• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ფსალმუნი

×
ავტორის გვერდი პაულ ცელანი 06 მარტი, 2014 2939
თარგმნა მარიამ შუბლაძემ
 
ფსალმუნი
 
არავინ მოგვზელს თიხისა და მიწისაგან ისევ
არავინ განსჯის ჩვენს ფერფლს—
არავინ.
 
კურთხეული ხარ შენ, არავინ.
შენს საამებლად
ვყვავილობთ ჩვენ.
შენს წინააღმდეგ.
 
არაფერი
ვიყავით ჩვენ, ვართ ჩვენ
და არაფრად ვრჩებით, ვყვავილობთ :
არაფერი
არავის-ვარდი.
 
ჩვენი ბუტკოთი სულანთებული,
ჩვენი მტვრიანით ცა-დაკარგული,
წითელი კოკრით 
მეწამულ-სიტყვით
ვუმღერით, ო ვუმღერით
ეკალს
 
 
 
Corona
 
შემოდგომა ჭამს თავის ფოთლებს ჩემი ხელიდან : მეგობრები ვართ.
ჩვენ დრო გავფრცქვენით კაკლის ქერქისგან და შევასწავლეთ სიარული:
დრო კი ისევ  ქერქში  ბრუნდება.
 
სარკეში - კვირა,
სიზმრებში ძილი,
არ ტყუის პირი.
 
ჩემი მზერა ეშვება საყვარლის საშოზე.
ერთმანეთს ვხედავთ,
სიბნელეს ვამბობთ,
ყაყაჩოსა და ხსოვნასავით, ვართ ერთმანეთზე შეყვარებული,
ჩვენ გვძინავს, როგორც ღვინოს ჭურვებში,
როგორც ზღვას სძინავს მთვარის სისხლსხივში.
 
ფანჯრის წინ ვდგავართ, ჩახუტებულნი, ისინი ქუჩიდან ამოგვყურებენ
დროა,  იცოდნენ!
დროა გაბედოს ქვამ ყვავილობა, 
რომ იგრძნოს გულში მოუსვენრობა.
დროა იყოს დრო.
 
დროა.
 
 
 
მარიანა
 
უიასამნო არის შენი თმა, სარკის მინას გავს სახე შენი.
მოიწელება, როგორც სოდომი ბაბილონისკენ, ისე ღრუბელი თვალიდან თვალში:
როგორც ფოთლებს, ჩამოშლის ის კოშკს, გოგირდის ბუჩქის ირგვლივ ბობოქრობს.
 
შემდეგ ანათებს ელვა შენს ბაგეს - ხებოას, რომელსაც ვიოლინოს ნარჩენით ავსებს.
ვიღაცის კბილი, თოვლით ფენილი, ხემზე სრიალებს: ო რა ლამაზად ჟღერდა ლერწამი!
 
ძვირფასო, შენც ხომ ლერწამი ხარ და ჩვენ - წვიმები.
ღვინოს შენს სხეულს შეუსადარს, მას ვსვამთ ჩვენ ათნი.
ნავი მოცურავს შენი გულის პურის ყანაში და ჩვენ ღამისკენ ავიღეთ გეზი;
და შენ ლურჯი ქოთანივით თავზე მსუბუქად გადაგვახტები და ჩვენ ვიძინებთ...
მერე კარვისკენ მოცვივდება ასობით კაცი და მიგასვენებს სამარისკენ სმით და ნადიმით.
ამიერიდან ამ მსოფლიოს ქვაფენილებზე გაიჩხარუნებს 
მონეტა მტკიცე, ოცნებებისა.
 
 
 
 
***
საათებით სავსე ხელი. ასე მოდიხარ შენ ჩემთან. ვამბობ:
შენი თმა არ არის წაბლისფერი.
და შენ აზიდე ის მსუბუქად დარდის სასწორზე, სადაც ის ჩემზე მძიმე აღმოჩნდა...
 
ისინი შენკენ გემით მოდიან, შენ თმას ტვირთავენ და ვნების ბაზრობებზე სავაჭროდ                     მიაქვთ.
შენ ამომღიმი მე  სიღრმიდან, მე ჩამოგტირი შენ ნიჟარიდან, რომელიც ისევ მსუბუქი რჩება.
მე ვქვითინებ: შენი თმა არ არის წაბლისფერი, ისინი ზღვის წყალს გთავაზობენ, შენ  კულულებს უწვდი...
ჩურჩულებ: ისინი სამყაროს  ჩემით ავსებენ, მე კი შენს გულში  ფუღუროდ ვრჩები!
ამბობ: შენთან დაიყარე წლების ფოთლები - ახლოს მოხვიდე, უკვე დროა, რომ მეამბორო!
 
ყავისფერია ფოთლეული წელიწადების, შენი თმა- არა.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული