• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

სამი იოანური მედიტაცია

×
artisan de harar
ავტორის გვერდი არტურ რემბო 29 მარტი, 2019 2678
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
       
                სამარიაში
 
 
   სამარიაში მრავალმა გამოხატა მისდამი რწმენა. მას ისინი არ დაუნახავს. სამარია - მეტიჩარა, თავკერძა - მეტი სიმკაცრით იცავდა თავის პროტესტანტულ კანონს, ვიდრე იუდეა - ანტიკურ მაგიდებს. აქ უნივერსალური სიმდიდრე გასცემდა ყოველგვარი განსწავლული განხილვის ნებართვას. სოფიზმს, რუტინის მონასა და სარდალს, უკვე გამოეღადრა რამდენიმე წინასწარმეტყველის ყელი - მას შემდეგ, რაც მათ ეპირფერა.
   ავბედითი სიტყვა იყო, ქალისა, შადრევანთან: „თქვენ წინასწარმეტყველნი ხართ, თქვენ იცით, რაც ჩავიდინე.“
   ქალებს და კაცებს წინასწარმეტყველების სწამდათ. ახლა საჯარო მოხელისა სწამთ.
   უცხო ქალაქიდან ორ ნაბიჯში, რომელსაც, უძლური იყო, რამით დამუქრებოდა, რომ მიეღოთ ის წინასწარმეტყველად, რადგან ასე უჩვეულო წარსდგა იქ, რას იზამდა მაშინ?
   იესომ ვერაფერი თქვა სამარიაში.
 
 
 
 
 
                  გალილეაში
 
 
   გალილეის მსუბუქი და ეშხიანი ჰაერი: მაცხოვრებლებმა ის უჩვეულო სიხარულით მიიღეს: მათ ის იხილეს, საღვთო რისხვით შეძრული, მევახშეები და ცხოველებით მოვაჭრეები რომ გამორეკა ტაძრიდან. სასწაული პირმკრთალი და მრისხანე ახალგაზრდობისა, სწამდათ მათ.
   მან იგრძნო თავისი ხელის ბეჭდებით დატვირთულ ხელებთან და დიდებულის ბაგესთან შეხება; დიდებული მტვერში ჩამუხლულიყო: ის, თუმც ქაჩალი, ფრიად საამური იერისა იყო.
   ეტლები მიქროდნენ ქალაქის ვიწრო ქუჩებში; მეტისმეტი მოძრაობა იყო ამ ქალაქისთვის; ყველაფერი მეტისმეტ კმაყოფილებას ასხივებდა ამ საღამოს.
   იესომ ხელი გასწია: ბავშვური და ქალური სიამაყე იყო ამ მოძრაობაში. „თქვენ, ხალხო, არ ირწმუნებთ, თუკი სასწაულებს არ იხილავთ.“
   იესოს ჯერ არ მოეხდინა სასწაულები. ქორწილში, მწვანე და ვარდისფერ სასადილოში, ის ოდნავ ხმამაღლა ესაუბრა სული წმინდას. და კაპერნაუმში არავის უხსენებია კანას ღვინო, არც ბაზარში, არც ნავმისადგომში. შესაძლოა, ერთი-ორმა მოქალაქემ მხოლოდ.
   იესომ თქვა: „წადი, ცოცხალია შენი შვილი.“ დიდებული წავიდა, ისე, თითქოს თან რამე მსუბუქი წამალი მიჰქონდა, ხოლო იესომ განაგრძო ნაკლებ ნავალი ქუჩებით სვლა. ნარინჯისფერი ხვართქლები, კიტრისუნები გასცემდნენ თავიანთ მაგიურ ნათებას ქვაფენილებს შორის. ბოლოს მან იხილა, შორით, მტვრიანი მდელო, და ბაიები და ზიზილები, დღეს რომ მადლს ავედრებდნენ.
 
 
 
 
 
                     ბეთ-ხასდას აუზი
 
 
   ბეთ-ხასდა, ხუთსტოიანი აუზი, მწუხარების ადგილი იყო. ის ავბედით სამრეცხაოს ჰგავდა, მარად წვიმით და ლაფით დატბორილს; და მათხოვრები ირეოდნენ შიდა საფეხურებზე,—გაფითრებულნი ჭექა-ქუხილთა იმ მკრთალი ნათებით, ჯოჯოხეთის გაელვებას რომ მოასწავებენ—ისინი ხუმრობდნენ საკუთარ ლურჯ ბრმა თვალებზე, თეთრ ან ლურჯ ძონძებზე, მათ ძირკვებს რომ ემოსათ. ო სამხედრო სამრეცხაო, ო სახალხო აბანო. წყალი იქ მუდამ შავი დიოდა, და ძილშიც კი შიგ არცერთი ხეიბარი არ ვარდებოდა.
   სწორედ იქ განახორციელა იესომ თავისი პირველი საგულისხმო ქმედება, ამ უხეირო ხეიბრებთან. თებრევლის, მარტის ან აპრილის დღე იდგა, როცა შუადღის ორი საათის მზე სინათლის ვრცელ ნამგალს უსვამდა დასამარებულ წყალს; და რამდენადაც, იქ, დაბლა, ხეიბრების ზურგსუკან და მოშორებით, სრულად შემეძლო დანახვა, რაოდენ აღძრავდა ეს ეული სხივი კვირტებს, და კრისტალებს, და მატლებს, ამ სხივში, გვერდზე გაწოლილი თეთრი ანგელოზის მსგავსება რომ იყო, ირხეოდა ყველა უსაზღვროდ მკრთალი სხივი.
   ყველა ცოდვას, ეშმაკის მსუბუქ და ჯიუტ შვილებს, რომლებიც, უგრძნობ გულთათვის,  ურჩხულებზე მეტად საძაგლებს ხდიდნენ ამ კაცებს, ამ წყლებში ეწადა ჩახტომა. ხეიბრები ჩაეშვნენ, არა აბუჩად აგდებით, არამედ ლტოლვით.
   პირველშესულნი, ამბობენ, განკურნებულნი გამოდიოდნენ. არა. ცოდვები მათ კვლავ საფეხურებისკენ მოისროდნენ და ახალი ადგილის ძებნას აიძულებდნენ: რამეთუ დემონს მხოლოდ იქ ძალუძს დადგომა, სადაც მოწყალება უდავოა.
   იესო ზუსტად შუადღის პირველ საათზე მოვიდა. არავინ ბანდა, არც წყალს ასმევდა მხეცებს. აუზში ჩამდგარი წყალი ვაზის ბოლო ფოთლებივით ყვითელი იყო. ღვთიური ოსტატი სვეტს მიყუდებოდა: ის ცოდვის შვილებს შეჰყურებდა; დემონი ენას უყოფდა მათ ენებს და სამყაროს დასცინოდა.
   დამბლადაცემული, რომელიც გვერდულად გაწოლილიყო, წამოდგა, და მათ იხილის მისი საოცრად მტკიცე ნაბიჯებით სტოას გადაჭრა და ქალაქში გაუჩინარება, მათ, წყეულებმა.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული