• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლექსი ამ ლექსის მკითხველისთვის

×
spicer
ავტორის გვერდი ჯეკ სპაისერი 17 ივლისი, 2018 2607

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

ხუთი სიტყვა ჯო დანის ოცდამეორე დაბადების დღისთვის
 
 
ვაპირებ მოგცე ხუთი სიტყვა შენი დაბადების დღისთვის.
 
პირველი სიტყვაა ანთროპოს
რომელიც დაბადების დღეებს აღნიშნავს.
ის დამჭკნარი და მტკიცე და ბრმაა, მოტიტინე
ძველი ომებისა და მკვდარი მშვენების შესახებ.
ის აქ შენი სულის სიმშვიდისთვისაა სანამ დღეები მიერეკებიან
და ომებს აგებენ და ვარდები ჭკნებიან.
არ არსებობს მტერი რომელსაც შეუძლია დაგარტყას და რომელიც მას არ დაუმარცხებია.
არ არსებობს სილამაზე რომელიც მოკვდებოდა შენს გულში და ის არ დაიმახსოვრებს.
 
მეორე სიტყვაა ანდროს
რომელიც ამაყობს თავისი გენდერით
მოჩხუბარი მამლაყინწასავით დაატარებს მას, წამომართავს
დროის შუაღამეში
როგორც სანთელს დაბადების დღეზე.
სულელივით მოგცემს სიბრძნეს
საზარდულში დამალულს
რომელიც ხმას იმაღლებს
ყველაფერი არასაკრალურის უხეშობის წინააღმდეგ.
 
მესამე სიტყვაა ეროს
რომელიც მოგეკვრება ყოველ დაბადების ღამეს
არსს მოჰგვრის შენს გულს.
ვისაც კი შეეხები შეგიყვარებს,
შეიგრძნობს თავისი შეხების შენდამი მოკვრას
როგორც მზის ნათელს გაფანტულს სარკეზე.
 
მეოთხე სიტყვაა თანატოს, შავი მუცელი
რომელიც დაბადების დღეებს ჭამს.
მე არ გაძლევ თანატოსს. მე სიტყვა მომაქვს შენთან მის დასასახელებლად
თანატოს, ახალგაზრდა კაცების მსანსვლელი, გულისმკბენელი, ძვლისმლოკავი.
შეხედე, ის იპარება როცა კი ასახელებ.
დაასახელე! თანატოს.
 
ბოლო სიტყვაა აგაპე,
მოცეკვავე რომელსაც ძვრაში მოჰყავს დაბადების დღეები.
ის აქ იმისთვისაა რომ სიტყვები მართოს.
ყოველივეს საპირისპირო, ის სიტყვებს
აბრუნებს თავის გარშემო. სიტყვები ცეკვავენ.
შეხედე მათ. ანთროპოს უასაკო,
ანდროს ქალწულქმნილი, ეროს სარკეგანძარცვული,
თანატოს სანსლული.
აგაპე, აგაპე, ცირკის დედოფალი,
სიყვარული.
 
 
 
 
 
ლექსი ამ ლექსის მკითხველისთვის
 
 
მე შიშველ არწივს ვისვრი შენს ყელში.
წუხელ მესიზმრა
რომ შენ გეჭიდავებოდი მთის ფერდობზე.
არწივი სიზმარს ხედავდა ჩვენ თავებსზემოთ.
ჩვენ ქვებს ვესროდით.
წუხელ მესიზმრა—
ეს ნებისმიერ ლექსში სიმცდარეა
წინა ღამე არასდროს მომხდარა
ვერ
გაგრძნობინებდი აზრს ასე უცებ
რომ მეთქვა რა მესიზმრა წუხელ
რომ მეთქვა შენთვის რომ მესიზმრა რომ ვეჭიდავებოდი
ამ ლექსის მკითხველს.
მესიზმრა—
სველი სიზმარი იყო?
თუ მშრალი
როგორც არის სიზმარი
როდესაც ბიჭები სიზმარში ქვას ესვრიან მას?
ჩემივე ქვითინი შემომესმა სველ სიზმარში
ნუ დარდობ ყველაფერს გეტყვი.
 
წუხელ მესიზმრა
რომ მთის ფერდობზე გეჭიდავებოდი.
სველი სიზმარი იყო?
არა გეტყოდი სველი სიზმარი რომ ყოფილიყო.
ეს ლექსი იყო
ჩვენ
ამ ლექსში შენ გეჭიდავებოდი
და სველი სიზმარი არ იყო.
 
მაშინ განსაზღვრე
თუ არ გსურს ლექსიდან განაფრთხო
განსაზღვრე
სიზმარი
ჭიდაობა
ტყუილი
და რა
ჯანდაბა იყო ის არწივი რომელსაც ქვებს ვესროდით,
და რატომ მიყვარხარ ასე ძალიან
და რატომ არ იყო სიზმარი სველი.
ვერ უარვყოფ
ტყუილს.
არწივი იყო
ღმერთი ან ჩარლზ ოლსონი
არწივი იყო შიშველი მოჭიდავე კაცები
იმედის გარეშე შიშველ მოჭიდავე კაცების რომ აქვთ ხოლმე.
არწივი სველი სიზმარი იყო.
მაგრამ არწივი ჩემს ყელში ამბობს, „ჯეკ,
როგორ შეგიძლია ლექსი დაუწერო ლექსის მკითხველს?
სიზმარშიც კი უნდა გიყვარდეს ვინმე.“
ეს მორიგი ტყუილია.
მე არავის ვეჭიდავებოდი
მე ვეჭიდავებოდი ამ ლექსის მკითხველს.
 
კაცები კოცნიან კაცებს
ისე როგორც არავინ
კოცნის გოგოს
კოცნიან ერთმანეთს როგორც აფრიკის რუკა
ანდა უდაბნოს სურათი
ანდა მთელი სამყაროს სკალებიანი რუკა.
მაგრამ ეს სველი სიზმარი არაა.
ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვიკოცნია.
ჩემო ძვირფასო, რომ შემოგეფრინა
შიშველი არწივი ჩემს ყელში
ვიყვირებდი, „სწორედაც!
როცა ვთქვი რომ ესაა ლექსი მკითხველისთვის
მინდოდა დამეგო მახე
რომელშიც მარტო შენ გაეხვეოდი.
შენ
იცი ვინ ხარ
იცი რა საშინლად შორს
ხარ წინა ღამისგან.
თუ მე ბებერი ვიქნები როცა შენ ამას წაიკითხავ,
თუ მკვდარი ვიქნები როცა ამას წაიკითხავ,
ძვირფასო, ძვირფასო, ძვირფასო,
გასული ღამით იყო
შენ რომ დაგეჭიდე.
შენ გეჭიდავები.
სიზმარი სველი არ იყო თორემ შენთან მოჭიდავე
შიშველი საფლავის ქვა იქნებოდა.“
მარტივად მიიღე
წარმოიდგინე რომ ჩვენ
ჯოჯოხეთის მთების და კანიონების აღმოჩენით ვიყავით გართული
და ვჭიდაობდით
და ვტყნაურობდით
და—ჯოჯოხეთი,
მხოლოდ და მხოლოდ ჩაშხამებული ქემფინგი.
ჭიდაობა! ისე თითქოს
უსახო კომიკოსებით სავსე ოთახში ვიყავით.
 
ეს არაა რისი თქმაც მინდოდა. მინდოდა შენთვის მეთქვა
რომ არსებობს უმანკოებაც
და ბრმა განდიდება
მთის სახის
ყველაფერში რასაც დავათვალიერებდით
ეს რომ სველი სიზმარი ყოფილიყო
რომ გვემოგზაურა
ურუკოდ, იმის მიღმა რაც თითოეულმა ჩვენგანმა იცის
მკვდარი არწივის მიღმა,
უსახო კომიკოსების მიღმა
რომლებმაც შეგვაღონეს,
მიღმა წარსულის რომელმაც უადგილო ადგილას დაგვდო,
მიღმა მკვდარი სტრიქონების ლექსში რომლებიც ბოლოს და ბოლოს
მხოლოდ მკვდარი სტრიქონებია ლექსში,
მთებისკენ
სადაც ჩვენი გულებია
სადაც გული არის.
სველი სიზმარი—
ღმერთს ვეტყვი
სველი სიზმარი იყო.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული