• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ერთი უცნაური ამბავი

×
ავტორის გვერდი ტატო ჩანგელია 07 იანვარი, 2015 3783

და აი ბოლო ბოლო მე გავხდი აქტუალური მეინსტრიმ პოეტი'' .

                                                                      ვალერი ნუგატოვი.

 

(ნაწყვეტი პოემიდან "პოპვარსკვლავი" )

 

როდესაც გამოჩენილი პოეტები, ჩემი ლექსის კითხვით არიან დაკავებულები,

მათ ცარიელ გონებაში შურის სუნით აყროლებული ყვავები ჩხავიან.

ხმა ჩაიკმინდეთ და შეეგუეთ, მე დიადი ვარ -

ვამბობ და ვიწყებ მორიგი ლექსის წერას,

რომელიც თაობის მანიფესტი გახდება,

რომელიც მეინსტრიმის მარგალიტი გახდება,

რომელიც ისევე შეფრინება ახალგაზრდა გოგოს გულში

ძუძუების გავლით,

როგორც, რომელიმე ქმრისგან მივიწყებული დიასახლისის,

ტაფაზე მიმწვარი თითებით, რომ რეცხავს ჭურჭელს -

ნაზად უსვამს ღრუბელს თეფშებს და ჭიქებს,

თან ფიქრებში თსუ-ს მამაკაცთა ტუალეტის ერთ-ერთ კუპეშია,

სადაც წლების წინ, წაგრძელებული ცხვირითა და მოკლე ასოთი დაჯიდოვებულმა

სოც.პოლის მეოთხე კურსის სტუდენტმა

პირში ცხვირსახოც გათხრილი, (ხმის იზოლაციის მიზნით)

საშინლად იხმარა, დაუვიწყებლად

და დააკარგვინა, ყველაფერი რაც კი გააჩნდა,

ყველაფერი, რაც კი მთელი თვრამეტი წლის განმავლობაში უგროვა მშობლებს.

 

ჩემს ლექსებზე "გარდიანთან" მიცემულ ინტერვიუში

ხელის ფარჩხვით, მორიგ პოპულისტურ განცხადებას აკეთებს სლავოი ჟიჟეკი.

ის ამბობს, რომ მე ბევრად სასტიკი ვარ,

ვიდრე ჰიტლერი,

ბენიტო მუსოლინი,

მაო ძედუნი,

ან ბაჩო ახალაია.

მეტიც, ის ამბობს, რომ მე ვქმნი უტოპიას,

რაზეც ახალი თაობა იდეოლოგიას დააშენებს

და მოაწყობს რევოლუციებს

და სამყაროს აგრესიული ხერხებით

მეტად კეთილშობილს გახდის.

 

"რატომ უოლტ უიტმენი, როცა ტატო ჩანგელია თბილისში? " -

სოციალურ ქსელში სვამს კითხვას თინა მახარაძე მოცემული ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ,

რაზეც ნიკა რურუა პასუხობს -

ის მიწოდებს ინოვატორს,

მადლობას მიხდის მოდელური პოეზიის,

კულ-პოეზიის,

თავისუფალი პოეზიის,

და კიდე მრავალი სხვა პოეზიის განვითარებისთვის.

ანალიტიკური კომენტარის ბოლოს, რევერანსები -

მიწოდებს პოეზიის მაილს დევისს,

მასხამს სიდიადის წყალს,

ამბობს, რომ ჩემი პოეზია რიტმულია,

როგორც აჰმად ჯამალის პიანინო

და ჰარმონიული, როგორც იბრაჰიმ მალუფის საქსოფონი.

 

აუდიტორია #115-ის სტუდენტები

კანცელარიის წინ ჩემი ლექსებიდან ამოგლეჯილი

ფრაზებით მოხატული ბანერებით დგანან.

ისინი მეგაფონთან ჩემს გამოჩენას,

როგორც მუშების მორიგ გაფიცვას ისე ელოდებიან.

მათ ჩემი ხმა სჭირდებათ,

ჩემი სიტყვები,

სემანტიკური უნივერსალია.

მათ მაგიდიდან გადადეს მარქსი,

ფუკო და მაისურაძე

და მათ მაგივრად ჩემი დიადი ლექსების კრებული დადეს.

როცა შედიან ჩიხში

ან როცა ჩიხიდან გამოსვლა უნდათ,

ხელში იმარჯვებენ, როგორც რაბინი თორას

და იწყებენ ლექსების კითხვას

და სწრაფადვე ყველა იდეოლოგიური ჩიხიდან

უვნებლად გამოდიან,

ყველანაირი ზედმეტი მანევრების გარეშე.

 

არადა მახსოვს იყო დრო, როცა ჩემზე პოპულარული მამა თეოდორე იყო,

და დარბაზში, მის ლექციაზე მძღნერში მორბენალი

ჭიებივით დაიზლაზნებოდნენ ახალგაზრდები,

ამ დროს მე, როგორც სელინჯერი, ოთხკედელში ვიყავი აღმოცენებული

და ხელებზე იმედგაცრუება ხალებივით ამომდიოდა.

ერთ დღეს კი ჩემი ლექსები გახდნენ საშიში მონსტრები

და ადამიანებს ურთულესი საქმე დააკისრეს -

დააწყებინეს ფიქრი, ფიქრი საკუთარ ფიქრებზე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული