• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ოდა პოლიციელს

×
ავტორის გვერდი გიორგი შონია 31 დეკემბერი, 2017 4080

ეს ლექსი არის ციკლიდან „სოციალური ოდები“, რომლის წერა სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე. ამ ციკლში გაერთიანებული იქნება ლექსები, სადაც ხოტბას ბენზინივით შევასხამ ძალაუფლების ცენტრებს და შემდეგ სიგარეტის ნამწვსაც მოხდენილად მივაყოლებ, როგორც ეს ჰოლივიდურ ფილმებში გვხვდება ხოლმე.

 

მთელი ოცდახუთი წელი ვემზადებოდი ამ ლექსის დასაწერად.

მთელი დრო მოვანდომე შენი, სასიცოცხლოდ აუცილებელი,

მნიშვნელობის გააზრებას.

არცერთი წუთი არ დამიკარგავს,

მუდამ შენს მოხდენილ მანერებზე ვფიქრობდი.

ვფიქრობდი წამების კადრებზე და შენი შესაშური ოსტატობა მაკვირვებდა.

მაკვირვებდა შენში დაგროვილი სიძულვილი და ზიზღი,

რომელსაც შეეძლო მთებისთვის ადგილმდებარეობა შეეცვალა.

 

შენდამი სიყვარული ჩემში უსტვენს, ვით საყდრის ჩიტი  ...

მე მინდა ლექსები ვწერო შენზე, შენს მეგობრებზე, შენს გაუნათლებელ უფროსზე

და შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომლის სახელი არ ვიცი

და არცაა საჭირო, რადგან თქვენ სისტემის ერთიანობა ხართ -

ერთი მოძალადე სული ათიათასობით ფორმიან თანამშრომლის სხეულში.

 

მინდოდა, სათქმელი ყოფილიყო ზუსტი და ზედმიწევნით მკაფიო,

რომ სიყვარული, რომელიც შენდამი მაქვს, არ ყოფილიყო ბანალური,

როგორც ნარკოტიკების ჩადების (ფ)აქტი.

მოძველებული ფორმები, როგორც პოეზიაში, ისე პოლიციაში,

უნდა აღმოიფხვრას.

 

მინდა, ჩემი ლექსები ყოველდღე იკითხო,

სამსახურში დაგქონდეს ჩემი წიგნი

და შესვენებაზე მალულად კითხულობდე.

მინდა, ჩემი ლექსების ლირიკულმა გმირმა შენში კვალი დატოვოს.

მინდა, ყოველ ღამე იმეორებდე:

„დედა, დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა“

„დედა, დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა“

„დედა, დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა“

ლოცვასავით იმეორებდე, მამაოჩვენოსავით იმეორებდე.

მინდა, დემურ სტურუა ყოველ ღამე გესიზმრებოდეს,

მისი თვითმკვლელობის სცენა არ ამოგდიოდეს თავიდან,

მისი უსუსურობა ბოლომდე გაიზრო,

რადგან ეს აუცილებელია შენი კათარზისისთვის.

 

მინდა, მისი წინასასკვდილო აგონია ლაიტმოტივივით გასდევდეს შენს ცხოვრებას.

მინდა, ყოველთვის თან დაგყვებოდეს,

როცა ცოლთან სექსი გაქვს,

როცა მუნდირის სადღეგრძელოს ამბობ,

როცა მშობლების სადღეგრძელოს ამბობ,

როცა შენს შვილს ეფერები,

დემურ სტურუას ტანჯული სული უნდა დაფარფატებდეს

შენი სახლის მისაღებ ოთახში

და შველას გთხოვდეს.

 

მინდა, აგონიაში იღვიძებდე,

მინდა გტკიოდეს, მინდა ტიროდე, მინდა შიშისგან იკრუნჩხებოდე.

მე ეს ძალიან  მომწონს,

ეს ყველას ძალიან მოგვწონს.

მინდა, პოლიციის მუნდირი სახალხოდ დაწვა

და ეს ყველაზე მნიშვნელონი პერფორმანსი იქნება,

რასაც შენი მოსაწყენი ცხოვრების განმავლობაში გააკეთებ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული