• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ეს კომპოსტი

×
ავტორის გვერდი უოლტ უიტმენი 07 მარტი, 2018 2099
მთარგმნელი: ირაკლი ყოლბაია
 
1
 
რაღაცამ დამაფრთხო სადაც ყველაზე უსაფრთხოდ მეგონა თავი,
ვეცლები ჩუმ ტყეებს რომლებიც მიყვარდა,
საძოვრებზე არ წავალ ახლა სასეირნოდ,
ტანთ სამოსს არ გავიძრობ რათა შევხვდე ჩემს სატრფოს, ზღვას,
მე არ შევახებ ჩემს კანს მიწას, როგორც სხვა კანს, რათა გამაცოცხლოს,
 
ო როგორ ხდება რომ თვით მიწა არ სნეულდება?
როგორ ცოცხლობ შენ გაზაფხულის ამონაყარო?
ჯანმრთელობას როგორ გასცემ შენ, ბალახეულის, ფესვების, ხეხილის, მარცვლის სისხლო?
განა გამუდმებით უგუნებო გვამებს არ დებენ შენში?
განა ყოველი კონტინენტი ისევ და ისევ ამჟავებული მკვდრებით არ მუშავდება?
 
რა მოუხერხე მათ ლეშს?
ამდენი თაობის ლოთთა და მსუნაგთ?
სად გადაწურე მთელი ეს ბინძური სითხე და ხორცი?
ვერცერთ მათგანს დღეს შენზე ვერ ვხედავ, ან იქნებ ვცდები,
სახნავს დავუვლი ჩემი გუთნით, ჩემს ბარს დავაჭერ ტორფს და ამოვაყირავებ,
დარწმუნებული ვარ რამე მყრალ ხორცს ამოვაგდებ.
 
2
 
შეხედე ამ კომპოსტს! კარგად შეხედე!
იქნებ უწინ ყოველი ბეწო სნეულ კაცს შეადგენდა—მაინც, შეხედე!
გაზაფხულის ბალახი პრერიებს ფარავს,
ლობიო უხმოდ ამოხეთქავს ბაღის ჰუმუსით,
ხახვის ნატიფი შუბი მიწას ამოხვრეტს,
ვაშლის ყლორტები თავს იყრიან ვაშლის ტოტებზე,
ხორბლის მკვდრეთით აღდგომა ფერმკრთალად მოსჩანს მისი საფლავებიდან,
ელფერი იღვიძებს ტირიფისა და თუთის ხის თავზე,
ვაჟი ჩიტები დილით და საღამოს ლაღად მღერიან, სანამ ქალი ჩიტები თავიანთ ბუდეებს ასხედან,
შინაური ფრინველების ბარტყები გამოჩეკილ კვერცხებს ტეხენ და გამოდიან,
ცხოველთა ახლაშობილები ჩნდებიან, ხბო ძროხას სწყდება, კვიცი ფაშატს,
მისი ციცქნა გორაკიდან ერთგულად იწვერებიან კარტოფილის მუქი მწვანე ფოთლები,
თავისი გორაკიდან იწვერება ყვითელი სიმინდის ღერო, იასამნები ყვავიან ბაღში სახლის წინ,
ზაფხულის ზრდა უმანკო და ქედმაღალია ამჟავებული მკვდრების ყველა ამ ფენის თავზე.
 
რა ქიმიაა!
რომ ქარები მართლა არ გვასნეულებენ,
რომ ეს ფანდი არაა, ეს გამჭვირვალე ზღვის მწვანე ნარეცხი ასე რომ მეტრფის,
რომ უსაფრთხოა, მივცე ნება, მლოკოს მთელს ტანზე თავის ენებით,
რომ საფრთხეს არ მიქმნის ყველა ციებ-ცხელებით რაც კი მასში იღვარა
რომ ყოველივე სუფთაა მარად და მარად,
რომ ჭის გრილი სასმლის გემო ასე კარგია,
რომ მაყვლები ასე სურნელოვანი და წვნიანია,
რომ ნაყოფი ვაშლისა და ფორთოხლის ბაღნარებისა, რომ ნესვები, ყურძნები, ატმები, ქლიავები, არცერთი მათგანი რომ არ მომწამლავს,
რომ ბალახზე გაგორებულს რამე სენი არ შემეყრება,
თუმცა ბალახის ყველა ისარი ამოდის იქიდან რაც ერთ დროს გადამდები სენი იყო.
 
ახლა მზარავს დედამიწა, ისეთი მშვიდი და მომთმენია,
ისეთი ტკბილი რამაა რასაც ზრდის ასეთი ლპობიდან,
ისე უვნებლად და უმწიკლოდ ტრიალებს საკუთარ ღერძზე, სნეული გვამების ასეთი უწყვეტი მწკრივით
ისეთ ნატიფ ქარებს გამოხდის ასეთი ნადგამი სიმყრალისგან,
ისე უნებლიე სახით აახლებს თავის სულგრძელ, ერთწლეულ, მდიდრულ მოსავლებს,
ისეთ ღვთიურ მასალას აწვდის კაცებს, და მათგან ასეთ დანატოვარს თანხმდება ბოლოს.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული