• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჩემს ოთახში

×
wifredo lam
ავტორის გვერდი ზურა ნეფარიძე 29 ოქტომბერი, 2018 2317
ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება
 
 
*
ეს ის დროა როცა უნდა აცივდეს და სკამზე დაჯდომა იწვევს შიშს
დგახარ ბეტონის სვეტივით 
მხრებზე ფოთლების გროვით
გინდა შენც მკვდარი ფოთლებივით დაგცვივდეს მოვალეობები და სიმძიმეები
ამისთვის უბრალოდ თრობა არ კმარა
საჭიროა ვულკანური სიმძაფრის შინაგანი ძვრები
ინტერპრეტაციათა შეჩერება
და გარდუვალობათა მძიმე ბათინკქვეშ ტკეპნა
ბათინკი როგორც ტანკი
გადაუვლის ანაქრონიზმების ოპტიკურ და ყველა არსებულ ილუზიას
შხამიანი ნამცხვრები უნდა გაქრეს ვიტრინებიდან
და მრავალდაძარღვული ქუჩები გახდეს მისტიურ ამოსუნთქვათა ლაბირინთები
ჩაზნექილი ლოყებით
ქუჩები პოეტურ შეხედულებას იძენს
არამსხმოიარე სიტყვებისგან დაცლილი
და ათწლეულებისგან არ შეღებილი
მე ვიქნებოდი გლობალურ საკითხებზე მეტად კონცენტრირებული
რომ არა ჩემში არსებული 
ჩემ მიერ ხელშეუხებელი
სამყაროსთან დამაკავშირებელი ფაქტორები
 
 
*
როცა კვანძის გახსნა სხვა ამოსახსნელ ამოცანამდე მიგიყვანს
შესაძლოა ამ დროს შენში იბრძოდეს 2 ადამიანი
2 სახე
საზოგადოებრივი და შინაგანი
ისინი შენში მიმდინარე პროცესების დაკავშირებას ცდილობენ
ზარმაც გონებას ეს აღიზიანებს და 
ჩვეულების თანახმად იღიმის
განზე გაწეული ლოყები 
სწორნაწლავის შეკუმშვას და მის გაფართოებას ემსახურება
ყვითელი ლამპიონები მწველად ანათებენ 
გახუნებულ ქუჩებში
მეტყველებას და თვალებს შეუძლია აღწეროს 
რომელ კლავიშს ემორჩილება 
საწყლად აგდებული თავისუფლება
 
 
*
მე ვერ გავიგე
მე გავიგე
მე დავინახე
მე ვერ დავინახე
ვერ მოვისმინე
როცა სიტყვებს მნიშვნელობა აღარ ქონდათ
და ბუშტებივით სკდებოდნენ ჰაერში
ვერ ვხედავდი ვერაფერს
როცა სიტყვები დაუნდობელი ტალღებივით ანადგურებდნენ
ვერ ვეხებოდი ვერაფერს
როცა ხორცი გამხმარი კურკლივით ეგდო ნაგვის გროვაში
და სული როგორც კვამლი აჩრდილში
ფერმენტირებული ორგანიზმის ნიადაგზე აღმოცენდა
და დაისხა მდუღარე ფერებში  წარმოქმნილი ესთეტიკა
როცა უკუგდებულ ფიქრებს აძლევდი უფლებას
განესაზღვრათ თავისუფლების ხარისხი რაიმეს არჩევისას
და დადიოდი ერთდროულად სევდისა და მხიარულების გზებზე
და ფიქრობდი
მცენარეები მეტად საჭიროებენ თანაგრძნობას რომელთაც მწერები ჭამენ
თუ მწერები რომელთაც შიათ
ყოველი ასეთი ღამე იყო დაბადება
დასაბადებელთა ასტრალურ ხვრელში
 
 
*
მოძრაობა ასაზრდოებს ან არღვევს მთლიანობას
დამპალი სოკო ჰაერს ფლეთს 
სუნთქავს როგორც მუქი ცისარტყელა აკვარიუმში
ბუზთა ჯარი ნეხვის გროვას ჯიჯგნის
ისე თითქოს პედოფილი მატყლს წეწავდეს შემოდგომის ეროტიულ ნიმფათა შორის
ბალახს ფანჩარივით ახმობს სუბლიმატურ სარტყელში დედამიწა
და მართლმადიდებლურ კალენდარში მუწუკებივით იჩირქებიან თარიღები
ამოდი მზეო
სანამ ზამთარი განახლებას დაუსრულებლობას მოაყოლებდეს
სანამ ბავშვებს ჯერ კიდევ აქვთ და შერჩათ თამაშის უფლება და სურვილი
განმუხტული სიყვარულის თავშესაფრებში უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იწრთობიან ან ბერდებიან მოხუცი ახალგაზრდები
მდინარეები ვერ წაიღებენ შეცდომათა სკივრში გამოკეტილ ვნებებს 
იგი უწონადოა და არ არსებობს გამაცამტვერებელი წერტილი
არ არსებობს შეჩერებული მოძრაობის საყინულე
და ზოგი ისე დადის 
თითქოს ყველაფერი გაკეთებულია ან დასრულდა
და ზოგი ისე დადის თითქოს სუსტის დასასჯელად მიდიოდეს
და ზოგი საერთოდ არ დადის
დგას თავის კუთვნილ გაჩერებაზე ფერმაში გამოკეტილი ძროხასავით
და ანოყიერებს დაბადებამდე არსებულ მიწის ნაგლეჯს სასაფლაოზე
 
 
*
დამთრგუნველია იმაზე ფიქრი
რომ ზოგჯერ შეგრძნებებიც გენეტიკურად ან/და 
ძალმომრეობით მართულია
შენს გარშემო როცა ყველაფრის დაკავშირებას ცდილობ
საჭიროა ჯერ მოძრაობები გააჩერო
საჭიროა წარმოიქმნას უძრაობის გრძელი ტალღა
წარმოიდგინე შიგნით ხარ
ხეში გამავალი წვენივით
მას მერე რაც საგნებს ნამდვილად შეეხე
და გარკვეული ცნობიერებით დაიბადე
მნიშვნელობა არ აქვს ერთი დღისთვის თუ მარადისობისთვის
მთავარია ეფექტი 
შედეგი რომელიც უძრაობამ წარმოშვა
გაბათილებული მოძრაობები ახალ სახეებს ქმნის
რის შემდეგაც უკვე იცი ფერფლის ხასიათის მნიშვნელობა
 
 
*
დროს ნუ კარგავ ფიქრთა მართვის მოსაპოვებლად
შესაძლოა ეს ნიშნავდეს იდეებზე უარის თქმას
ეს არაფერია
როცა წამი ნიშნავს იდეებს ჩარჩოში
როცა გაძვერი ხორცის მარწუხებიდან
იყავი
ჭრიჭინებისგან გაგუდულ ტყის შუაგულში
ლაქის საპოვნელად მისული
ერთ ბოთლშია დამწყვდეული ჩემი სიყვარული
წადი და მარწყვის მდელოზე ამოარწყიე
საკუთარი პოეტური მიზანთროპია
ფოთოლთა თვალთა მწვანე სიმეტრიულ სიბნელეში
იმ დროს როცა კითხავ შენ თავს
ვისი აქ მოსვლა გაგიკვირდებოდა ყველაზე მეტად
 
 
*
ყურთან მჭახე ღრიალის
დინამიკაში კვდებოდა ღამე
ხეები ძერწავდნენ ნიავში ნისლს
და მწვანედ გადღაბნილ პეიზაჟებს
არ ქონდათ ხმა
არ ქონდათ სევდა
არ იცინოდნენ
არავინ იცოდა საკუთარი სამყოფელი
როცა ხეებს ძერწავდნენ ნისლში
იცვლებოდა სახეები
იცვლებოდა ხმათა ტრაექტორიები
იცვლებოდა ფარდის დაშვების შემდეგ წარმოქმნილი ემოციები
როცა ხეები იდგნენ ნიავში ნისლში
ვერავის უსაყვედურებდი
ვერავინ მოგესალმებოდა
ვერავინ შეგიყვარებდა
 
 
*
ვიცი შენთვის არავინ ვარ
მე შენს სიყვარულს ხის ხორცში მივაჭიკარტებ
არა როგორც ლაქა 
არამედ მის მთლიანობაში შეზრდილი ენერგეტიკული ნაკადი
რათა მცენარეულად შეძლოს ზრდა
მოასკდეს კვირტები
გამწვანდეს
გაიფოთლოს
განაყოფიერდეს
და იყოს ეს ხე  ორგანულად ზრდადი ძეგლი
რომელსაც შევხედავ და ვეტყვი
შენ ხარ ცენტრი საიდანაც იშლება  სხვადასხვა ფერის სხივები
მიყვარხარ
მერე რა რომ ნიშნეულია უფუნქციო სვლა ძვრები დუღილი
ცოხალი და მკვდარი ორგანიზმების 
კონფორმისტული ცივილიზაციის უშინაარსო მდინარებაში
 
 
*
ის მოვიდა ჩემთან 
მე ვიყავი მზად ჩემში ჩამეღვარა სიყვარულით სავსე ქუჩები
სუნთქვის რიტმს აყოლილი ჰაეროვანი ნაბიჯებით 
მსურდა ახალი სახლი და პერფექციების ნგრევა
რომელიც მაშინ ჩნდება როცა ფასადურ პედანტურ კონსტრუქციებს აშენებ
და სულის თვისებათა ემბრიონებს განავალს ატან
მზად ვიყავი შევხებოდი მის სულს
მსურდა სიყვარულის ფარდობითობა განმესაზღვრა
როცა სახლს ვიცვლი რუკას სხვა ხედიდან ვუყურებ
ახალ სახლში მარტოდ ყოფნა კოსმოსში ბეჭდვას გავს
ნივთებს ისე ვალაგებ როგორც თავად მსურს 
ჩვევები საკუთარი მაქვს
და მათ მოშლასაც მე მოვიფიქრებ
წიგნებს თაროებზე მე ვალაგებ 
ლოგინის გასუფთავებაზე ვზრუნავ
მინდა გადავფერთხო  ზეწრებიდან სიმარტოვე
როგორც მუმიფიცირებული ნაწლავის ჭია
შემიძლია მთელი დღეები მდუმარედ გავატარო
და ფიქრში დასახმარებლად კედლების სიმჭიდროვეს ვუყურო
თვალები ვახამხამო რადგან ვიცი შედეგი
ყოველი თვალის დახუჭვის შემდეგ სამყარო სხვანაირია
წინასწარ შემზადებულ განწყობათა შესაბამისად
შემიძლია დავაკვირდე ჩემთან ერთად მცხოვრებ მწერებს  ნელ-ნელა როგორ კვდებიან
მათ არანაკლებ ეშინიათ ვიდრე ჩვენ
ისინი მკვდრებიც კი ჯიუტები არიან
უნიტაზის უამრავჯერ ჩარეცხვის მერეც
წყლის ზედაპირზე რჩებიან
ფსკერზე კი სიცოცხლესთან დამაკავშირებელი ფეთქებადი შეგრძნებები განისვენებენ
 
 
*
ჩემს ოთახში 
ყველაფერი ტრაგიკულად მოძრაობს
როცა მე დიდხანს გაუნძრევლად ვაგდივარ
ვგრძნობ შეპყრობილი ვარ მიუწვდომელი ცნებებისგან
როცა მოუხერხებელი პოზისგან შეწუხებული
დიდი ხნის შემდეგ ვფხიზლდები
 
 
ჩემს ოთახში იქნება გარემო
რომელიც გარკვეულ სახეს მომცემს
როცა თვალებდახუჭულიც კი ვხედავ
მინდება უსინათლოების შესახებს ფილმს ვუყურო
და როგორც თხევადი ბურთი ისე ვმოძრაობ
სივრცეს ვჭმუჭნი
და კვლავ მოუხერხებელი პოზისთვის ვემზადები
კატა ასე არ ემზადება ალბათ შესატევად
ღრმა ნაპასებს  ჩავაყოლე ჰალუცინაციები
და გამოფხიზლება აღარ მინდა
ჩემი სიგარეტი სუნთქავს
და სოციალური თემებისგან ვიბლოკები
ვქმნი სფეროს რამდენიმე კვადრატში
და დინამიკიდან მომდინარე ბგერებს 
შუშის ნამსხვრევები მოყვებიან
ველოდები მოძრავი ფიგურები როდის დალაგდებიან
რათა გავარჩიო მათი მოხაზულობა და ნიშან-თვისებები
მაიმუნის პოზაში მყოფი ვბეჭდავ
და დილით გაღვიძებისას წებოვან ნისლში შედედებული ლექსი მხვდება
შევდივარ ნისლში და ვფიქრობ
უცვლელი წარმოდგენა ადამიანზე
მასში წარმოქმნილ სიახლეებს და ცვლილებებს უკუაგდებს
მტვრის ფერის მიხედვით განირჩევა ადგილმდებარეობის ავკარგიანობა
წარმოსახვითი სამყაროების შექმნისას
როცა სკოლის ტუალეტში დახატული ყლე მახსოვს
რაღაც პროცენტით მეც ის ყლე ვარ
ჩვენ ისე მივეჩვიეთ და ღრმად ჩავეშვით ყოველდღიურობაში
რომ მისი რიტმიდან ამოვარდნისას
განგაშის სიგნალი ირთვება
ადამიანები უნდა დავტოვოთ მარტონი საკუთარ საიდუმლოებებთან
რადგან პატივი სცენ საკუთარ თავებს და ჩვენ მათ
მომაბეზრებელია ყოველ დილით სარკიდან მომზირალი
რუტინაში გათქვეფილი პერსონაჟის ყურება
ზოგჯერ ჩემი გული მახსენებს 
მისადმი უყურადღებობას
როცა ის ფეთქავს და მიმანიშნებს კავშირის დარღვევაზე
ამ დროს კალამს ვისვრი იატაკზე 
და წერტილი გაურკვეველ ადგილზე ტოვებს ნიშანს
 
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული