ვინ ვისთან დებს ზავს?





კრიტიკა/ესსე

ვინ ვისთან დებს ზავს?




მაისის თვეში ორმა „აღნიშვნამ“ მოაღწია ჩემს ყურადღებამდე, ორმა, რომლებს შორისაც, თითქოს, უჩვეულო, ლამის იდუმალ კავშირს ვხედავდი. პირველ შემთხვევაში, მაისის დასაწყისში, გადავაწყდი გადაცემას, რომელიც 14 წლის წინ ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თბილისში სტუმრობას ეხებოდა; თვის ბოლოს კი, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, ნაადრევად აღინიშნა უიტმენის 200 წლისთავი (ნამდვილი დაბადების დღე დღესაა, როცა მე ამას ვწერ). მთელი ამბავი, შეიძლებოდა, აქ დასრულებულიყო, და ბუნდოვნად გამხსენებოდა ბუშის ქუჩაზე გამართული ის მცირე საპროტესტო აქცია, როდესაც სამი მოქალაქე ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის უოლტ უიტმენის ქუჩად გადარქმევას ითხოვდა - გამხსენებოდა, ყრუდ, ეს ამბავი, და ჩემს გონებას გაღიმებოდა მაისის ფოკუსებზე (მაისისა, რომელიც, სხვა ამერიკელი პოეტის თანახმად, აპრილზე არანაკლებ სასტიკი თვეა პოეზიისთვის).
 
მაგრამ ეს ალბათ არც გამახსენდებოდა, რომ არა ის, რაც აქ კი არ დასრულდა, ამით დაიწყო, უოლტ უიტმენის 200 წლის აღნიშვნაზე მწერალთა სახლში: მას მერე, რაც (კიდევ ერთმა!) ამერიკელმა პოეტმა, მაიკლ პალმერმა ისაუბრა უოლტ უიტმენის სოციალური და პოლიტიკური პოზიციის მნიშვნელობაზე (განსაკუთრებით დღეს, როცა ყველანი ამერიკული დემოკრატიის აღაპს ვესწრებით). ამის შემდეგ თემურ კობახიძემ, ხსენებული ივენთის ემსიმ, წარადგინა ქართველი გამომსვლელები, რომლებიც უოლტ უიტმენის ქართულენოვან თარგმანებს წაიკითხავდნენ (რის შემდეგაც საერთაშორისო მონაწილეებს თავ-თავიანთ ენებზე უნდა წაეკითხათ უიტმენის ლექსები). ამითაც შეიძლებოდა, ყველაფერი დასრულებულიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ, აღმოჩნდა, სამივე ქართველმა გამომსვლელმა ხაზგასმით გვაუწყა, მე მხოლოდ ლექსების კითხვას არ დავჯერდები, მეც მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო უიტმენთან დაკავშირებითო. აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანს საკრალური, ცოტა უხერხულად რელიგიურ-ექსტატური დამოკიდებულებაა აქვს ამერიკელ პოეტთან: ლანა ღოღობერიძე მოყვა, როგორ წაიკითხა ამერიკელი ბარდის ლექსები მოწაფეობის ასაკში და როგორ დაუბერა მის საბჭოთა ჯურღმულში მომწყვდეულ სულს ოკეანეგადაღმურმა თავისუფლების სიომ; კონსტანტინე გამსახურდია ჯუნიორმა მარად-ალეგორიულად გაამჟღავნა, რომ პირდაპირ კავშირს ხედავს უიტმენისა და მამამისის ვიზიონერულ-რევოლუციურ სულისკვეთებებს შორის (მან, მართლა, ისაუბრა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე და ამას „კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“ - მგონი, უიტმენის ყველაზე ცუდი ლექსი - მოაყოლა); ამათ დასაგვირგვინებლად, გამოვიდა პოეტი შალვა ბაკურაძე, რომელმაც ძალიან მოკლედ გამოთქვა თავისი თვალსაზრისი: „უნდა გაცნობოთ, რომ ჩემთვის უიტმენი არის მესია“ [ზოგადად, ასეთი ფრაზების ამ ფორმულით დაწყება სჯობს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ...] და მაშინვე გაუთავებელი პასაჟი მოაყოლა უიტმენის ვრცელი ლექსიდან, Song of Myself.
 
მაგრამ ამ თხრობაში ერთი მთავარი რამ გამოვტოვე და ამ აბზაცისთვის მოვიტოვე: სამიდან ორმა (მამრმა) გამომსვლელმა პირდაპირ თქვა: ბუშის ვიზიტის დროს ჩემი იდეა იყო, ქუჩას ბუშის კი არა, უიტმენის სახელი დარქმეოდაო. ერთგვარი დამარხული დაძაბულობაც კი ჩამოწვა, შენახული ალესილი ცულივით რომ ეკიდება ჰაერში ასეთ მომენტებში, როცა კი ერთი კაცი რაღაცას ამბობს, თან რაოდენი თვითტკბობით, ამდენი ხალხის წინაშე, მერე კი მეორე გამოდის და მის ნათქვამს ეწინააღმდეგება, შენ კი არა, მე მაქვს თავი მოსაწონიო, და იწყება კაცთა მოდგმაში ასე უხვად ნაცადი ყლეების ერთურთისთვის მიზომება (შალვა ბაკურაძემ, კერძოდ, თქვა რომ მას აქვს ლექსი „უიტმენი vs ბუში“, თუ რაღაც ეგეთი, რომელიც სწორედ ამ მიზეზით დაიწერა, და დაამატა, ეს ლექსი რაღაც აქციაზეც კი წავიკითხეო). ოღონდ საამაყო რა იყო, არ ვიცი, თვითონ აზრი მიაჩნიათ გენიალურად? სხვა მხრივ, არ ჩანს, რომ ეს საამაყო აზრი, მათი მხრივ, რაიმე ძალისხმევით მაინც გასცდა „იდეების სამყაროს“ (განსხვავებით პირველ აბზაცში ხსენებული სამი მოქალაქისგან, რომლებმაც, სხვა თუ არაფერი, ტრაკი მაინც ასწიეს, რის გამოც, მგონი, პოლიციამ დააკავა და ჯარიმა დააკისრა).
 
მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოუვიდა თავში აზრად ქუჩისთვის უიტმენის სახელის დარქმევა (პირადად მე, ის ვარიანტი ბევრად მაწუხებს, თუ ასეთი რამ პირველად პოეტს მოაფიქრდა, და არა საჯარო მოხელეს). მთავარი აქ მართლა ის ფანტასტიკური განცდა იყო, რომ ამას მოჰყვება მთელი წყება კაცთა, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით უარჰყოფენ ყველა წინას და იტყვიან, მე მეკუთვნოდა ეს გენიალური იდეა და არა შენო - ვინც ბოლო გამოვა, ბოლო სიტყვაც იმაზეა.
 
(და თოროსადმი რომ ყოფილიყო დღე მიძღვნილი, მაშინაც ხომ არ გამოჩნდებოდა ვინმე, ვისაც თოროს ქუჩა უნდოდა? ან ლინკოლნის ქუჩა - თუ ბუშის საპირწონედ მხოლოდ პოეტი შეიძლება გამოდგეს?)
 
(რა მაგის პასუხია, და ჰენრი დევიდ თოროს 200 წლის თავი ორი წლის წინ იყო და მაშინ მსურველიც კი არ გამოჩნდა, მთარგმნელის მცდელობების მიუხედავად, რომ „უოლდენის“ თარგმანი ხელახლა დაებეჭდა - თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უფრო რთულია, ვიდრე მწერალთა სახლში ერთი ზეიმის მოწყობა)
 
სწორედ ესაა ჩემთვის საგულისხმო და საგანგაშო, ეს იდეა: უიტმენი ბუშის სანაცვლოდ. რას ნიშნავს ეს? ვკითხულობ, რადგან მართალია, ორივე გამომსვლელმა გამოთქვა, რომ თუ მაცხოვრად არა, წინასწარმეტყველად ან წმინდანად მაინც მიიჩნევს უოლტ უიტმენს, და - არ ვიცი, ნებსით თუ უნებლიედ - თავიანთი მდებარეობაც დააფიქსირეს ამ ევანგელიკურ სცენარში (თუ უიტმენი მესიაა, ბაკურაძე, როგორც მისი კოლეგა და მისი მთარგმნელი, ალბათ მოციქულია; გამსახურდიამ ერთგვარი აშკარა double entendre გამოიყენა დამსწრეთათვის იმის მისანიშნებლად, რომ უიტმენის მთავარი სიყვარული, მისი წინამძღოლი და „კაპიტანი“ იყო პრეზიდენტი ლინკოლნი, და შემდეგ სხვა პრეზიდენტის მიერ თარგმნილი ლექსი წაიკითხა იმ კაპიტანზე, ა.შ...), მაინც არცერთი არ გარჯილა, უბრალოდ აეხსნათ რატომ უნდოდათ უოლტ უიტმენის ქუჩა თბილისში.
 
ამათ არა, მაგრამ ამავე კონტექსტში აქა-იქ გავიგე საუბარი „კულტურულ დიალოგზე“, და მაქვს ეჭვი, რომ ორი ხსენებული გამომსვლელის იდეაც მანდ ძევს. საბედნიეროდ, მე მაქვს უფლება, დავიტოვო უფლება და არ ვიკითხო პოეზია ეროვნულ და კულტურულ კონტექსტში, რაც პოეზიაში მყოფობის (კულტურაში / იდეოლოგიაში მყოფობის საწინააღმდეგო აქტია - ჰო, თავად პოეზიაა წინააღმდეგობის ძალა ამ მყოფობების წინაშე) ერთადერთი გზაა, მაგრამ თუ კულტურაზე და ქვეყანათა ძმობაზე წავიდა, მაინტერესებს, რომელ კულტურულ დიალოგზეა საუბარი და როგორ წარიმართება, ამ ხალხის რწმენით, კულტურული დიალოგები? იმიტომ რომ მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რაც ენად კულტურას იყენებს (თუ კულტურის ენაზე მეტყველებს) ოღონდ ის დიალოგს არ აწარმოებს, არამედ მონოლოგს წარმართავს, მონოლოგს, რომელსაც იყენებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გადააწეროს საკუთარი ხმა ყველა სხვა მონოლოგების, დიალოგების, პოლილოგების თუ უბრალოდ ჩურჩულების შესაძლებლობას. ვგულისხმობ, ცხადია, იმპერიას, და ამით ახალს არაფერს ვამბობ, და არც იმით ვიტყვი რამე ახალს, რომ იმპერიისთვის კოჭის გორება (იქნება ის „კულტურული“ თუ „პოლიტიკური“ - რადგან ამ ორს შორის არცაა განსხვავება, განსაკუთრებით ამ ზედაპირზე) კულტურული დიალოგი არაა, მსგავს ქცევას, ჩვენი ისტორიის სახელით ცნობილი კულტურული კაკაფონიის მანძილზე, ერთხელ ისე მკაფიოდ და მტკივნეულად ჩაებეჭდა სახელი, როგორც დაღი შუბლზე, ან სვასტიკა / ვარსკვლავი სამკლაურზე, რომ მისი წაშლა ან კულტურის ნიღბით მიჩუმათება იმ მარად მომავლის პოეტებისთვისაც კი რთული იქნება, რომლებსაც ასე მგზნებარედ მიმართავდა უიტმენი. რადგან ამას კოლაბორაციონიზმი ჰქვია, ბევრი მიზეზით, მაგრამ უმთავრესად სწორედ იმ მარტივი მიზეზით, რომ იმპერიას შენი კოჭი არ ადარდებს, არც კულტურა, და საერთოდ ვის ადარდებს მესამე სამყაროს ერთი კუანა ქვეყნის დედაქალაქის ქუჩების ნომენკლატურა?
 
და კიდევ საქმე ისაა, რომ თუ კულტურის და პოლიტიკის სფეროში ვართ (და არა, ვიმეორებ, პოეზიის, რომელსაც ქუჩების ნომენკლატურასთან ნამდვილად არ აქვს ხელი), ვინ იდიოტს აფიქრდება (თუ მართლა კოლაბორაციონიზმში არ ხედავს კარიერულ გასაქანს), უიტმენის სახელობის ქუჩა, უიტმენის რომელიც ამერიკის par excellence ნაციონალისტი პოეტია, რომლის ყველაზე მკვეთრად გამოხატული სოციალური ხასიათიც პოპულიზმია, რომელსაც ამერიკაში იმიტომ ჰქონდა დიდი აღიარება, რომ შრომასა და წარმოებას ასხამდა ხოტბას და რომელიც, რაც მთავარია, მხარს უჭერდა 1846-1848 წლის მექსიკის ომს, რომელიც ამერიკული იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი ლაქაა. ამიტომ ვამბობ, თუ ლაპარაკი ქუჩების სახელებზე, კულტურულ დიალოგზე და პოლიტიკაზეა, მაშინ უიტმენი იმავეს სიმბოლოა, რისიც ბუში, და, რა დაგიმალოთ, დავინახე თუ არა ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი სულ პირველად, მოვისმინე თუ არა მისი საუბარი, გამიჩნდა სამგლოვიარო აზრი, რომ უიტმენის ყველაზე ცნობილი ფრაზიდან („ჩემს თავს ვეწინააღმდეგები? ძალიან კარგი, ჩემს თავს ვეწყინააღმდეგები. მე ვრცელი ვარ, სიმრავლეებს შევიცავ“) დონალდ ტრამპამდე არცთუ გრძელი ნაბიჯია.
 
მაგრამ დავუბრუნდები, ბოლოს, უიტმენის თბილისურ იუბილეს, როცა გამომსვლელების შემდეგ კვლავ თემურ კობახიძემ მიიღო სიტყვა და დააგვირგვინა იქ გაბმული კულტურული დიალოგი, როდესაც - მან, მოდერნისტების მოყვარულმა - თქვა, უიტმენი იმდენად დიდი პოეტია, რომ ბოლოს ეზრა პაუნდიც კი შეურიგდაო, და პაუნდის „პაქტი“ წაიკითხა („მე ზავს ვდებ შენთან, უოლტ უიტმენ...“). ეს მართლაც გვირგვინი იყო იმ ყველაფრის, რაც ზემოთ ითქვა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პაუნდის ეს ლექსი მთავრდება სიტყვებით „დაე, ვაჭრობა გაჩაღდეს ჩვენს შორის“ - რაც კულტურული დიალოგის იდეალურ დეფინიციად მესახება (და ისედაც, რითი უნდა დამთავრებულიყო ლექსი კაცისა, რომელმაც 800 გვერდიანი პოემა დაწერა. . .მაყუთის თემაზე), არამედ იმიტომაც, რომ ჩვენმა ემსიმ, იქ, ჩვენს თვალწინ, დიდი ამერიკელი ნაციონალისტი უდიდეს ამერიკელ ფაშისტთანაც დააზავა. რაც მაგონებს, პირადად, მე მხოლოდ ერთი ფორმა ვიცი კულტურული დიალოგისა, და ეს მართლაც იდუმალი დიალოგია, ისეთი, ვერავინ რომ ვერ გამოიცნობს, სად და ვის შორის გაებმება, ვის რასთან დააკავშირებს, ერთგვარი ონტოლოგიური გაუპატიურება, რომელიც ისევე მოდერნისტულად პალიმპსესტურ-კოლაჟირებული და დროისმიღმიერია, როგორც პაუნდის კანტოები:
 
პაუნდი, რომელმაც თქვა „ყველა ხანა თანადროულია გონებაში“ - ნეტა რას იტყოდა იგივე პაუნდი იმაზე, რომ იტალიაში არსებულ ყველაზე საძაგელ ნეო-ფაშისტურ პარტიას Casa Pound ჰქვია, სწორედ მის საპატივცემულოდ.
 
და რა უცნაურად ეხამება - ამ დაზავებისა და კულტურული დიალოგის (ბნელ-)ნათელში - „პაუნდის სახლი“ „უიტმენის ქუჩას“...
 
რადგან მთავარი სწორედ ისაა, რომ უიტმენის ქუჩა იმის ნაცვლად, სადაც ახლა ჯორჯ ბუშის ქუჩაა, ისეთივე გაუპატიურება იქნებოდა დიდი პოეტისა, როგორც პაუნდის სახლის ნეო-ფაშისტური პარტიისთვის დარქმევაა დიდი პოეტის (თუნდაც, განსაკუთრებით, მისი სინანულის, მისი მდუმარების წლების) გაუპატიურება.
 
ვამბობ ამას, ვაქვეყნებ უოლტ უიტმენის მეორასე დაბადების დღეზე, და კუდად ვაბამ კიდევ ერთი დიალოგის შემთხვევას (ოღონდ აქ საქმე პოეზიასთან გვაქვს, სულაც პოეტურ დიალოგთან, და არა კულტურასთან -- ხოლო ვაკეთებ ამას მხოლოდ იმისთვის, რომ თუ ოდესმე „მაქსიმუსის ნავსადგური“ გაიხსნება აფხაზეთში, მინდა წითელი ლენტი მე გავჭრა და ვერავინ მომედავოს, იდეა შენი არ ყოფილაო)
 
 
 
ჩარლზ ოლსონი
ლუსტრუმი ეზრა პაუნდისთვის
 
ჰო, თუ კაცს არ სურს, ცოტა რისკზე წავიდეს საკუთარი
შეხედულებების გამო, მაშინ ან შეხედულებებია უვარგისი, ან თვითონ.
ჰაინე თუ გახსოვს? შენ ის გიყვარდა. მანაც გაიარა
რევოლუცია. თვალები არ შერჩა, და არც
შენსავით მხიარული იყო. მას პარეზმა მოუღო ბოლო (და
შენ რამ მოგიღო ბოლო?) მან მიატოვა ის, რასაც თავის მატრასის კუბოს ეძახდა და
გზა გაიკვლია, ბრმად, ტყვიებს შორის, ქუჩა-ქუჩა,
1848 წელს, ლუვრისკენ. ეს ქნა, რისკზე წავიდა,
რათა კიდევ ერთხელ ენახა ვენერა. შენ რას უყურებდი
იმ რადიოსამაუწყებლო სტუდიაში?
 
 
 
 
[post scriptum ავტორისგან: შენ რას უყურებდი, უიტმენ, 1848 წელს?]
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.