• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ქვრივის დატირება გაზაფხულის ჟამს

×
ავტორის გვერდი უილიამ კარლოს უილიამსი 07 მარტი, 2017 2768
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
ქვრივის დატირება გაზაფხულის ჟამს
 
სევდა არის ჩემივე ეზო
სადაც ახალი ბალახი
გიზგიზებს როგორც უწინ ხშირად
უგიზგიზია, მაგრამ არა
ცივ ცეცხლად
წელს რომ გარს მეკვრის.
ოცდათხუთმეტ წელს
ვიცხოვრე ჩემ ქმართან ერთად.
ქლიავი თეთრია, დღეს
ყვავილთა სიუხვეებით.
ყვავილთა სიუხვე
ალუბლის ტოტს ხუნძლავს
და ბუჩქებს შეფერავს, ზოგს
ყვითლად და ზოგს წითლად
მაგრამ გლოვა ჩემს გულში
მათზე მძლავრია
რადგან თუმც ისინი იყვნენ, უწინ
სიამე ჩემი, დღეს მათ ვამჩნევ
და უმალ ზურგს ვაქცევ, გულდავიწყებით.
ჩემმა შვილმა მითხრა, დღეს
რომ მდელოზე,
მძიმე ტყის პირას
მოშორებით, თეთრი ყვავილის
ხეები ნახა.
ისე ვგრძნობ, ვისურვებდი
იქ წასვლას
და ჩავწვებოდი ამ ყვავილებში
და მათ შორიახლოს, საფლობში.
 
 
 
გაზაფხული და შემდგომ
 
(თავი X)
 
საგანთა უნივერსალურობა
მაახლოვებს შაქარყინულთან
ნესვის ყვავილებით რომ იშლებიან
 
უკუგდების პირას
აცხადებენ აქცენტის გარეშე
ფერმერის მხრების
 
ღირსებას და მისი ქალიშვილის
შემთხვევით კანს, ისე საამურს
სამყურებით და ციცქნა
 
მარწყვაბალახით
გადამხმარ ადგილებში. ესაა
სწორედ სათვალეების ხელსაყრელ
 
დამახინჯებას რომ უხმობს,
სათვალეების, ყველაფერს რომ ხედავენ და
რჩებიან მათემატიკაზე ბმულნი -
 
იმ ყავისფერი ცელულოიდის მეტად
პრაქტიკულ ჩონჩხში კუს
ჯავშნის წარმოსადგენად რომ შეიქმნა -
 
წერილი, კაცისგან ახალი
სელის ქსოვილით წნული
გაზეთის დაარსება რომ უნდა
 
და ის საბეჭდ მანქანას ფლობს -
1 ივლისი, 1922
ეს ყოველივე სათვალეების მიერ
 
დასაკვირვებლად. მაგრამ
ისინი წვანან, იქ, ოქროს
ყურმილჩამოყრილები
 
სიწყნარე ტიტიკაკა -
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული