• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

უელბეკის ახალი რომანი `სეროტონინი` და ახალი სკანდალი

×
ავტორის გვერდი გარდიანი 08 იანვარი, 2019 6758

(რეცენზიის ოდნავ შემოკლებული ვარიანტი)

ავტორი: ანჟელიკა ქრიზაფისი

თარგმანი: პაატა შამუგია

 

მას აკერპებენ, როგორც ფრანგული ლიტერატურის უდიდეს ექსპორტიორს, პოეტ პროვოკატორს, რომელსაც სარკე უჭირავს და ირეკლავს მახინჯ ჭეშმარიტებას საფრანგეთის შესახებ.

შესაბამისად, როცა მიშელ უელბეკის დიდხანს ნანატრი, გამოსვლისთანავე რამდენიმე ენაზე ნათარგმნი რომანი "სეროტონინი" 320-ათასიანი ტირაჟით გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში, ავტორმა ცხოვრებაში პირველად თქვა უარი ინტერვიუებსა და მედიარეკლამაზე. თუმცა, ეს მოვლენა ეროვნულ ზეიმად იქცა.

რომანის გამოსვლას თან ახლდა Légion d’honneur - საფრანგეთის უმაღლესი პრემია, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიანიჭა 62 წლის "საშინელ ბავშვს", ფრანგულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის.  

"სეროტონინი" აღწერს სიყვარულის მაძიებელ აგროინჟინერს, რომელიც მოხსენებებს წერს საფრანგეთის მეურნეობის სამინისტროსთვის და ეზიზღება ევროკავშირი. რომანი ფრანგულმა მედიამ შეაფასა, როგორც გესლიანი და ვიზიონერული. რომანში გალანძღულნი არიან პოლიტიკოსები, "რომლებიც იბრძვიან არა ხალხის ინტერესებისათვის, არამედ თავისუფალი ვაჭრობისთვის".

უელბეკი და მისი სასოწარკვეთილი, თეთრკანიანი, შუახნის მამრი მთხრობელები არიან შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველები ნაციონალური ხასიათისა. მისი ბოლოსწინა რომანი "მორჩილება"  აღწერს 2022 წელს, როცა  საფრანგეთს მუსლიმი პრეზიდენტი ჰყავს და ქვეყანაში შარიათის კანონებია გავრცელებული. რომანი 2015 წლის 7 იანვარს დაიბეჭდა და სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს" გარეკანზე მოხვდა, რასაც მალევე ჟურნალზე ტერორისტების შტურმი მოჰყვა. შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. მისი რომანი "პლატფორმა" კი სექსუალურ ტურიზმზე და ტერორიზმზეა, რომელიც 2002 წელს გამოვიდა და გარკვეულწილად, იწინასწარმეტყველა ბალიზე ტერორისტული შეტევა.

"სეროტონინი" ამყარებს უელბეკის, როგორც წინასწარმეტყველის, სტატუსს, და ის მკვიდრდება, როგროც დიდი სახალხო რომანისტი", - წერს მემარჯვენე "Le Figaro".

რომანი მიჰყვება ტიპურ უელბეკურ ანტიგმირს: მარტოსულ, უკმაყოფილო, სექსუალური თავგადასავლებისა და მასთან მწოლი ქალების სხეულების აღმრიცხავს, რომელიც ნორმანდიის სოფელში ბრუნდება და დაკარგულ სიყვარულს იხსენებს. მთხრობელი ოდესღაც აგროქიმიურ კონგლომერატში მუშაობდა, იქამდე კი ნორმანდიული ყველის ორიგინალური გზით "დარეკლამებას" წარუმატებლად ცდილობდა. ის ვერ პოულობს ბედნიერებას ურბანულ ცხოვრებაში.

ჟურნალ Harpers-სთან საუბარში უელბეკმა შეაქო ტრამპი პროტექციონისტური პოლიტიკის გამო და მას "ამერიკის საუკეთესო პრეზიდენტი" უწოდა. მან მოიწონა ბრეგზიტიც: "ბრიტანელები ნერვებს მიშლიან, მაგრამ მათი სიმამაცის უარყოფა არ შეიძლება", - აღნიშნა უელბეკმა. "სეროტონინი", რომელიც ინგლისში სასექტემბროდ გამოვა, სწორედ თავისუფალ ვაჭრობას აკრიტიკებს უხეში ფორმით. უელბეკს ნათქვამი აქვს, რომ ის არჩევნებში არასოდეს მიიღებს მონაწილეობას, მხოლოდ რეფერენდუმებში.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე უელბეკის შემთხვევაში, პირდაპირმა ფრაზებმა ბევრი ადამიანი გააბრაზა რომანის გამოცემამდეც კი. საფრანგეთის დეპუტატმა მაკრონის პარტიიდან ენ მარშმა იწყინა, რომ რომანის მთხრობელმა დასავლეთ Niort-ს საფრანგეთის უმახინჯესი ადგილი უწოდა. დეპუტატმა მწერალს ურჩია, "პარიზული ბაბლიდან" გამოსულიყო და ქალაქი გამოეკვლია.

მართლაც, პარიზულ ბაბლში ჩაკეტილი სუპერვარსკვლავი მწერალი ამაზე თვითონაც ჩივის. ის ერთ დროს ანონიმური, ნიჰილისტი კაცი იყო ჩაბეტონებული რუხი გარეუბნიდან, მაგრამ შემდეგ მდიდარი გახდა, რაზეც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც წაიწუწუნა: "მე ახლა გლობალიზებული ელიტის ნაწილი ვარ".

უელბეკის მსოფლიო დიდება გამომდინარეობს მისი მართლაც ნიჰილისტური რომანებიდან, რომლებიც აღწერს კაცების უსიყვარულო ყოფას,   შემთხვევითი სექსით გატაცებას. მის ამ მეშვიდე რომანში მთხრობელი ყოფილი მეგობარი გოგოს წარსულს იხსენებს დეტალურად. წვრილმან დეტალებში აღწერს, რა დამოკიდებულება ჰქონდა მის პენისთან... ამან კი მისი თაყვანისმცემლებიც გამოიყვანა წონასწორობიდან. ნელი კაპრიელანი ჟურნალ Les Inrocks-იდან, ამბობს, რომ "მას ნამდვილად ასცდა MeToo მოძრაობა".

ზოოფილიისა და ბავშვთა პორნოგრაფიის ძიება ეჭვმიტანილი პერსონაჟის კომპიუტერში - ესეც გახდა ზოგი  კრიტიკოსის მხრიდან გაღიზიანების მიზეზი. ელიზაბეტ ფილიპმა ჟურნალ L’Obs-ში დაწერა: "მთელი ეს "მოხუცი, თეთრკანიანი მამრის" ესთეტიკა მოძველებულია, გაყიდვისთვისაა გამიზნული და სინამდვილეში, კარგს არაფერს მოიტანს. "რა აზრი აქვს დამარცხებული თეთრკანიანი მოხუცი კაცის გადარჩენას?" - კითხულობს ნარატორი. მართლაც რა აზრი აქვს?" - ასკვნის კრიტიკოსი.

მიუხედავად იმისა, რომ უელბეკმა მედიიდან ფეხი ამოიკვეთა, ის ფილმებზე უარს არ ამბობს. მის შესახებ ჟერარ დეპარდიე იღებს ფილმს.

 

© გარდიანი

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული