემთხვევაში მაკავშირებელი სინთეზის დომინირებასთან გვაქვს საქმე. აღსანიშნავია, რომ სუბიექტი წარმოიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაკავშირებელი და დიზუნქციური სინთეზები დაიწყებენ ურთიერთქმდებას (after-effect). საგულისხმოა ის, რომ ნეუროტულობა, ან პერვერტობა არ არის ცნობიერი არჩევანი. სუბიექტი არის შედეგი ორი სინთეზის ურთიერთქმედების. მაგალითად, როდესაც ჩვილი განაგდებს მკერდს იმისათვის რათა ნაცნობ სახეს გაუღიმოს, ეს ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც არჩეული, თუმცა ის აკონსტრუირებს ჩვილს, როგორც თვითს. თუ წარმოების ენერგია გარდაიქმნა „ჩანიშვნის“(ის რაც სხეული ორგნოთა გარეშეზე აღიწერება) ენერგიაში, მაშინ ეს უკანასკნელი ტრანსფორმირდება როგორც „კონსუმაცია“ და სუბიექტი წარმოიშვება მსურველი-მანქანის გვერდით, რათა მოიხმაროს, გაერთოს ან იტანჯოს. ამგვარად კონიუნქციური სინთეზი აწარმოებს თვითს ან თვითობის  ფორმას.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული