ბებიაჩემი იმ პურის დანით მოკვდება





პოეზია

ბებიაჩემი იმ პურის დანით მოკვდება




*
 
ძილამდე ცოტა რომ მაკლია, მგონია, რომ ფეხები, ხელები, 
თითქმის მთელი ტანი მიდიდდება.
ეს იმდენად დამაჯერებელია, რომ ზოგჯერ ვამოწმებ, 
მართლა გადიდდა თუ არა.
 
შიგადაშიგ გაღვიძება ძილის დროს კონცენტრაციაში მიშლის ხელს
მთელი დღე კითხვა და აზრის ვერგამოტანა აუტანელია
მოწევის დროს სიგარეტის ახლოდან ყურება სახალისო
ნძრევის გამართლება ძილის გამოწვევის მიზნით სასაცილო
მეგობრებთან ერთად იპოდრომზე ვარჯიში სასურველი
 
არ მახსოვს ბოლოს იღლია როდის გავიპარსე
ნანახ არც ისე ღრმა ფილმებს თავიდან ვუყურებ
შუადღეს დაძინება ისევ სასიამოვნო
საღამოს გაღვიძება არც ისე 
 
ზეგ ისევ სამსახურში მივდივარ, ჩემი სმენაა 
 
 
 
 
*
 
სალამი უკანასკნელ გმირს
რომელიც ბოლოჯერ შეხვდება გათენებას,
რომელიც ბოლოჯერ დალევს ყავას და გააკეთებს იმას, რაც მისი მოწოდებაა, 
რაც მისი ბედისწერაა. ის ვერ შეხვდება მეგობარს და შეყვარებულს, ვერ წავა სხვაგან დილაობით, ადგომის დროს ის ხედავს ცარიელ ოთახებს, ლოგინებს, და მერე საუზმობს. ის წასვლას ჩქარობს. მან იცის, რომ უკანასკნელია, მან იცის, რაც უნდა ქნას. მას არ ეშინია.
 
 
 
 
კაუჩუკი
 
ყუთები - ძირს 
ნივთები, ჰაერში რომ ფარფატებენ, სანამ დაეცემიან - მაღლა 
კაუჩუკის ბურთები - ძირსაც და მაღლაც
 
კაუჩუკი წინ კედლისკენ და უკან ხელში 
ზევით ჰაერში და უკან ხელში
ქვევით იატაკზე და უკან ხელში,
წინ მინდორში და უკან აღარ
 
თუ დაიკარგა შენი ბრალია
არც იმ ადგილის ბრალია სადაც ისროლე
არც იმ დროის როცა ისროლე
რა მნიშვნელობა აქვს ბნელოდა თუ არა 
შორს ისროლე თუ ახლოს 
 
 
 
 
*
 
ბებიაჩემი იმ პურის დანით მოკვდება, 
რომლითაც დიდი ხანია მის სახლში პური იჭრება. 
შეიძლება მისმა ქმარმა შეიძინა ან ქმრის ბებიამ,
რომელიც ამ ბოლო დროს სულ ამ სახლშია, 
მას თავისი სახლი ენატრება, მაგრამ ვერ მიდის.
ბებიას „ბებოს“ არასდროს ვეძახდი. ის სახელგანთქმული 
იყო თავისი კერძებით, აკადემიური კარიერით და სილამაზით. 
სახლში მისი პორტრეტია, რომ ვაკვირდები, 
ძალიან პატარა ულვაშებს ვამჩნევ. 
მას სამი მეგობარი ჰყავს, ისინი ერთად დადიან სტუმრად. 
ბებიაჩემის და ბაბუაჩემის დაწყვილება მოსაწონი იყო, 
ბებიას ფრანგი კაცისთვისაც კი უთქვამს უარი და 
ბაბუას გაჰყოლია. ბაბუის და ბებიასავით მყავს, 
ის უფრო ზრუნავდა ჩემზე, მისგან ვხედავდი იმედგაცრუებულ სახეს, 
როდესაც რეპეტიტორთან დამყვებოდა და ესწრებოდა.
ბაბუ ადრე სულ სხვანაირი კაცი იყო, ამას ამბობს ხოლმე 
მისი და.
 
 
 
 
*
 
მოხუც ქალს ორი ძმა ჰყავს, 
ერთს სკლეროზი აქვს, მეორეს კიბო
ორივეზე გაბრაზებულია, 
ერთზე - იმიტომ, რომ თავს არ უვლიდა 
მეორეზე - იმიტომ, რომ სულ თავის თავზე ლაპარაკობს
მისი მისია მაშინ განისაზღვრა, როდესაც არ გათხოვდა
გათხოვების მაგივრად ოჯახის წევრებს აჩუქა თავისი სხეული და 
სული.
 
ღამ-ღამობით ლოცულობს
ლოცულობს თავისიანებზე 
იმათზე ვისაც ეკუთვნის 
 
ერთი ლოცვის დროს ხილვა ჰქონდა
ვარსკვლავზე, მის მტვერზე და ჭიანჭველებზე.
თითქოს ჭიანჭველებს უნდა მოეტანათ მისთვის ვარსკვლავების მტვერი.
 
 
 
 
*
 
საძირკველში მუშები წვანან, ისვენებენ. 
ამაგრებენ შენობას ქვემოდან. 
სამშენებლო მასალებში წვანან, 
ცემენტში და დამტვრეულ აგურებში. 
მათთან ერთად მათი ნაგავია,
სიგარეტის ბიჩოკები, კოკა-კოლას და ლუდის პლასტმასის ბოთლები,
არყის შუშის ბოთლის ნამსხვრევები, საჭმლის პარკები,
მათი საღებავით დასვრილი ტანსაცმელი.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.