კანტო XLV





პოეზია

კანტო XLV




უზურას ძალით

 

უზურას ძალით არავის აქვს კარგი ქვის სახლი,

როცა ქვებს ისე აგლუვებენ და ისე თლიან,

რომ მათი სახე იერსახედ გადააქციონ,

უზურას ძალით

ვერვინ იხილავს ტაძრის კედელზე დახატულ ედემს

harpes et luz

ან ადგილს, სადაც ქალწულს ეუწყა,

და - შარავანდედს, ბჭიდან გადმოსულს,

უზურას ძალით

გონძაგა არვის გამოუჩნდება, არც - ნაგრამი და კონკუბინები

არ შეიქმნება ხატი მრავალჟამიერი, ცხოველმყოფელი,

არამედ ოდენ გასაყიდად და კვლავ და კვლავ გასაყიდად დამზადებული

უზურას ძალით, ბუნებას რომ უტევს, იმ ცოდვით,

შენი პური ერთიანად უგემურდება

შენი პური გამომშრალა, როგორც ქაღალდი,

იგი არ არის მთის ხორბალი და არც ფქვილი შემტკიცებული

უზურას ძალით გავლებული ხაზი სქელდება

უზურას ძალით ყველა მიჯნა ბუნდოვანდება

და საცხოვრისის ასაგებად კაცს სამკვიდრო ვერ მოუნახავს

შორს დაშთენილა ქვითხურო ქვისგან

ფეიქარი სართავ ჯარას მოშორებია

უზურას ძალით

ბაზრობამდე ვერ აღწევს მატყლი

ცხვარი მისხალსაც არ მოიღებს უზურას ძალით

უზურა არის ჭირი, უზურა

მოახლის ხელში ნემსს აჩლუნგებს,

წყვეტს დამრთავის გამჭრიახობას. პიეტრო ლომბარდო

არ მოსულა უზურას ძალით

უზურას ძალით არ მოსულან არც დუჩო და

არც პიერო დელა ფრანჩესკა; ძუან ბელინი არ მოსულა უზურას ძალით

არ დაწერილა „La Callunia“ უზურას ძალით.

ანჯელიკო არ მოსულა უზურას ძალით; ამბროჯიო პრედისიც – არა,

და არც ტაძარი აგებულა, გათლილ ქვაზე ამოჭრილი ამ წარწერით: Adamo me fecit.

უზურამ არ შვა წმინდა ტროფიმი

უზურამ არ შვა წმინდა ილერი,

საჭრეთელს ჟანგი მოედება უზურას ძალით

ოსტატობასაც ის ჟანგავს და ჟანგავს ოსტატსაც

ძაფსაც ის ხრავს სართავ ჯარაზე

არავინ სწავლობს მის ნიმუშზე ოქრომჭედლობას;

უზურას ძალით შეუბოჭავს კიბოს ლაჟვარდი; ძოწისფერი დარჩენილა მოუქარგავი

ზურმუხტისფერს არ ჰყავს მემლინგი

უზურა აშთობს ჩასახულ ჩვილს დედის საშოში

თვითწარდგინება აუკრძალავს ყმაწვილკაცისთვის

საწოლში კი სისხლჩაქცევა შეუტანია, დანთხეულა

ნეფესა და პატარძალს შორის

CONTRA NATURAM

ელევსისში მეძავები შეუყვანიათ

წვეულებაზე მოსალხენად გვამები დასხეს

სწორედ უზურას განკარგულებით.

 

 

ინგლისურიდან (ლექსიკონით) თარგმნა დათო ბარბაქაძემ

 

მთარგმნელის შენიშვნები

 

ტექსტის ინგლისური დედნის პარალელურად, ვსარგებლობდით ევა ჰესეს მიერ შესრულებული გერმანული თარგმნით.

 

Usura, მევახშეობა (ლათ.) – ჩვენ შეგვეძლო ქართულ თარგმანში წინამდებარე კანტო ასე დაგვესათაურებინა: „მევახშეობით“ (შესაბამისად, „უზურა“ ყველგან გვეთარგმნა, როგორც „მევახშეობა“). მაგრამ ეზრა პაუნდის მიერ სააზროვნო პარადიგმად დამკვიდრებული ეს ლათინური სიტყვა (რომლის პირველ ასო-ნიშანს პაუნდი ყოველთვის მთავრულით წერდა) თანამედროვე არაიდეოლოგიზებული პოეტური აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გასაღებია და აღნიშნავს ყოველივე ძალადობრივს, კულტურაში ბუნებრივად მოსამწიფებლისა და შესაქმნელის ჩამხშობს, ნაჩქარევს, ტოტალურად არაკულტურულს, სულიერებისგან დაცლილს და მატერიალურ მოგებაზე ორიენტირებულს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პაუნდმა დააზუსტა, რომ უზურა სიმპტომია, მიზეზი კი არის სიხარბე.

 

harpes et luz  – არფა და ლუტნა (ფრ.)

 

წმინდა ლუიჯი გონძაგა (1568-1591) – იეზუიტი ბერი, ახალგაზრდებისა და სტუდენტების მფარველი. იგი შავი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა, როცა ავადმყოფებს ეხმარებოდა.

 

კონკუბინა – ძველ რომში დაბალი ფენის გაუთხოვარი ქალი, რომელთანაც მამაკაცი კანონიერი ქორწინების გარეშე ცხოვრობდა. ასეთი ურთიერთობა მოკლებული იყო კანონიერი ქორწინების თანმხლებ ყველა უფლებას, ხოლო თანაცხოვრების შედეგად გაჩენილი ბავშვები არ ითვლებოდნენ კანონიერად.

 

პიეტრო ლომბარდო (1435-1515) – იტალიელი მოქანდაკე და ხუროთმოძღვარი.

 

დუჩო დი ბუონინსენია (დ. დაახლ. 1255, გარდ. 1319) – იტალიელი მხატვარი, სიენას სკოლის წარმომადგენელი.

 

პიერო დელა ფრანჩესკა (დ. დაახლ. 1420, გარდ. 1492) – იტალიელი მხატვარი და ხელოვნების თეორეტიკოსი.

 

ძუან ბელინი, იგივე ჯოვანი ბელინი (დ. დაახლ. 1430, გარდ. 1516) – იტალიელი მხატვარი, ვენეციური სკოლის წარმომადგენელი.

 

La Callunia (ცილისწამება) – სანდრო ბოტიჩელის (1445-1510) ფერწერული ნამუშევარი, შესრულებული 1494-95 წლებში.

 

ფრა ანჯელიკო (დ. დაახლ. 1386-1400, გარდ. 1455) იტალიელი მხატვარი.

 

ამბროჯიო დე პრედისი (დ. დაახლ. 1455, გარდ. დ. 1508) – იტალიელი მხატვარი, მილანის სკოლის წარმომადგენელი, მუშაობდა ლეონარდო ვინჩისთან ერთად.

 

Adamo me fecit (ადამი და მე – ლათ.) - იგულისხმება წარწერა და წმინდა ძენო მაჯორეს ტაძარი ვერონაში (მე-12 ს.). ტაძრის შესასვლელიდან მარცხნივ, საძვალის ჩასასვლელთან, კაპიტელზე ამოკვეთილი წარწერა სრულად ასე იკითხება: ADAMINUS DESCO GEORGIO. ME FECIT

 

წმინდა ტროფიმი – წმინდა ტროფიმის ტაძარი არლში (მე-12-მე-15 ს.ს.).

 

წმინდა ილერი – წმინდა ილერის (ილარიონის) ტაძარი საფრანგეთში.

 

ჰანს მემლინგი (დ. დაახლ. 1433-1440, გარდ. 1494) – გერმანელი მხატვარი, ნიდერლანდური სკოლის წარმომადგენელი.

 

CONTRA NATURAM – ბუნების საწინააღმდეგოდ (ლათ.)

 

ელევსისი – ნაყოფიერების ქალღმერთების, დემეტრას და პერსეფონეს და მათთან დაკავშირებული ელევსინური მისტერიების საკულტო ცენტრი ძველ საბერძნეთში.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.