• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ღამის მცენარეების სიმღერიდან

×
leonora carrington
ავტორის გვერდი სკა ინდიგოთი 16 ოქტომბერი, 2018 2294
***
მათ სხეული აორთქლებულ სისხლში გაიდგეს
ჩვენ გვეძინა ზღვასთან
და ერთმანეთის თვალებში ყვავილები ამოგვყავდა
წყალმცენარის სხეულები
რომელთაც არასდროს უნახავთ მზე
დინება მათ ხელებს მიწას აძლევდა
შეძლეს არ ეგრძნოთ
სიტყვებისგან დრო ისე გამოეხადათ
მათ შორის ვტევდით ყველას
ვინც ნაბიჯებით ქარს დაყვებოდა
ვისაც არ ჰქონდა ფერი და სახე
ვისაც ჯეროდა
რომ ხეები სხივებს ყლაპავდნენ
და ჩვენ ვრჩებოდით სიტყვებთან
რომელთაც მნიშვნელობა არ ჰქონდათ.
 
 
 
***
 
ვცადე საათზე ისრების ნაცვლად მებრუნა,
გადმოვიხარე სხეულიდან,
რომ დავმსგავსებოდი სიმშვიდეს.
შენ გინდა გცადო.
დღეებსაც.
დედასაც, რომელიც მივატოვე მუცელშივე.
ამბობს დრო. იგივე არარსებობა.
ცდა გზაა, რომელიც გაბრუ(ნ)ებს,
არ აქვს მნიშვნელობა სად.
გამოცდი.
თუ სახლს არ აქვს მეგობრები
და ერთსართულიანი სახლის სარკმელი მეორე სართულზეა,
საიდანაც ვიხედებით საკუთარი და ჩვენი არსებობიდან
დროში ანუ არარსებობაში ვერ ჩაეტევა.
ვეცადეთ მოვხვეოდით სახლს 
და არა პირიქით.
არსებობა უკანონოდ დავაშენეთ მიწაზე,
რომლის სახელი იმაზე უფრო შორსაა,
ვიდრე ჩვენი სახლი.
სინამდვილეში.
დედამიწიდან.
ვცადე საათზე ისრების ნაცვლად მებრუნა.
ეს მხოლოდ იმ დღეს,
როცა დროს აფთიაქშშიც იყიდდი,
როცა წარმოიშვა არარსებობა და გაიყიდა მართლმადიდებლური ტირაჟით.
სახლში კედლები ერთმანეთს იზიდავდნენ
და დროს ახრჩობდნენ საკუთარი ისრები.
მეც გადავწყვიტე.
გადმოვიხარე სხეულიდან.
დავემსგავსე სიმშვიდეს.
მას შემდეგ აფთიაქში ვიყიდები.
 
 
 
***
 
ვერაფერს გჩუქნი 
ვერც სითბოს 
როცა მიწაზე მზეებს ვხატავ
აბიჯებ და გცივა
საათს ვიცმევ და შენთან ერთად დავდივარ,
ან გეუბნები
რომ საათი არ არსებობს
არსებობს დრო
რომელიც არ მოგვკლავს 
რადგან ისიც არ არის 
შენი თითები მეხვევა ყელზე 
ისინი გვანან ჭიებს
სხეულში შენთვის ბოლო განზრახვით
მათ სურთ გვაჩუქონ სითბო
დრო და ერთმანეთი
და არ მოგვკლან მანამდე
სანამ არ გამოვძვრებით მირკანის ფოტოებიდან
და დავივიწყებთ იმას
რაც აქამდე გავდა დაბადებას,
შუბლზე რელიგიებით.
 
 
 
***
 
მყვინთავები 
ღამის მცენარეების სიმღერიდან
რომლებიც იზრდებიან მეგობრების თვალების შუქზე
იღვიძებენ ძილის ხმაზე
კარგავენ თავს
მეხსიერებას და არაფერი აქვთ თვალჩასაჭიდი
ბლაგვ ტრასებზე გაურბიხარ იუიტებს
სიზმრებიდან ამოთხრილ ბოთლებს
სანამ მეზობელი სახლების აივნებს შეარყევს დილა
შეგიძლია გამოსცრა შიში 
მასკარადების და სხვა სიწმინდეების წინაშე
იყო კეთილი
გაიცინო
და დაივიწყო რაც არ მომხდარა
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული