• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

როცა ფული მექნება, შენგან სიზმრებს ვიყიდი, ჩემო შეყვარებულო

×
ავტორის გვერდი ანდრო დადიანი 10 იანვარი, 2012 3162
 
როცა ფული მექნება, 
შენგან სიზმრებს ვიყიდი ჩემო შეყვარებულო
 
ჩემი ჰონორარი იმდენია, 
რომ ერთი ქუდიც არ შემიძლია ვიყიდო ამ ზამთარში. 
არადა, როგორ გამახარებდა ისეთი ქუდი, 
ახლა მეტროში გოგოს რომ ეფარა, 
მომწვანო ქუდი, 
ბაცი ყვითელი პომპონჩიკებით, 
ერთი თავზე და ორიც გრძელ ყურებზე 
ფორთოხლებივით დაკიდებული. 
მინდოდა გამეჩერებინა და მეკითხა, 
- სად იყიდეთ ან სად მოაქსოვინეთ-მეთქი?
და წინ წადგმული ფეხი ჰაერში გამიქვავდა 
''ჰოროლანი'' გამახსენდა, 
(ასე გამოთქვამს ჩემი პატარა ძმიშვილი ამ სიტყვას)
 
მეგობრის სპექტაკლის პოსტერია ''გააპროტესტე შიმშილი'' 
ვაპროტესტებ შიმშილს! 
მთელი ხმით ვაპროტესტებ შიმშილს! 
ვაპროტესტებ ამ უდროო ზამთარს, 
უქუდობას, 
ყინვით მოჭირხლულ ცხვირს და ყურებს, 
თვალებში ყვითლად ანთებულ ბოტკინს, 
ავადმყოფობაში მარტოობის შიშს 
და აფთიაქში დაანგარიშებულ რეცეპტის ფურცელს, 
რომელიც 500 ლარს უკაკუნებს.
 
ოცდაათს მიღწეულ ბიჭს პომპონჩიკებიანი ქუდი მინდა, 
მიწას ვარ მიბმული დიდი ზომის სამხედრო ბათინკებით, 
ჩემი ჰონორარი ადრეული ზამთრის კომუნალურებსაც ვერ წვდება.
შეყვარებული კი იღვიძებს და მეუბნება 
-მესიზმრა, ბანანს ვფცქვნიდი 
და შიგნიდან ბანანის ნაცვლად ყვითელი თუთიყუშები ამოფრინდნენო.
 
ასე, ჩემო შეყვარებულო, 
როგორც კი ფულს მოვიგდებ ხელში 
შენგან სიზმრებს ვიყიდი, 
კრებულს გამოვუშვებ 
და დავივიწყოთ მერე გაზის ეკონომია,
ორი საბანი და ზემოდან პლედი
ერთმანეთთან მისაახლოებლად 
ბარიერებად რომ  გვექცა საწოლში.
 
 
 
 
მიცვალებულები არ ტირიან
 
ახლა გვიანია, დაგვიანებულია. 
ზოგჯერ ყველაფერი ისე დაგვიანებულია, 
რომ სიკვდილიც კი გვიანია რამის დასასრულებლად. 
ჰოდა, ახლაა ყველაფერი ისე გვიან, რომ სიკვდილი დაგვიანებულია. 
 
ამოფრქვეულიყო შენი მხურვალე ასოდან ვულკანური შხამი,
 როგორც ხატს მუხლმოყრილი წინ რომ ვედექი. 
ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპად ქცეულიყო შენი პენისი 
და გავენადგურებინე ბიბლიური პერსონაჟივით, 
საკუთარ მომავალზე ხელჩაჭიდებულივით რომ ვიყავი მასზე ყოველღამ. 
 
ან... ან  შემძლებოდა ვქცეულიყავი ფირუზისფერ კრემბრულედ მაღაზიის ვიტრინებში რომ შენი საყვარელი ნამცხვრის შიგთავსს წარმოადგენს. 
ამეშვა ხორცი და შევპარულიყავი შენს ანალურ ხვრელში მე რომ მეკუთვნოდა, არასოდეს გამოვსულიყავი, გავმაგრებულიყავი შიგ, 
ოკუპაცია მომეწყო, 
ბარიკადები ამეშენებინა, 
ჩამეხერგა ყველა სხვისი შემოსასვლელი გზა 
ვინც ჩემთვის შენს ჩამორთმევას შეეცდებოდა. 
რით, რით ვერ შემოგეხიზნე, რომ მერე მეტასტაზებივით გავმრავლებულიყავი შენში, რომ მე შენით და შენ ჩემით ავვსებულიყავით? 
 
დამშეული, შეშინებული და აცახცახებული გვერდით რომ მეწექი და ღიმილით გვალვიან გულ-მკერდს გიყვავებდი 
მაშინ, აი მაშინ უნდა ... 
 
ტირილი გვიანია ახლა, როცა ოცნებებში სხვები და ფეხებში სხვა მიმართულების სისხლი გიფუთფუთებს. 
 
პირველად რომ გაგვებნა ერთმანეთი აი მაშინ უნდა მომეკალი თუ მოგეკალი, 
ან რა აზრი აქვს რომელი რომელს ?! 
ზამთარი იყო, დეკემბერი , 20-29, რუტინიდან გადიოდა მაშინ ქალაქი. 
შობის სანთლების შუქზე, 
ანგელოზებს რომ ვკიდებდით ძველი ყუთიდან ჭერზე 
მაშინ, მაშინ უნდა დამენაკუწებინე 
და მათთვის გამეტანებინა შენი თავი, 
შენი მტევნები - ბოროტების ყლორტები, 
შენი პენისი, შენი გული, შენი ტერფები, 
შენი ლამაზი ტერფები დიდი, მძიმე ბათინკებით მიწას მიბმული . 
 
75 ბრუნიანი ფირსაკრავივით; 
- კადავერინი, კადავერინი,
გაჩეხილი ვარ, გადაჩეხილი. 
უშენო მხარეს, 
უშენო მხარე, 
მკვდარი ნაპირი. 
გვამური შხამი, 
სისხლგამხმარი ვარ, 
ბალზამისა და დამპალი რბილი სხეულების ნაღები.
კადავერინი . 
 
მიცვალებულები თავს ვერ იკლავენ, თორემ . . . 
მიცვალებულები არც ტირიან, თორემ . . . 
(უფრო სწორია, - ვერ ტირიან! )
ყველაზე მეტად მათ ეტირებათ, მაგრამ აბა როგორ ?? 
 
ობმოდებულ სხეულს გავიწმენდ უშენოს,
ხელსახოცებით ‘’ვაგზალზე’’ რომ ვიყიდეთ
შეკვრა ერთ ლარად
ვიდრე სოკოები აყვავდნენ კანზე. 
წერილს დგიწერ, 
‘’მოეწყინა ჩემს სულს ჩემში უფალო’’ 
სუნთქვის შეწყვეტის მომეცი ნება. 
როს სურნელოვან ხელის გულებს გულზე დავიკრეფ 
ცივ შუბლზე ბოროტების დაიცხრე ვნება. 
ოღონდ მომეცი სუნთქვის შეწყვეტის, 
სუნთქვის შეწყვეტის მომეცი ნება. 
მკვდრები დატირებას ელიან.
მკვდრები არ ტირიან.
არადა მათ ყველაზე მეტად ეტირებათ. 
 
   
 
პილიგრიმი
 
შენ მიდიოდი ასობით კილომეტრზე ჩემზე სალოცავად 
მე კი არ მიმხელდი, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო... 
შენმა გამოწოვილმა, დანაოჭებულმა,
ტვირთად დაკიდებულმა, 
მიწისკენ მიმართულმა ძუძუებმა, 
გამომშრალებმა, როგორღა შეძლონ ლოცვა ? ? ? ! 
 
ადრე ისინი გამვლელებს ფანტაზიებს უვარჯიშებდა, 
ახლა წყევლასაც ვეღარ გადაუდგებიან ჯებირებად, 
ერთ მშიერ კნუტსაც კი ვეღარ გააყუჩებენ . 
 
გაბზარული ჟღერდა ყურმილში შენი ხმა 
და ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო...
 შენ კი დადიოდი 
ასობით კილომეტრზე დარდების ჩრდილებით, პილიგრიმი . 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული