• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჰიპნოსხეულები სიზმარბარში

×
fish magic
ავტორის გვერდი თეონა კომახიძე 24 ნოემბერი, 2018 35801
***
 
შენობა ვიყავი საკუთარ სიზმარში და ვტრიალებდი სხეულის ნაწილებს ვიფლეთდი
მე ვნახე გამოშიგნული თევზი სერაფიმები
გონებიდან წარსულის რეაბრაზიის მრავალჯერადი მცდელობით
ობობაიეროგლიფები, რადიონათლისღებათა სიკაშკაშე
ბაყაყისხორხიანი მოქალაქეები, დაბრეცილი ფანჯრებიდან გამოპარული შუქების თავისუფლება,
რომლის მომცრო ნაგლეჯებზე ბავშვები დარბიან
კალუზურ წყლულთა წარმოუდგენელი კლდეები,
სიცარიელე
აბსოლუტური სიცარიელე
ჩაკეტილი და დაზეთილი ორგანოები
მე ვნახე სამუდამოდ ჩაკეტილი სახეები ბრბოში
მათ მიღმა ჩვენ ვისხედით სამუდამო სიზმარბარში
რომლის ზღვაშიც მინარეთისებრ ფეხებს ავასავსავებთ
სადაც ჩვენმა მანათობელმა სუნთქვამ
გზა შეუკრა მოყინული სიტყვების ტუტეს
ჩვენ ვიყავით ჰიპნოსხეულები
 
 
 
 
***
ბაქტერიებით სავსე
ორსქესიანი ენა გაქვს
გამოცხადებების დარბაზში ხარ და
ოპალურ ქარიშხლებს მოუხმობ
ციცინათელა სულები მოფრინავენ
რათა შენს შავთეთრ შუქნიშნებს უდარაჯონ
რათა შენი საშინელი დამჭკნარი ნისლიდან
ამოაგასვენონ
 
 
 
 
***
სმარაგდის ნისლით გაბრუებულ სიზმარბუდეში ხარ
შენს ოპალურ ნათებას
ქარიშხლები ეომებიან
შენი რძისნატეხებიანი სამყაროდან
რადიომირონი მოთქრიალებს
ანგელოზო
მე ხომ კარგად დაგიმახსოვრე
მე ხომ დავინახე შენი ბნელი ლაბირინთები
დავინახე როგორ მოჟონავდი სინათლის ნახვრეტებიდან
და ჩემს გვერდით დაეშვი
 
 
 
 
***
და რომ მთვარეა ჩემი ნავი
ჩემი მკლავები უცხოები დროის სუფრაზე
და რომ ქარია ჩემი რაში
წყვილი ძარღვების ლიანდაგით ნაგებ სხეულზე,
ჩემი სახლია ხელი სახეზე
და გავაძევე სიყვარული ჩემი სახლიდან
და რომ თვალებად ორი მწვანე ემბრიონი მაქვს
რომ ჩემი სისხლი გადაიქცა წითელ ყინულად,
გიყვარდეთ!
 
 
 
 
***
ის იდგა ვარდისფერ ქარში
„გამანათე“ მთხოვა მან „გამაბრჭყვიალე“.
მისი თვალები გაიკივლებენ
მისი მეტეორის ნარგავები ფესვს გაიდგამენ ჩვენს მდელოებზე
მისი აქვამარინული ამაჰატა ჩაკრები
ჩვენს შორის დასახლდებიან.
ვიღაც იძულებულია ეს სვეტი აღმართოს და წარმოთქვას შენი სახელი
ვიღაც იძულებულია შემოვლით შეეხოს შენს სახელს
აღელვების ქარი დაანაკუწოს
გამაღიზიანებლად ფრთხილად შეგეხოს და მიგისაკუთროს
ჩიტების მოტანილი შუქი ხარ ვარდისფერი
სინათლის ტლაპო.
სადაც ყველა გინაწილებდა
 
 
 
 
***
ზვიგენსახლებს შორის იფანტება ხარხარი
და დამჭკნარი სხივი სპესარტიტი
ბოლოებზე ებმის მათ ბზრიალა სულებს.
შევცურდი სიზმრის უღრმეს თვალში
და მივუახლოვდი ფარდებიან სახეს
მან მთელი სახე დაიკბინა და ჩემს მახლობელ ტოტზე შეფრინდა
მან ტუჩები დაიკბინა და თევზყუმბარასთან ერთად
ტოტზე შეფრინდა
მაინც სად წავიდა
ხვლიკებთან შერწყმული მისი ჰიპნოორგაზმი?
სადაც თბილოდა და ბნელოდა
და გონებაშერყეული ქარი თითზე იხვევდა ნაზ გამყინვარებას
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული