• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ციტატიუმი

მე მინდა ბრბოს შევერიო

×
პოლ ბოულზი
ავტორის გვერდი პოლ ბოულზი 22 მარტი, 2018 8533

თარგმანი: დავით ოქროპირიძე

პოლ ბოულზი - მორიელების და ცუდი სიზმრების მმართველი, რომელიც მკითხველის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ავტორადაა მიჩნეული და ლიტერატურის კლასიკაა. თუ სამშობლოს სიძულვილი, მიზანთროპია და წარსულის, წარსულში დატოვების სურვილი გაქვთ - ეს საუკეთესო დროა ბოულზს „ყველაფრის“ შესახებ ესაუბროთ.

 

თავისუფლებაზე

„გალიის კარები ყოველთვის ღიაა. არავინაა ვალდებული, შიგნით დარჩეს. თუმცა ხალხს თავისუფლება გალიის შიგნით სურს. საერთოდ რაა თავისუფლება? ჩვენ ფიზიკის კანონების გათვალისწინებით, სხეულითა და გონებით დაკავშირებულები ვართ. მე ვიტყოდი, რომ რაც ჩვენთვის არაა სასურველი, მასთან დაკავშირების აუცილებლობის არარსებობაა თავისუფლება.“

სიმარტოვეზე

"მე მინდა ბრბოს შევერიო და ეს ბავშვობიდან მინდოდა. კონკრეტულად მას შემდეგ, რაც მე პირველად გამაცნეს მეორე ბავშვი - მაშინ 5 წლის ვიყავი. თუმცა უკვე გვიანი იყო. მე არ მსურდა სხვის პირობებს შევწყობოდი. ახლა კი ამას მნიშვნელობა არ აქვს.“

ეგოსა და საკუთრების შესახებ

„მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ არ ვარსებობ. მე არ მაქვს ეგო. მე მწერლობას, როგორც ბუნებრივ ფუნქციას, ისე ვუყურებ. მე არ ვწერ - ეს თავისთავად ხდება. მე ვერ ვგრძნობ, რომ ჩემი წიგნები დავწერე. ისინი ჩემი ხელით, ჩემი ტვინით და ჩემი ორგანიზმით დაიწერა, მაგრამ ეს არ ხდის მათ ჩემად. მე საერთოდ არასდროს მიგრძვნია, რომ რაიმე მეკუთვნის. ერთხელ ცეილონთან ახლოს კუნძული ვიყიდე. ვფიქრობდი, რომ როდესაც მასზე ორივე ფეხით დავდგებოდი, ვიტყოდი: „ეს კუნძული - ჩემია“. თუმცა ვერ შევძელი. საერთოდ ვერაფერი ვერ ვიგრძენი, ამიტომ გავყიდე.“

ერთ ადგილას არჯდომის მიზეზებზე

„ჩემი ხშირი მოგზაურობების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის ვისწრაფოდი იმ ადგილიდან მოშორებისკენ სადაც დავიბადე - როგორც გეოგრაფიული, ასევე სულიერი თვალსაზრისით. მე ყოველთვის მიხარია, როდესაც აშშ-ს ვტოვებ. და წესისამებრ, რაც უფრო ვშორდები მას, მით უფრო ბედნიერი ვხდები. თუმცა არის კიდევ მეორე მიზეზი: მე ვხვდები, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და სამყაროს შესახებ რაც შეიძლება მეტი უნდა შეიტყო. ადამიანი მთელ სამყაროს ეკუთვნის და არა მარტო მის ნაწილს.“

საცხოვრებელი ადგილის არჩევაზე

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს დედამიწის ნებისმიერ წერტილში ცხოვრების უფლება აქვს. თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების კულტურის შეთვისება წარმოუდგენელ სისულელედ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, შემეწინააღმდეგებიან: „ადამიანი ყოველთვის ადამიანად დარჩება. მას აუცილებლად სჭირდება სხვა ადამიანებთან კონტაქტი“. მე ჩემი დამოკიდებულება „1001 ღამიდან“ სიტყვებით უნდა გამოვხატო: „არაფერი მანიჭებს იმაზე დიდ სიამოვნებას, ვიდრე ვიყო უცხო ჩემგან სრულებით განსხვავებული ადამიანების გარემოცვაში“.

მოგზაურობის სწორ საშუალებაზე

„მოგზაურობა ძველებურად, ხომალდებით გადაადგილებას რომ გულისხმობდეს, მე მოგზაურობას გავაგრძელებდი. ჩემთვის ფრენა - ეს მოგზაურობა არაა, ეს უფრო ერთი ადგილიდან მეორემდე სწრაფი მისვლის გზაა. მოგზაურობისას ბევრი ბარგის წაღება მიყვარს. არასდროს არ იცი, რამდენი თვით ან წლით და სად აღმოჩნდები. გადაფრენა ტელევიზორს მაგონებს: შენ იმის წაღება გიწევს, რის უფლებასაც გაძლევენ. ეს აუტანელია.“

სიცოცხლეზე მოძრაობაში

„ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება - განკითხვის დღის გადასადებად კარგი საშუალებაა. როდესაც მოძრაობაში მოვდივარ, უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს. როდესაც შენ ძველ ცხოვრებას გაშორდი და ჯერ ახალი არ დაგიწყია - სწორედ მაშინ ხარ თავისუფალი. და თუ ისიც არ იცი საით მიდიხარ - შენ უფრო თავისუფალი ხდები.“

საზოგადოებაზე

„ყველა ადამიანი იზოლირებულია ერთმანეთისგან. საზოგადოება - ეს არის რაღაც უგულებელყოფა, რომელიც ამ იზოლაციისგან გვიცავს. ეს არის ანესთეზიის როლში გამოსული ფიქცია.“

კომუნიზმზე

„ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ კომუნიზმი გაანადგურებდა დაწესებულს. როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს ასე არ იყო, გადავწყვიტე ჩემით მემოქმედა.“

კიფზე (ჰაშიშის სამხრეთ-აფრიკული დასახელება)

„არა მგონია, რომ კიფი წერის შესაძლებლობაზე ახდენდეს გავლენას. მას შეუძლია „ინსაიტის“ ნაპერწკალი გამოიწვიოს, თუმცა ანელებს აზროვნების პროცესს. მეორეს მხრივ, იგი გაძლევს ძალას რამდენიმე საათის განმავლობაში კონცენტრირდე წერაზე, შესვენების და დაღლის გარეშე. ანუ იგი შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუ თავისუფალი ფანტაზიის ნაყოფს წერთ. მე იგი ამ მიზნისთვის მხოლოდ ერთხელ მაქვს გამოყენებული, თუმცა ვფიქრობ, რომ უმეტესი მწერლებიც დამეთანხმებიან, რომ კიფი - მოშვებისთვისაა და არა სამუშაოსთვის“.

ლიტერატურაზე

„წიგნის შემადგენლობას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ნათელი პერსონაჟების და დამაინტრიგებელი სიუჟეტები ფართო აუდიტორიისთვისაა შექმნილი, თუმცა არა ჩემთვის. ჩემთვის საინტერესოა ის თუ როგორაა ისტორია გადმოცემული, როგორაა სიტყვები ერთმანეთთან შეთანხმებული, როგორაა წინადადება აწყობილი - ბოლოს და ბოლოს ლიტერატურა მეტი არაფერია, თუ არა სიტყვები. ჩემთვის პირველი - ენაა.

სიკვდილზე

„სიკვდილი - კიდევ ერთი არარსებული სიმაღლეა, რომელიც აშინებს იმათ, ვისაც მისი ეშინია. მე არაფერი მაქვს სათქმელი სიკვდილზე.“

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული