• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ისინი, ვინც მღერიან

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 16 თებერვალი, 2019 2842

როგორ გამოიყურება ჩემი ამერიკული ფერადი ოცნება,

ნაომარი ქალაქის ფონზე,

რომელშიც ლანდებივით კრთებიან ბავშვები,

და პირველი სიტყვა რომელსაც სწავლობენ - შიშია,

სწორედ ამ ერთადერთი სიტყვით, შეიძლება ყველაფერი თქვან,

საშიშია - იტყვის მამა და ეზოში ძაღლიც ჩუმდება,

და იწყებს მიყურადებას, იგივე ემართებათ ხეებსაც,

ფესვებამდე იბრუნებენ მწიფე ნაყოფს და ირინდებიან

2.

მდინარის მეორე მხარეს ცხოვრობდა ბაბუაჩემი,

მას ერთი უცნაური ჩვევა ქონდა,

როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო,

მაინც მღეროდა ძველ, მეგრულ სიმღერებს,

 და როცა დედაჩემი მასზე მიყვებოდა,

მე ჯერ კიდევ არვიცოდი რა იყო დაღლა, ქანცისგაწყვეტა,

არც დასვენების გემო  მქონდა გასინჯული,

 შემდეგ, როცა აღარავინ იყო ვინც, რაიმეს მომიყვებოდა,

გამახსენდა ბაბუაჩემი, რომელიც მეურნეობიდან დაღლილი ბრუნდებოდა

და გზადაგზა ღიღინებდა,

და მივხვდი, რომ ის ყველაზე მარტოსული კაცი იყო,

მათ შორის ვისი ხმაც ოდესმე მსმენია

3.

როცა გარდაიცვალა,

დედაჩემი უკანასკნელად გაემგზავრა მდინარის მეორე მხარეს,

გადაირა დამტვრეული ხიდი,

 მესაზღვრეებს არ შეუქმნიათ პრობლემები,

დედაჩემს საზღვარზე უკანონო იარაღი არ გადაუტანია,

არც პოლიციას არ ემალებოდა,

შესაბამისად, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდნენ მისგან,

ის, უკანასკნელად შევიდა კონფლიქტურ ზონაში,

სადაც მისი ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა,

 ის იქ წავიდა მარტო,

როცა დაბრუნდა, მივხვდი, რომ გარდაუვალი ცვლილებები მომხდარიყო

4

ამის შემდეგ დედაჩემი აგრძელებს ცხოვრებას,

მაგრამ ჩვენ უკვე ვეღარ ვსაუბრობთ,

ის აგრძელებს ცხოვრებას,

უკვე ამოკლებს კიდეც,

 და დღითიდღე ემსგავსება მამამისს,

რომელიც მღეროდა ძველ მეგრულ სიმღერებს,

 როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული