• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

ავტორიტარული პიროვნულობა

×
ერიხ ფრომი
ავტორის გვერდი ერიხ ფრომი 06 მარტი, 2018 3992

ერიხ ფრომი 1957

თარგმანი: დავით გალაშვილი

  რას ვგულისხმობთ „ავტორიტარულ პიროვნულობაში“? ჩვენ, ჩვეულებრივ, ვხედავთ მკაფიო განსხვავებას იმ ინდივიდებს შორის, რომელთაც სურთ მართვა, კონტროლი, ანდა სხვათა შებორკვა და  რომლებიც მიდრეკილნი არიან მორჩილებისა და თავიანთი თავის დამცრობილად წარმოჩინებისაკენ. იმისათვის, რათა საუბარი უფრო ახლო და ნათელი გახდეს, გამოვიყენებ ლიდერისა და მისი მიმდევრების ცნებას. ბუნებრივია, რომ მართულსა და მმართველს შორის ბევრი სახის განსხვავება არსებობს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ორი ფორმა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია.

  ის, რაც მათ საერთო აქვთ, რაც განსაზღვრავს ავტორიტარული პერსონალობის არსს, არის შეუძლებლობა, შეუძლებლობა დაეყრდნო საკუთარ თავს, იყო დამოუკიდებელი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „აიტანო“ თავისუფლება.

  ავტორიტარული ხასიათის საწინააღმდეგო პოლუსს, წარმოადგენს მოწიფული პიროვნება: პიროვნება, რომელსაც არ სჭირდება მიეტმასნოს სხვას, რადგან ის მტკიცედ ორიენტირებს სამყაროში, იმ ხალხში, რომელიც მის გარშემოა. რას ნიშნავს ეს? ბავშვებს სჭირდებათ საყრდენი. დედის საშვილოსნოში ისინი ფიზიოლოგიური გაგებით არიან დედის ნაწილნნი, ხოლო შობის შემდეგ კი, რამდენიმე თვის, ან წლის განმავლობაში- ფსიქოლოგიურად. ბავშვებს არ ძალუძთ დედის გარეშე. თუმცა ისინი იზრდებიან და ვითარდებიან. ისინი სწავლობენ სიარულს, მეტყველებას და გარკვეული ძალისხმევის შემდგომ პოულობენ თავიანთ სამყაროს. ბავშვები ფლობენ ორ თანდაყოლილ უნარს, რომლის განვითარებაც შეუძლიათ: სიყვარულს და განსჯას.

  სიყვარული არის კავშირი და ერთიანობა სამყაროსთან, ამავე დროს დამოუკიდებლობისა და მთლიანობის შენარჩუნება. შეყვარებული ინდივიდი დაკავშირებულია სამყაროსთან. მას არ ეშინია მანამ, სანამ სამყარო მისი სახლია.

   სიყვარული ნიშნავს აღიარო სამყარო , როგორც ემოციური გამოცდილება. აგრეთვე არსებობს აღიარების სხვა  გზაც, გონებით გაგება.  ჩვენ ამგვარ გაგებას ვეძახით განსჯას. იგი განსხვავდება ინტელექტისაგან. ინტელექტი გონებას იყენებს იმისათვის, რათა მიაღწიოს ცალკეულ მიზნებს. შიმპანზე ინტელექტს იყენებს მაშინ, როცა მისი გალიის წინ ბანანს ხედავს, რომელსაც თავის ხელთ არსებული ორი ჯოხით ვერ ისაკუთრებს, მხოლოდ მათი გადაბმის მერე ახერხებს მიაღწიოს მიზანს. ეს ცხოველის ინტელექტია,  იგივე მანიპულაციური ინტელექტი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ადამიანებზე საუბრისას, გაგებას უწოდებენ. განსჯა სხვა რამაა. განსჯა არის გონების უნარი, რომელიც იღწვის საგნების შუაგულში შეღწევისათვის, რათა დაადგინოს რეალურად რა ძალები და დინებები განსაზღვრავენ იმ ჩენებს, რომლებიც ზედაპირზე მანიფესტირდება.

  იმისათვის, რათა უკეთ განმესაზღვრა ავტორიტარული პიროვნულობის არსი, მე ავღწერე მოწიფული, ესე იგი, მოსიყვარულე და გონიერი ინდივიდი. ავტორიტარულ ხასიათს კი, მოწიფულობას ვერ მივაწერთ. მას არც სიყვარული და განსჯა ძალუძს. შედეგად ის მარტოსულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შიში ღრმად ფესვგადგმულია. მას ესაჭიროება ვალდებულების გრძნობა, (რომელიც არც სიყვარულს ითხოვს და არც განსჯას), რომელსაც  სიმბიოზურ მიმართებაში აღმოაჩენს და ნაცვლად საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა, ის დღვებავს და ანგრევს მას. ავტორიტარულ ხასიათს სჭირდება სხვა პიროვნება, რომელსაც შეერწყმება, ურომლისოდაც ის ვერ აიტანს შიშსა და მარტოობას.

  მაგრამ აქ ჩვენ წავაწყდებით გადაკვეთის წერტილს, რომელიც ორივე- მმართველისა და მართულისთვის საერთოა.

   პასიური ავტორიტარულობა, ან სხვა სიტყვებით, მაზოხისტური და მორჩილი ხასიათი მიზნად ისახავს( ქვეცნობიერად მაინც) გახდეს დიდი ერთობის ნაწილი, „დიდი პიროვნების“, „აღმატებული ინსტიტუციის“, „აღმატებული იდეის“ პატარა შემადგენელი. პიროვნება, ინსტიტუცია, ან იდეა შესაძლოა ნამდვილად იყოს მნიშვნელოვანი, ძლევამოსილი, თუმცა შესაძლებელია, რომ მას ეს თვისებები „მორწმუნე“ ინდივიდმა მიაწერა. მთავარი ის არის, რომ, ცხადია სუბიექტური მანერით, მავანი დარწმუნებულია თავისი ლიდერის, პარტიის, სახელმწიფოს ან იდეის ძლევამოსილებასა და აღმატებულობაში, რომ ის თვითონაც ძლიერი და დიდებულია, რადგან ამ „აღმატებულის“ ნაწილია. ავტორიტარული ხასიათის პასიური ფორმის პარადოქსულობა ის არის, რომ მავანი საკუთარი თავის დამცრობილად წარმოჩინებით(როგორც რაღაც გრანდიოზულის პატარა ნაწილი), თავის თავსვე განადიდებს. მავანს სურს, რომ შეასრულოს ბრძანებები, რადგან თავიდან აირიდოს გადაწყვეტილების მიღების, არჩევანის გაკეთების პასუხისმგებლობა. მაზოხისტ მავანში, რომელიც მუდამ დამოკიდებულების მაძებარია, ღრმად ჩაბუდებულა შიში( ხშირად მხოლოდ ქვეცნობიერად), არასრულფასოვნება, სიმარტოვე და უძლურება. სწორედ ამიტომ ის ეძებს ლიდერს, ძალაუფლების წყაროს, რათა თავი დაცულად იგრძნოს, რათა დაძლიოს საკუთარი არასრულფასოვნება. ქვეცნობიერად, ის გრძნობს თავის უძლურებას და ესაჭიროება ლიდერი, რომელიც გრძნობებს გაუკონტროლებს. მაზოხისტი, მორჩილი მავანი, რომელსაც თავისუფლება აშინებს და კერპთავყვანისმცემლობის მიდრეკილება აქვს, სწორედ ის პიროვნებაა, რომელზეც ნაციზმი და სტალინიზმი დგას.

  პასიური, მაზოხისტური ხასიათის გაგებაზე უფრო რთული, აქტიური, სადისტური ავტორიტარულობის დახასიათებაა. მისი მიმდევრებისათვის ის საკუთარ თავში დარწმუნებული და ძლევამოსილი ფიგურაა, თუმცა მაზოხისტური ტიპის მსგავსად ისიც შიშსა და მარტოობას განიცდის. თუ მაზოხისტი იმიტომ გრძნობს ძალას, რომ რაღაც აღმატებულის ნაწილია, სადისტის შემთხვევაში ეს იმით აიხსნება, რომ ის სხვებს აერთიანებს, ზოგ შემთხვევაში დიდ მასას. როგორც იტყვიან, აქტიური ავტორიტარი, შთანთქავს მათ. სადისტურ- ავტორიტარული ხასიათი ისევეა დამოკიდებული მართულზე, როგორც მაზოხისტ- ავტორიტარული- მმართველზე. თუმცა ეს სურათი რაღაც მხრივ ილუზორულია. როგორც კი, ავტორიტარული ფიგურა ძალაუფლებას ხელთ იგდებს, ის, როგორც საკუთარ, ისე სხვათა თვალში, წარმოსდგება, როგორც ძლევამოსილი, ძლიერი ფიგურა. მისი უძლურება მხოლოდ მაშინ წარმოჩინდება, როცა ის ძალაუფლებას კარგავს, როცა   ვეღარავის შთანთქავს.

  როცა მე სადიზმის შესახებ ვსაუბრობ, როგორც ავტორიტარული პიროვნულობის აქტიურ მხარეზე, შესაძლოა ეს გაკვირვებას იწვევდეს, რადგან სადიზმი გაგებულია, როგორც ტენდენცია, რომელიც ტანჯვასა და ტკივილს იწვევს. მაგრამ სინამდვილეში, ეს სულაც არ არის სადიზმის სრული გამოვლინება. სადიზმის  განსხვავებული ფორმები, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით, მიისწრაფვიან სხვებზე მბრძანებლობისა და კონტროლისაკენ, რათა მავანი თავისკენ მტრულად მიმართული ნების წინაშე, შიშველ ობიექტად გადააქციონ, რომელზეც ულიმიტო ძალაუფლება განხორციელდება. დამცრობა და დამონება, სწორედ ესაა სადიზმის მიზანი, რომელიც რადიკალურ შემთხვევებში იწვევს ტანჯვას. დაქვემდებარების ყველაზე უფრო მძიმე შემადგენელი ტანჯვის მიყენებაა, აიძულო ვინმე აიტანოს ტკივილი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

   ფაქტი იმის შესახებ, რომ ავტორიტარული პერსონალობის ორივე ფორმა ერთ საბოლოო წერტილს უბრუნდება(სიმბიოზურ ტენდენციას) ადასტურებს იმას, თუ რატომაა შესაძლებელი ორივე- აქტიური და პასიური კომპონენტების თითქმის ყველა ავტორიტარულ პიროვნულობაში აღმოჩენა. ჩვეულებრივ, მხოლოდ ობიექტები განსხვავდებიან. ჩვენ ალბათ ყველას გვსმენია ოჯახში არსებული ტირანის შესახებ, რომელიც საკუთარ ცოლსა და ბავშვებს სადისტივით უსწორდება, ხოლო როცა სამუშაო ადგილას, ოფისში, მასზე აღმატებულთან იჭერს საქმეს, ის მორჩილ დასაქმებულად ტრანსფორმირდება. ან თუნდაც უკეთეს მაგალითს დავასახელებ: ჰიტლერი. მას სურდა, რომ ყველა ემართა, გერმანელი ნაცია და ბოლოს მსოფლიო, მისი ნების წინაშე ისინი დაუცველნი გაეხადა. თუმცა იგივე პიროვნება საკმაოდ დამოკიდებული იყო, დამოკიდებული მასის აპლოდისმენტებზე, თავისივე მრჩეველების მტკიცებულებებზე და იმაზე, რასაც ის ბედისწერის, ბუნებისა და ისტორიის უმაღლეს ძალას უწოდებდა. ის ემსახურებუდა ფსევდო- რელიგიურ ფორმულირებებს, რათა ეს იდეები გამოეხატა, მაგალითისთვის მან თქვა: „ ზეცა ერზე მაღლაა, შესაძლოა მავანს სხვისი საბედისწეროდ შეცდენა ძალუძს, თუმცა ზეცის- არამც და არამც.“ მიუხედავად ამისა, ძალა, რომელიც ჰიტლერს ისტორიაზე, ღმერთსა და ბედისწერაზე უფრო მეტად ხიბლავდა ბუნება იყო. 400 წლოვანი ტენდენციის საპირისპიროდ ჰიტლერს სწამდა, რომ ადამიანს მხოლოდ სხვა ადამიანზე დომინირება შეეძლო, მაგრამ ბუნებაზე მისი ძალაუფლება ვერ განხორციელდებოდა. მასში, ჩვენ ვპოულობთ ავტორიტარული პიროვნულობის მაზოხისტურ და სადისტურ ტენდენციებს: ბუნება არის ზემდგმომი ძალა, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ადამიანი იმისათვის არსებობს, რომ მასზე ვდომინირდეთ.

  ახლა კი, შესაძლოა ითქვას, რომ ავტორიტარული პიროვნულობის საკითხს საკმაოდ მივუახლოვდით, თუმცა იმაზე საუბრის გარეშე, რომელიც ბევრ გაუგებრობას იწვევს. თუკი ავტორიტეტის ცნობა მაზოხიზმია, ხოლო მისი განხორციელება სადიზმი, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ავტორიტარულობა შეიცავს რაღაც პათოლოგიურს? ამ კითხვაში მნიშვნელოვნად არ არის გამიჯნული რაციონალური და ირაციონალური ავტორიტარულობა. რაციონალური ავტორიტარულობა არის კრიტიკულად გადააზრებული ავტორიტეტის ცნობა. მაგალითად სტუდენტი განსჯის შედეგად სცნობს მასწავლებლის ავტორიტეტს. იგივე შემთხვევაა, როცა მე, როგორც გემზე მყოფი მგზავრი, ვცნობ კაპიტნის ავტორიტეტს, მას მივანდობ სახიფათო სიტუაციაბზე რეაგირების უფლებას. ავტორიტეტის რაციონალურად ცნობა, არ აუქმებს ჩემს განსჯასა და კრიტიკის უნარს, არამედ მას განიხილავს, როგორც წინაპირობას. ამგვარი ფორმა ჩემი დამცრობის ხარჯზე არ განადიდებს ავტორიტეტს, თუმცა მას აძლევს საშუალებას, რომ კომპეტენციიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში აღმატებული იყოს.

   ირაციონალური ავტორიტარულობა განსხვავებული რამაა, ის ერთი პიროვნების ემოციებს, მეორეს უქვემდებარებს: მჯერა, რომ ის მართალია, არა იმიტომ, რომ არგუმენტირებულად საუბრობს, არც იმის გამო, რომ  მე მის ავტორიტეტს გააზრებულად ვცნობ. ირაციონალური ავტორიტარულობის დიქოტომიურ სქემაში, მაზოხისტური დაქვემდებარება ჩემი დამცრობის ხარჯზე, ავტორიტეტს აღმატებულად აქცევს. ჩემი ვალია შევქმნა მისგან ძლევამოსილი, და მე, როგორც მისი ნაწილაკი, ასევე შევძლებ გარდავიქმნა ძლევამოსილად. რაციონალური ავტორიტარულობა საკუთარი თავის ნეგაციითა დაკავებული, ირაციონალური კი, პირიქით, მიისწრაფვის გაღრმავებისა და განდიდებისაკენ. რაც უფრო დამოკიდებული ვარ, მით უფრო სუსტი ვხდები და მით უფრო მესაჭიროება ირაციონალურ ავტორიტარულობასთან მიტმასვნა.

   ყველა ძლევამოსილი დიქტატორული რეჟიმი ემყარება ირაციონალური ავტორიტარულობის ტიპს. ამგვარ ვითარებაში წარმმართველი ძალა ინდივიდთა სრული უძლურება, შიში, მორჩილება და ლიდერის თავყვანისცემაა. ყველა დიდებული, სარგებლიანი კულტურა კი, რაციონალურ ტიპს ემყარება, ინდივიდებს, რომლებსაც ძალუძთ განსჯა და არ საჭიროებენ ირაციონალურთან მიმართებას.

  ინდივიდი თვითონ უნდა იქცეს საკუთარი თავის ავტორიტეტად, ის უნდა აცნობიერებდეს მორალურ კატეგორიებს, სწამდეს კრიტიკული განსჯის უნარისა და ემოციების. ინდივიდს უნდა გააჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შინაგანი ავტორიტეტი, სწორედ ამგვარადაა შესაძლებელი სამყაროს გონებითა და სიყვარულით ჩაწვდე. მხოლოდ ხასიათის ამგვარი განვითარებაა შინაგანი ავტორიტეტისა და დემოკრატიული პროცესების ბაზისი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული