• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

ბუნება, როგორც მატერია. მექანიციზმის ისტორიიდან

×
ავტორის გვერდი ლუკა კუჭუხიძე 15 მარტი, 2019 2815

May god keep us from single vision and Newton’s sleep

W.blake

 

 

Nature and nature's laws lay hid in Night.

God said, 'Let Newton be!' and all was light

A.Pope

 

We murder to dissect

W.Wordsworth

 

   

 And shall I take a thing so blind,

     Embrace her as my natural good

     A.L.Tenysson

 

 

 

        გალილეით დაწყებული და მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს კანტით დამთავრებული, (რომელმაც ერთგვარად ფინალური აკორდი გაათამაშა ახალი დროის ბუნებისმეტყველების თეორიული ფუნდამენტის ჩამოყალიბებაში), ბუნების მეტაფიზიკა ნელ-ნელა მატერიის მეტაფიზიკად ტრანსფორმირდება.

    ის, თუ რამდენად პრინციპული და ძირეული იყო მათემატიკურ-ექსპერიმენტული ბუნებისმეტყველებისთვის იდეალური მათემატიკური კონსტრუქციის მატერიალიზაციის შესაძლებლობა, შეგვიძლია იმ ფაქტიდან დავასკვნათ, რომ ახალი ფიზიკის დამფუძნებლებისათვის, რომლებიც გალილეის მიერ დაგებულ გზას მიუყვებოდნენ მატერიის საკითხი ცენტრალურ მნიშვნელობას ღებულობდა.    

       დეკარტთან, მატერია სივრცეს უთანაბრდება და განისაზღვრება, როგორც განფენადი სუბსტანცია, რაღაც ისეთი, რაც უცვლელია და საკუთარ თავს უდრის, ამ სახის კონცეპტუალიზაციის შედეგი ის გახლავთ, რომ ექსპერიმენტი, როგორც მოვლენა შესაძლებელი ხდება, სხვაგვარად თუ ვიტყვით მათემატიკური მოდელის განსხეულება-განხორციელება და მისი, როგორც მეცნიერების გამოყენება ბუნების შესახებ ცოდნის მისაღებად ლეგიტიმურ შემოქმედებად ცხადდება და გარდაიქმნება.      

       მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონს მატერიის ერთერთ უმთავრეს თვისებად ძალა ესახება, რომლითაც ყოველი სხეული ერთნაირადაა დაჯილდოვებული, როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოში, იგი მაინც ვერ ახერხებს  უარის თქმას  სივრცის ცნებასა და კატეგორიაზე, უფრო მეტიც, მის შემთხვევაში ეს სივრცე სრულებით აბსოლუტურ განზომილებას იღებს, შესაბამისად კი უცვლელი და მარადიული ხდება. “აბსოლუტური სივრცე - წერს ნიუტონი “ნატურფილოსოფიის მათემატიკურ საწყისებში” - მთელი თავისი არსით, ყოველივე გარეგანისაგან დამოუკიდებელია. იგი ყოველთვის ერთგვარი და უცვლელი რჩება. ფარდობითობა მისი საზომია, ან რაღაც მცირედი, მოძრავი ნაწილაკი, რომელიც ჩვენ მიერ აღიქმება მისი სხვა სხეულებთან მიმართების ფონზე და რომელიც ყოფით ცხოვრებაში ტრანსფორმირდება როგორც უძრავი სივრცე...”[1].

      აბსოლუტური სივრცე ნიუტონს ძალის ფენომენის განსაზღვრისათვის ესაჭიროება. ძალა კი მისეულ ფიზიკაში რეალური მოძრაობის ერთადერთი მიზეზია (განსხვავებით ფარდობითი მოძრაობისაგან), იგია გადაადგილება აბსოლუტურ სივრცეში. მაქს ჯემერის სიტყვებით: “ნიუტონისათვის ძალა არ წარმოადგენს თანამედროვე ფიზიკის გამოშიგნულ ცნებას. იგი გულისხმობს არა მათემატიკურ აბსტრაქციას, არამედ აბსოლუტურად მოცემულ სინამდვილეს, რეალურად არსებულ ფიზიკურ ყოფიერებას”[2].

მიზიდულობის ცნების დამკვიდრებამდე და აგრეთვე თავისი ფუნდამენტური ნაშრომის “ნატურფილოსოფიის მათემატიკურ საწყისთა” შექმნამდე, ნიუტონი სამყაროსეული ეთერის ჰოპითეზას იზიარებდა, როგორც იმ შრისა, რომლის მეშვეობითაც, ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება განსხვავებული სახის ძალებს ეზიარება. როგორც ეთერის კონცეპტი, ისე უფრო გვიანდელი აბსოლუტური სივრცის პარადიგმა ნიუტონთან, არა მხოლოდ უცვლელი, საკუთარ თავთან თანხვედრაში მყოფი “ველის” (პირობითად), ფუნქციას ასრულებს, რომელიც ყველა მოძრაობის თუ ცვლილების ასახვას ახორციელებს,  არა მხოლოდ მათემატიკური ექსპერიმენტის შესაძლებლობის წინაპირობის როლს თამაშობს, როგორც გალილეის მატერია, ან დეკარტის სივრცე, არამედ აგრეთვე დინამიური საწყისის ფუნქციასაც კისრულობს. ძალისა, რომელსაც ამ ფორმით არც გალილეისთან ვხედავთ და არც კარტეზიანელებთან.

     როგორ ხდება ამ ორი განსხვავებული ფუნქციის გაერთიანება ეთერის თუ აბსოლუტური სივრცის ნიუტონისეულ გაგებაში? და საერთოდ ლეგიტიმურია თუ არა ამგვარ კავშირზე საუბარი? ერთის შეხედვით თითქოს, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ორი ამოცანის, ორი პრობლემის თანაზიარობას ვახორციელებთ: ერთის მხრივ, ზუსტი, მათემატიკური ექსპერიმენტის განხორციელებისათვის მატერიის, როგორც თვითკმარი, უცვლელი და მარადიული ცნების შემოტანას, ხოლო მეორეს მხრივ, ეთერის ცნების პოსტულირებას, რომელიც “ძალათა დაძაბულობის” ველია, ყოველი სახის მოძრაობისათვის თუ სხეულთა ურთიერთქმედებისათვის აუცილებელი სულის შთამბერავი ენერგია.

    ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში, არა მათემატიკოსი, ან ფიზიკოსი, არამედ  მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს, საბუნებისმეტყველო ცოდნის და შედეგების თეორიულ გადააზრებას შეჭიდებული იმანუელ კანტი დაგვეხმარება.

    კანტი თავის ნაშრომში “ბუნების მეცნიერების მეტაფიზიკური საწყისებიდან ფიზიკაზე გადასვლის აპრიორულად დაფუძნებული პრინციპების შესახებ”[3] იდეალიზაციის გალილეისეულ პრობლემას განიხილავს, როგორც ბუნებისმცოდნეობის გარდაქმნას მათემატიკურ მეცნიერებად.

    ყოველი ექსპერიმენტი, ყველაზე უფრო პრიმიტიულიც კი განსაზღვრული სახის ტექნიკურ საშუალებებს მოითხოვს, ან, კანტის სიტყვებით, მანქანებს (ხელსაწყოს) საჭიროებს. მაგ. მასის განსაზღვრისათვის, ექსპერიმენტთაგან ამ უძველესი მეთოდის განხორციელებისათვის, აუცილებელია ისეთი მოწყობილობა, როგორიცაა ბერკეტი. კანტი სვამს კითხვას: რა ვითარებაში იქნება ბერკეტის დახმარებით დადგენილი სხეულთა თანაბარი მასის დებულება მართებული და თვითონვე პასუხობს: სხეულთა თანაბარი მასის შესახებ დებულება, მართებული იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბერკეტი მოაზრებულია, როგორც აბსოლუტურად მყარი სხეული.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ამ მოსაზრებაში აქცენტი უკვე აღარ კეთდება უბრალოდ ფიზიკურ, “მათემატიკურ” სხეულზე, რადგან ფიზიკურ სამყაროში აბსოლუტურად მყარ სხეულებს არ ვხვდებით.

    “მატერიის ინდივიდუალური წონადობა, მისი რაოდენობრივობის ექსპერიმენტის ჩატარების გზით განსაზღვრა, - წერს კანტი, - აუცილებლად მოიაზრებს ბერკეტის სიმყარეს...ამასთან თავად ბერკეტი წარმოსდგება, როგორც სრულებით უწონადი, მისი სრულყოფილი სიმყარის გამო.” ჩნდება კითხვა: “როგორაა ასეთი სიმყარე შესაძლებელი?[4]

ამ კითხვაზე საპასუხოდ, კანტი არა შემმეცნებელი სუბიექტის სტრუქტურას (როგორც ეს “წმინდა გონების კრიტიკის” შემთხვევაში ხდება), არამედ შემეცნებადი ბუნებითი ობიექტის სტრუქტურას უღრმავდება, როგორც “ბუნების მეცნიერების მეტაფიზიკურ პრინციპებში”, რომელიც თავის მხრივ ნატურფილოსოფიურ კვლევას წარმოადგენს[5]. მოაზროვნის პასუხი, როგორც ყოველთვის ორიგინალურია: “ბერკეტში, როგორც დანადგარში, წონასწორობის გარეგან მამოძრავებელ ძალებამდე, აუცილებელია ერთგვარი შინაგანი ძალის არსებობა და მისი დანახვა, სახელდობრ ძალისა, რომლის წყალობითაც საერთოდ შესაძლებელია ბერკეტის არსებობა, როგორც ასეთის. ბერკეტის მატერია, რომელიც წრფივი ხაზის გასწვრივ საწყისი წერტილისაკენ ისწრაფვის, ებრძვის და ეწინააღმდეგება ვარდნასა თუ დაცემას. იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მისეული სიმყარე. ამ შინაგანი, მამოძრავებელი ძალის დანახვა შეუძლებელია თავად მანქანის მატერიაში, ასე რომ იყოს სიმყარე, რომელსაც სასწორის მექანიკური შესაძლებლობები ეფუძნება, გამოყენებული იქნებოდა მასის განსაზღვრის ახსნის მთავარ პრინციპად, შედეგად კი, კვლავ მოჯადოვებულ წრეს დავუბრუნდებოდით. შესაბამისად, უნდა არსებობდეს აუწონადი მატერია, რომლის მეშვეობითაც და რომლის მოძრაობის შემწეობითაც თავად სასწორის სიმყარე ჩნდება, როგორც ასეთი”[6].

   როგორც ვხედავთ, კანტი მატერიის განსაკუთრებულ და უნიკალურ გაგებას გვთავაზობს, შეიძლება ითქვას რომ იგი არათუ გაგებას, არამედ ზოგადად გასხვავებული მატერიის აქტუალიზაციას ახდენს, რომელიც ჩვენ მიერ აღქმადი კონკრეტული ნივთის თუ საგნის საპირისპიროდ, შეუძლებელია გახდეს მგრძნობელობის საგანი, შესაბამისად იგი ვერ იქნება ვერანაირი, ემპირიულად ფიქსირებული თვისებისა თუ მახასიათებლის მფლობელი. ჩვეული ნივთისაგან განსხვავებით, იგი უწონადი, შეუკვეცავი, არაგანვრცობადი და რაც ყველაზე მთავარია - ყველგან შეღწევადია. ამ ყოველივეს გარდა, იგი განსაზღვრულ ძალასაც ფლობს. “ამ მატერიისათვის, ყოველი სხეული (განხილული, როგორც მანქანა), ყოველი ბერკეტი უნდა იყოს შეღწევადი...მატერია, რომელიც ბადებს სიმყარეს, უნდა იყოს უწონადი, მაგრამ რადგან, იმავდროულად იგი შინაგანად შეღწევადიც უნდა იყოს (დინამიურობის გამო), შესაბამისად მოაზრებული უნდა იყოს, როგორც  შეუკუმშავი და თავისთავად არსებული კონტინუუმი. იდეა, რომელსაც ეთერის სახით მოიხსენიებდნენ, არა გამოცდილებიდან გამომდინარე და მის საფუძველზე, არამედ a priori (რადგან არცერთ გრძნობას არ ძალუძს გრძნობათა მექანიზმის, როგორც ამ გრძნობათა საგნის შეცნობა)”[7].

    ამ უწონად, შეუკუმშავ, ყველგან შეღწევად მატერიაში, რომელიც არ მოგვეცემა ემპირიული გზით, არამედ მოიაზრება აპრიორულად, ჩვენ ადვილად შეგვიძლია ნიუტონისეული ეთერის ამოცნობა - კანტი უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ სივრცეს დაარქვას სითბომბადი (თბომბადი), როგორც ამას მეთვრამეტე საუკუნის მრავალი მეცნიერი აკეთებდა. ჩვენ ვხედავთ, რომ კანტიანური მატერია ნათლად ასრულებს ორ ფუნქციას: ერთის მხრივ, ის მექანიკური მანქანებისათვის, ფართო გაგებით ექსპერიმენტული სქემებისათვის იდეალურობის გარანტიას იძლევა (ბერკეტის შემთხვევაში - ეს იდეალური, აბსოლუტური სიმყარეა), ხოლო მეორეს მხრივ იგი უზრუნველყოფს “ძალისმიერ დაძაბულობას” სამყაროში, ასრულებს რა მუდმივი დინამიური ფაქტორის როლს და ფუნქციას მასში.

   ჩვენთვის განსაკუთრებულად ყურადსაღებია, ამ “იდეალური მატერიის” პირველი განსაზღვრება - მისი თვითკმარობა: იგი აუცილებელია, იმისათვის, რომ საერთოდ შესაძლებელი გახდეს მათემატიკური ბუნებისმეტყველება, ისეთი, როგორის შექმნაზეც გალილეო ოცნებობდა. რაში სჭირდება ბერკეტს აბსოლუტური სიმყარე? იმისათვის, რომ მისმა პინებმა წრფივი სახე მიიღონ, ანუ იქცნენ არა მხოლოდ გრძნობად, არამედ მათემატიკურ სხეულად.

    კანტიანურ თბომბადში ჩვენ ვხედავთ, როგორც ეთერის რემინისცენციებს, ისე სტოიკოსთა მსოფლიო პნევმის ერთგვარ რეინკარნაციას: იგივე უცვლელობა, იგივე ყოვლისმომცველობა, იგივე მდებარეობა უხეშ გრძნობად მატერიასა და ზეგრძნობად სულს შორის, - თუმცაღა სტოიკოსთა სწავლებაში სული არა, როგორც ზემატერიალურ, არამედ, როგორც ერთობ მატერიალური კონოტაციებით მდიდარ კონცეპტად განიხილება და აღიქმება, თუმცაღა ამგვარად გაგებული მატერიაც კი, ბერვად უფრო ელასტიური და მოქნილია, ვიდრე რომელიმე სხვა.

   

    როგორც ვიხილეთ, კანტიც იმ მიმართულებით იღებს გეზს, რა გზითაც ნიუტონის ფიქრები წარიმართნენ, თუმცაღა იგი უკვე ძირითად აქცენტს აკეთებს მათემატიკის ფიზიკურ სამყაროსთან მისადაგებისა და გამოყენების შესაძლებლობაზე - ზუსტად იმ საკითხზე, რომელიც ასე აღელვებდა გალილეის. “იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მათემატიკის გამოყენება სხეულთა სწავლებისათვის, მხოლოდ მისით რომ შესწევს ძალა ამ სწავლებას, იქცეს მეცნიერებად ბუნების შესახებ, აუცილებელია იმ ცნებათა კონსტრუირების პრინციპების გამომუშავება, რომელნიც მატერიას, როგორც ასეთს შესაძლებელს ხდიან; სხვაგვარად თუ ვიტყვით, საფუძველში უნდა მოხდეს სრულყოფილი დანაწევრება მატერიის გაგებისა, როგორც ასეთის.[8]

    მატერიაში არსებული “იდეალისტური” შრეების ექსპოზიციის მიუხედავად, ბუნების მეტაფიზიკა, ისე როგორც ეს კანტს ესმის - უდავოდ მატერიის მეტაფიზიკას გულისხმობს თავის თავში. მიზნის კატეგორიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გაზიარების გამო, (ეპოქის სულისკვეთების კონტექსტში) კანტის ბუნების ფილოსოფიაც, დიდწილად მექანიცისტურ პარადიგმაში რჩება.

მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეთა მანძილზე ბუნება, როგორც მას განჭვრეტს ექსპერიმენტულ-მათემატიკური ბუნებისმეტყველება და მასზე ორიენტირებული დიდ წილად მატერიალისტური ფილოსოფია - სწორედაც, რომ მატერიის სახით გვევლინება. ხშირად ეს მატერია იმ თავის “იდეალურ” თვისებებსაც კარგავს, რითიც მას ეთერის კონცეპტის მომხრე მოაზროვნეები ასაჩუქრებდნენ, (ჩვენს შემთხვევაში ნიუტონი და კანტი) და ისტორიულ ავანსცენაზე წარსდგება, როგორც სრულებით მექანიცისტური ფენომენი, ატომთა ერთგვარი კონგლომერატი, ან, კარტეზიანული მსოფლაღქმის სულისკვეთებით, როგორც სივრცული სტრუქტურის მიერ წარმოებული ავტომატი. არ არის შემთხვევითი, რომ ამ სახით გაგებულმა ბუნების ცნებამ დაბადა ინსტრუმენტულ-ტექნიკური ცივილიზაცია, რომლის ფარგლებშიაც ბუნება სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ადამიანის ფლობის, ბატონობისა და მანიპულირების ცენტალური ობიექტი, ამგვარი მტაცებლური ძალადობის საძირკველი კი არც თუ ისე უსაფუძვლოდ, შეგვიძლია რაციონალობის იმ ფორმაში ვეძიოთ, რომელიც აღმოცენდა ევროპის კონტინენტზე, ახალი დროის მათემატიკურ-ექსპერიმენტული ბუნებისმეტყველებისა და მეთოდის ჩასახვის პარალელურად. ტექნოგენური ცივილიზაციის მიერ ინიცირებული ეკოლოგიური კრიზისი, რომელმაც ბუნება მარტივ მატერიად გარდასახა და რომელიც უკვე კარგა ხანია გასცდა წმინდად ბუნების საზღვრებს, ჯერ-ჯერობით შეუძლებელი გადასალახავი მოცემულობაა და ასეთად დარჩება, თუკი ვერ გამოვიმუშავებთ მექანიზმებს იმ სააზროვნო პარადიგმის გადასააზრებლად, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებმა მემკვიდრეობად გვარგუნეს.

------------------------------------

ბიბლიოგრაფია

 

ძირითადი ლიტერატურა

 

Кант И. Сочинения в шести томах. Т. 6. М., 1966.

 

Newton, Isaac. 1846. The Mathematical Principles of Natural Philosophy. New-York.                              Daniel Adee

 

 

მეორადი ლიტერატურა

 

Friedman, Michael. 2013. Kant’s Construction of Nature. UK. Cambridge University Press

Jammer M.1960. Das Problem des Raumes. Darmstadt

Janiak, Andrew. 2010. Newton as Philosopher. UK. Cambridge University Press

Koyre, Alexander. 1965. Newtonian Studies. London. Chapman & Hall

 

 

[1] Newton, Isaac. 1846. The Mathematical Principles of Natural Philosophy. New-York. Daniel Adee, p45

 

[2] Jammer M. Das Problem des Raumes. Darmstadt, 1960. S. 105

 

[3] «Von dem auf Principien a priori gegrundeten Ubergange von den melaphysischen Anfangsgriinde der Naturwissenschaft zur Physik» - კანტის ეს ნაწარმოები, რომელიც შინაარსით ძალიან ჰგავს მისეულ «ბუნების მეცნიერების მეტაფიზიკურ პრინციპებს» (1786), დაუსრულებელი ნაშრომია; მისი ნაწყვეტი ზემოთ მოყვანილი სათაურით პირველად 1888 წელს, კანტის გარდაცვალებიდან 84 წლისთავზე იქნა, ა.კრაუზეს მიერ გამოქვეყნებული.

[4] Кант И. Сочинения в шести томах. Т. 6. М., 1966. С. 540

 

[5] იქვე. გვ. 542

[6] იქვე. გვ. 542

[7] იქვე. გვ. 542

[8] 61

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული