• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პრუდენცია

×
ავტორის გვერდი რომა ქუქჩიშვილი 16 იანვარი, 2019 2068
პრუდენციის ამოთხრილი თვალებითა და 
შეკრული ფრთებით ვუყურებ სამყაროს, 
და ვგრძნობ მარიონეტულ ძაფებს, 
როგორ იკლაკნებიან ჩემი კიდურებიდან. 
სოფისტთა მეასედებით პოლიტიკაში, 
რეციდივისტებით ეკლესიაში 
ლომბარდებითა და ტოტალიზატორებით,
ჩვენი ცხოვრება დაემსგავსა ნაგვის ბოხჩას. 
მე უზენაესი მართლმსაჯულება
ყოვლად ნახმარი და გაუპატიურებული 
პოზიციისაგან თუ ოპოზიციისაგან,
ვუყურებ სამყაროს 
და დათხრილი თვალებიდან 
სპერმის ცრემლები მომდის. 
დაჩეხილი მაქვს მთელი სხეული, 
საერთო, სააპელაციო თუ საკასაციო ორგანოები. 
საკონსტიტუციო სასამართლოც აღარ გამოიმუშავებს სამართლიანობის ჰორმონს
და შავი მანტიით შემოსილი ვაგზალზეც იაფად ვიყიდები. 
მე პრუდენცია ვარ, 
ნეპოტიზმისა და სპეკულაციის ქალღმერთად ქცეული. 
ჩემი სასწორის პინები მაღალი იერარქების, 
ოლიგარგებისა და ქურუმების ინტერესებით ბალანსდება.
ხან ღვთის სიტყვა ვარ, 
დიადი მასმედიით გასხივოსნებული, ხანაც მოლაპარაკე კოდექსი. 
მე უტრირებული ფრაზა ვარ
ჩემით მხოლოდ ბავშვებს აშინებენ, 
საღად მოაზროვნე ადამიანს კი სასაცილოდაც არ ვეყოფი. 
და ვიდრე სევდიან ფიქრებს 
ბრძენი კანონმდებლის კოცნა არ გამიქარვებს, 
ხოლო მისი ენა მართლმსაჯულების მახვილს არ ალესავს, 
ვდგავარ და გულისნადებ ვერლიბრებს გესვრით უმისამართოდ.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული