• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

ძალადობისა და რადიკალური ოპოზიციის პრობლემა

×
ავტორის გვერდი ჰერბერტ მარკუზე 08 იანვარი, 2013 3331

თარგმანი: დავით გალაშვილი

დღესდღეობით, რადიკალური ოპოზიციის განხილვა მხოლოდ გლობალურ ჭრილშია შესაძლებელი. თუ მას იზოლირებულ ფენომენად განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ მისი ძირები ფალსიფიცირებულია. მე რადიკალურ ოპოზიციას გლობალურ კონტექსტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ გამოცდილებასთან ერთად განვიხილავ. ალბათ, იცით, რომ  სტუდენტური წინააღმდეგობის დღევანდელ კერებს მე გადამწყვეტ, გარდამქმნელ ფაქტორებად აღვიქვამ. რა თქმა უნდა, ეს სტუდენტური ოპოზიცია მზა რევოლუციური ძალა არ არის, თუმცა მე მათ პოტენციურ რევოლუციურ ძალებად მივიჩნევ. ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული საჭიროება სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური აქტივიზმის ანალიზი და მათი ერთმანეთთან დაკავშირებაა. ძალიან მცირე კავშირია ამერიკასა და გერმანიაში არსებულ სტუდენტურ მოძრაობებს შორის. შტატებში მოქმედი სტუდენტური მოძრაობები ეფექტურ, ცენტრალურ მაორგანიზებელ ძალებს არ ფლობენ. ჩვენც ამგვარი მიმართებების დასაფუძნებლად უნდა ვიმუშავოთ და თუ ამ საუბრის განმავლობაში ამ საკითხის განხილვით დავკავდები, აშშ-ს მაგალითით ვიხელმძღვანელებ. ამერიკაში არსებული სტუდენტური მოძრაობები ნაწილია იმ ბევრად დიდი ოპოზიციური ძალის, რომელიც, უმეტესწილად,  „ახალ მემარცხენეებად“ იწოდება.

პირველ რიგში, მოკლედ მიმოვიხილავ, თუ რა განსხვავებაა ახალ და ძველ მემარცხენეებს შორის.  ახალი მემარცხენეები, გამონაკლისების გარდა, უფრო მეტად არიან ნეომარქსისტები, ისინი ნაკლებად დგანან ორთოდოქსულ პოზიციებზე, ისინი ე.წ მაოიზმის საკმაოდ დიდ გავლენას განიცდიან და დაინტერესებულნი არიან „მესამე მსოფლიოში“ არსებული რევოლუციური მოძრაობებით. მეტიც, ახალი მემარცხენეობა მოიცავს ნეოანარქიზმის ტენდენციებს, რომელიც, ძველი მემარცხენე პარტიებისა და იდეოლოგიის მიმართ, უნდობლობითაა განმსჭვალული. ახალი მემარცხენეები, გამონაკლისების გარდა, ძველი ყაიდის მუშათა კლასს ერთადერთ რევოლუციურ სუბიექტად აღარ განიხილავენ.  კლასობრივი ჩარჩოების მიხედვით, ახალი მემარცხენეების განსაზღვრა შეუძლებელია. ისინი შედგებიან ინტელექტუალებისგან, სამოქალაქო უფლებათა დამცველებისგან, ახალგაზრდული ჯგუფებისგან, ძირითადად, სწორედ ეს ახალგაზრდული ჯგუფები არიან ყველაზე რადიკალური ელემენტები. უნდა ითქვას, რომ ისინი, ერთი შეხედვით, არ არიან პოლიტიკური აქტივისტები, ეს ახალგაზრდები უფრო ჰიპები არიან, რომელთაც მე მოგვიანებით  დავუბრუნდები. საინტერესოა, რომ ამ მოძრაობის გამხმოვანებლებს არ წარმოადგენენ ჩვეულებრივი ყაიდის პოლიტიკოსები. მათ „სპიკერებად“ პოეტები, მწერლები და „ინტელექტუალები“ გვევლინებიან. თუ ვინმეს ამ ყველაფრის ერთ სიბრტყეზე წარმოდგენა შეუძლია, მიხვდება, რომ ასეთი გარემოებები და მიმართებები ორთოდოქსი მარქსისტებისთვის ნამდვილი კოშმარია. ფაქტობრივად, გყვავს ოპოზიცია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს კლასიკურ რევოლუციურ ძალასთან და სტრატეგიასთან. შეიძლება, ძველი მარქსისტებისთვის ამგვარი ოპოზიცია კოშმარია, მაგრამ ახალი მემარცხენეები პასუხობენ დღევანდელ რეალობას. მე ღრმად მწამს, რომ ოპოზიციის ეს სრულიად არაორთოდოქსული „თანავარსკვლავედი“, ავტორიტარულ-დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებთან სრულ შესაბამისობაშია. ის პასუხია „ერთგანზომილებიან საზოგადოებაზე“, რომლის მთავარი მახასიათებელი დომინანტური კლასის მატერიალურ და რეალურ ბაზისებთან ინტეგრაციაა, სახელდობრ - იმ საფუძვლებთან, რომლებიც აკონტროლებს კმაყოფილებებსა და საჭიროებებს, აკვლავწარმოებს  მონოპოლიურ კაპიტალიზმს და აგებს რეპრესიულ, კონტროლირებად ცნობიერებას. დღევანდელ ოპოზიციაში, ძირითადად, თავმოყრილნი არიან „აუტსაიდერები“, რომლებიც დადგენილ საზღვრებში არსებობენ. პირველ რიგში, ისინი უნდა ვეძებოთ გეტოებში,  „არაპრივილეგირებულთა“ შორის, რომელთა სასიცოცხლო საჭიროებები განვითარებულ, მოწინავე, კაპიტალისტურ წესწყობილებაშიც კი არ არის დაკმაყოფილებული. მეორე სახის ოპოზიცია კონცენტრირებულია საზოგადოების საწინააღმდეგო პოლუსზე, იმ „პრივილეგირებულთა“ შორის,  რომელთაც სოციალურ კონტროლს თავი დააღწიეს. ვგულისხმობ იმ სოციალურ ფენას, რომელსაც თავისი პოზიციისა და განათლების გათვალისწინებით, შესაცნობად საკმაოდ რთული ფაქტების მიღებისა და ანალიზის უნარი კვლავ გააჩნია. ამ ფენას კვლავ აქვს განგრძობითი წინააღმდეგობის უნარი და შესაძლებლობა- დაინახოს და გააანალიზოს, თუ როგორ ყვლეფს თავის მსხვერპლს საზოგადოების ე.წ შეძლებული ნაწილი. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს ოპოზიციის ორი სხვადასხვა ნაწილი, რომლებიც საზოგადოების ორ სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და მე მსურს, რომ მოკლედ აღვწერო ისინი.

არაპრივილეგირებულნი: შეერთებულ შტატებში პრივილეგიების არმქონენი ორ ნაწილად იყოფიან: ეროვნულ და რასობრივ უმცირესობებად, რომლებიც, უმეტესწილად, პოლიტიკურად არაორგანიზებულნი არიან და ხშირად ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტური  განწყობებით გამოირჩევიან (საგულისხმოა კონფლიქტი შავკანიანებსა და პუერტორიკოელებეს შორის). ეს ჯგუფები არ არიან ჩართულნი წარმოების პროცესში, ამიტომ კლასიკური მარქსისტული თეორიის მიხედვით, ისინი პოტენციური რევოლუციური ძალების მნიშვნელოვან ნაწილს არ შეადგენენ. მიუხედავად ამისა, გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ისინი, რომლებიც არაპრივილეგირებულთა რიგებიდან სისტემის მთელ სიმძიმეს აცნობიერებენ, ნამდვილად წარმოადგენენ მასობრივ ბაზისს ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლისთვის, რომელიც  ნეო-კოლონიალიზმისა და კოლონიალიზმის წინააღმდეგაა მიმართული. კაპიტალისტური საზოგადოების მეტროპოლიებში კი, ეროვნულ და რასობრივ უმცირესობებს შორის, ეფექტური კავშირი არ არსებობს. ამ ჯგუფებს არც იმ მასებთან აქვთ კავშირი, რომლებიც უკვე ებრძვიან ნეო-კოლონიალიზმს. საზოგადოების ეს არაპრივილეგირებული ნაწილი შესაძლოა, ახალ პროლეტარიატად განვიხილოთ. მათი ამგვარი მდგომარეობა კაპიტალისტური სისტემისათვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სხვა განხილვის საგანია, თუ რა განასხვავებს ევროპულ მუშათა კლასს მათგან, რომლებიც, ასევე, შეიძლება, არაპრივილეგირებულად მივიჩნიოთ. მე არ შემიძლია ამ სქემაში მათზე საუბარი, თუმცა უპრიანი იქნება ვთქვა, რომ მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ამერიკული მუშათა კლასი, მათი უმრავლესობა, სისტემასთან ინტეგრირებულია  და რადიკალური ცვლილებები არ სურს, თუმცა ევროპულ მუშათა კლასზე იმავეს  ვერ ვიტყვით.

 

პრივილეგირებულნი: მინდა, ის ჯგუფი, რომელიც მოწინავე კაპიტალიზმის სტრუქტურას ოპონირებას უწევს, ორ სუბმიმართულებად დავყო. პირველ რიგში, დავიწყოთ ე.წ ახალი მუშათა კლასით, რომელიც, ძირითადად, შედგება ინჟინრებისგან, მეცნიერებისგან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან და ა.შ. ისინი დასაქმებულნი არიან წარმოებაში, ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებულ პოზიციებსაც იკავებენ. მათი საკვანძო პოზიციების გათვალისწინებით, ეს ჯგუფი რევოლუციური ძალის ბირთვს წარმოადგენს, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ისტაბლიშმენტისთვის „საყვარელი ბავშვები“ არიან. მათი ცნობიერება კვლავ ნაკლოვანია, ხოლო „ახალი მუშათა კლასის“ გამოხატვის ფორმები, შესაბამისად- მოუმწიფებელი.

მეორე მხრივ, მე მსურს, ძირითადად, სტუდენტურ ოპოზიციაზე ვისაუბრო, ამ ცნების ფართო გაგებითა და ე.წ „გაგდებულების“ ჩათვლით. რამდენადაც შევძლებ,  წარმოგიდგენთ იმ გვიანდელ განსხვავებას, რაც ამერიკულ და გერმანულ სტუდენტურ მოძრაობებს შორის არსებობს. ამერიკაში სტუდენტთა ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციურ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული, წყვეტს სწავლას და მათი მთელი დრო აქტივიზმს ეთმობა. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია, თუმცა აქვს დადებითი მხარეც. მე სტუდენტურ ოპოზიციას სამი კატეგორიის მიხედვით განვიხილავ. პირველი -  ალბათ, ვიკითხავთ, რას ან ვის მიემართება ეს ოპოზიცია? მეორე -  როგორია მისი ფორმები? მესამე-  რა მომავალი და პერსპექტივა აქვს სტუდენტურ აქტივიზმს?

პირველი კითხვა საკმაოდ სერიოზულია, რადგანაც  ოპოზიცია მოქმედებს იმ არეალში, რომელშიც დემოკრატიული ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ. მეტიც, შტატებში ის უმრავლესობის წინააღმდეგ ილაშქრებს, მათ შორის, მუშათა კლასის წინააღმდეგაც კი. ეს  ოპოზიცია მიემართება სისტემის ყველაზე თვალსაჩინო სიამოვნებებს,  რომლებიც რეპრესიულად და დესტრუქციულად, არაადამიანური გზით ეწევიან ყველაფრის დეგრადირებას. სისტემა სასაქონლო სტატუსით ასაღებს ადამიანებს საარსებო საშუალებებსა და ცხოვრების შინაარსს, ხოლო  ოპოზიცია სისტემის ფარისევლური მორალისა და ღირებულებების, მეტროპოლიების მიღმა არსებული ტერორის წინააღმდეგ იბრძვის. თავდაპირველად, ოპოზიცია სისტემას სამოქალაქო უფლებებისა და ვიეტნამში მიმდინარე ომის გამო აკრიტიკებდა. სამოქალაქო უფლებების დასაცავად, ჩრდილოეთში მყოფი სტუდენტების ნაწილი სამხრეთში გადავიდნენ, რათა შავკანიანებს ხმის მიცემის უფლების დაცვაში დახმარებოდნენ. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ამ ადამიანებმა დაინახეს, თუ რას წარმოადგენს, რეალურად, ეს დემოკრატიული სისტემა. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ დადიოდნენ, დაუსჯელად, შავკანიანების მკვლელები. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა ოპოზიციის აქტივობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვიეტნამის ომი იყო წინააღმდეგობის მოძრაობის გაზრდის საბაბი. სტუდენტებისთვის, ომი ამჟღავნებდა საზოგადოების არსს, ექსპანსიისა და აგრესიის თანდაყოლილ სურვილს, იმ სიუხეშეს, რომელსაც ისინი გამათავისუფლებელი მოძრაობების მიმართ იჩენდნენ.

სამწუხაროდ, მე არ მაქვს ბევრი დრო, რათა განვიხილო, იყო თუ არა ვიეტნამის ომი იმპერიალიზმის გამოვლინება. მიუხედავად ამისა, მე მინდა, დავაკვირდე ამ საკითხს, რადგან პრობლემა აშკარაა. თუ იმპერიალიზმს განვიხილავთ ძველი გაგებით, რომელიც ბაზრების გაფართოებისთვის ბრძოლას გულისხმობს, მაშინ ეს არ ყოფილა იმპერილიზმის გამოვლინება. 1967 წლის 7 ივლისს „Newsweek“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც შეგეძლოთ, წაგეკითხათ, რომ ვიეტნამში 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიზნესია კონცენტრირებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად ამისა, ვერ ვხედავ საჭიროებას, განვსაზღვრო იმპერიალიზმის ახალი გაგება, რომელიც, წამყვანი ამერიკელი მიმომხილველებისთვის, უკვე გაცხადებული რამაა. ვიეტნამის ომის მიზანი კომუნისტების მიერ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული არეალების დაქვემდებარების თავიდან აცილება იყო. ვიეტნამის საკითხი მნიშვნელოვანია, ზოგადად, ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლისათვის, რადგან მათი წარმატება შესაძლოა, ყოფილიყო სიგნალი სხვა მოწყვლადი არეალებისთვის, რომლებიც უფრო ახლოს იყო მეტროპოლიებთან და რომლებშიც გიგანტური ინვესტიციების განხორციელების მეტი შანსი არსებობდა. თუ ვიეტნამის საკითხი უბრალო საგარეო პოლიტიკის ნაწილი არაა და ის, უფრო მეტად, სისტემის არსს ააშკარავებს, მაშინ ეს, შესაძლოა, ამ სისტემის განვითარების პროცესში გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდეს, ეს, შეიძლება, დასასრულის დასაწყისი იყოს. გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ ადამიანის ნებამ და მისმა სხეულმა, თავისივე საბრალო იარაღით, შესაძლოა, დესტრუქციის ყველაზე ეფექტური სისტემა სამუდამოდ შიენარჩუნოს. ეს სიახლეა მსოფლიოს ისტორიისთვის.

ახლა დროა, განსახილველად მეორე კითხვასაც, სახელდობრ - ოპოზიციის ფორმებს - მივუბრუნდე. ჩვენ სტუდენტურ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ და მსურს, თავიდანვე განვაცხადო, რომ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით უნივერსიტეტის პოლიტიზირებას, უნივერსიტეტი უკვე პოლიტიზირებულია. საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვრცელდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, მაგალითად, ისეთი აბსტრაქტული დისციპლინა, როგორიც მათემატიკაა, წარმოებასა და სამხედრო სტარტეგიაში. საჭიროა მხოლოდ იმაზე ფიქრი, თუ როგორ არიან დამოკიდებულნი სამთავრობო დაფინანსებაზე ისეთი დარგები, როგორებიც ფსიქოლოგია და სოციოლოგიაა, თუ როგორ გახდნენ ეს დისციპლინები ჩაბმულნი ადამიანების კონტროლისა და ბაზრის რეგულირების ასპექტებში. ამ ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ უკვე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ უნივერსიტეტი უკვე პოლიტიკური ინსტიტუციაა, ხოლო სტუდენტური ოპოზიციის საქმიანობა - უნივერსიტეტის დეპოლიტიზირების მცდელობა. ამასთან, პოზიტივისტების ნეიტრალიტეტი ფსევდონეიტრალიტეტია. კურიკულუმის კრიტიკისთვის აუცილებელია მისი ინტელექტუალური დისკუსიებით მომარაგება. სწორედ ეს გარემოებებია იმის მიზეზი, რომ სტუდენტების მთავარი მოთხოვნა სასწავლო გეგმის რეფორმირებას ეხება. კრიტიკული აზროვნება და ცოდნა მთლიანად ინტელექტუალურ დისკუსიებზეა აგებული და არა- აგიტაციასა და პროპაგანდაზე. სადაც ამ კრიტიკული დისკუსიების შესაძლებლობა არ არის, იქ დაფუძნებულია ე.წ „თავისუფალი უნივერსიტეტები“ და „კრიტიკული უნივერსიტეტები“, რომლებიც არსებობენ უნივერსიტეტს გარეთ, მაგალითად, ბერკლიში, სტემფორდში და აღმოსავლეთის სხვა დიდ უნივერსიტეტებში. ამ ე.წ „თავისუფალ უნივერსიტეტებში“ სასწავლო კურსები და სემინარები მიემართება ისეთ საკითხებს, რომლებიც არ ემთხვევა რეგულარულ სასწავლო გეგმას, მაგალითად: მარქსიზმი, ფსიქოანალიზი, საგარეო პოლიტიკა ცივი ომის პერიოდში და ა.შ.

მეორე ფორმა სტუდენტური ოპოზიციისა, წარმოგვიდგება ე.წ „teach-ins”[1]-ის, “sit-ins”[2]-ის, “be-ins”[3]-ისა და “love-ins[4]”-ის სახით. ასევე, მსურს, ყურადღება გავამახვილო იმ მრავალფეროვნებასა და ემოციურ ფენომენზე, რომელიც ამ სახის ოპოზიციის შიგნით არსებობს: კრიტიკული სწავლა და სწავლება, ერთი მხრივ, შეიძლება, მხოლოდ თეორიისკენ იყოს მიმართული, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ეგზისტენციალური კომუნის მდგომარეობას მიემართებოდეს. მსურს, შევეხო ნახსენები ემოციური ფენომენის მნიშვნელობასაც, რადგან, ჩემი აზრით, ის გამოხატავს პოლიტიკური და სექსუალურ-მორალური ამბოხის ნარევს, რაც აშშ-ში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს მდგომარეობა შეუიარეღებელ დემონსტრაციებზე ვლინდება, შესაბამისად, ასეთ შეკრებებზე  ექსცესებს არ უნდა ველოდოთ. შენი ეგოს დასაკმაყოფილებლად კონფრონტაციების ძებნა საჭირო არ არის, მეტიც, უპასუხისმგებლობაცაა. დაპირისპირებები არსებობს. ისინი არ იზრდება, ხოლო გზების გამონახვის პროცესი გააყალბებს ოპოზიციის საქმიანობას. დღეს ისინი თავდაცვის პოზიციაში იმყოფებიან და არა - პირიქით. ხშირად იძაბება ვითარება იმ აქციებზე, რომლებიც ვიეტნამის ომს ეხება, დემონსტრანტები მიდიან სამხედრო დაწესებულებებთან, ახდენენ იმ ქარხნების პიკეტირებას, რომლებშიც ასაფეთქებელი და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება მზადდება. ეს დემონსტრაციები ორგანიზებულია და ისინი ლეგალურია. უპირისპირდება თუ არა ეს დემონსტრაციები იმ ინსტიტუციურ ძალადობას, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ილაშქრებს? ჩემი პასუხი ამერიკის ვითარებიდან გამომდინარეობს, მაგრამ დასკვნის გამოტანა თავადაც მარტივად შეგიძლიათ. ეს დემონსტრაციები არ იქნება კონფრონტაციული ხასიათის მანამ, სანამ ისინი ლეგალისტურ ჩარჩოებში დარჩება. როდესაც დემონსტრანტები ამ გზით მიდიან, თავიანთ თავს იმ ინსტიტუციურ ძალადობას უქვემდებარებენ, რომელიც ავტონომიურად განსაზღვრავს კანონიერების ჩარჩოს და რომელსაც ამ საზღვრების სულის შემხუთველ მინიმუმამდე დაწევა შეუძლია. მაგალითად, ისეთი კანონის მიღებით, რომელიც კრძალავს კერძო და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე გადაადგილებას, „სიმშვიდის დარღვევას“ და ა.შ. შესაძლოა, ამჟამად კანონიერად მიჩნეული, სრულიად მშვიდობიანი დემონსტრაცია რამდენიმე წუთში არაკანონიერად აქციონ, თუ ის საზოგადოებრივი სიმშვიდისთვის შემაწუხებელია ან თუ დემონსტრანტები გადალახავენ კერძო საკუთრების საზღვარს... ამ შემთხვევაში, სახელწმიფო ძალასთან და ინსტიტუციურ ძალადობასთან კონფრონტაცია გარდაუვალია. თუ დაპირისპირება არ შედგება, მაშინ ოპოზიცია გადაიქცევა უვნებელ რიტუალად, ცნობიერების საწოვარად და მოწმედ უფლებებისა და თავისუფლებების მოპოვებისთვის ბრძოლის პროცესში, ხოლო ეს ვითარება ხელს შეუწყობს სტატუს-კვოს შენარჩუნებას. სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლებმა უკვე გამოსცადეს ჩემს მიერ ნახსენები გარემოებები- რომ სისტემა მოძალადეა და მის წინააღმდეგ კანონიერი ჩარჩოებით ბრძოლა საკმაოდ პრობლემატურია, რომ თუკი სისტემა სტუდენტების ოპოზიციასაც საფრთხისშემცველად ჩათვლის, სტუდენტებიც თავიანთ თავებზე გამოსცდიან ძალადობას. შემდეგ ოპოზიცია ფატალური გადაწყვეტილების წინაშე დგას: იმოქმედოს რიტუალური დატვირთვით, თუ იმოქმედოს, როგორც გამათავისუფლებელმა ან გამოაცხადოს სამოქალაქო დაუმორჩილებლოება.

მსურს, რამდენიმე სიტყვა მაინც ვთქვა წინააღმდეგობის უფლებაზე, რადგან მე, ისევ და ისევ, მაოცებს ის, თუ რა მცირედ შეაღწია ამ ცნებამ ადამიანების ცნობიერებაში, სახელდობრ - სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ, რომელიც,  დასავლური ცივილიზაციისთვის, ძველი და ყველაზე წმინდა ელემენტია. ამგვარი უფლების იდეა აღემატება პოზიტიურ სამართალს და ეს კონცეფცია ისევე ძველია, როგორც ცივილიზაცია. ოპოზიციის ფორმირების პროცესში ამ უფლებათა კონფლიქტს ყოველთვის აქვს ადგილი. სისტემას ყოველთვის გააჩნია ლეგალური უფლება, მიმართოს პოზიტიურ სამართალს და ძალადობას. ის ამ საკითხში მონოპოლისტია, ის მიმართავს ძალადობას თავისივე თავის დასაცავად. წინააღმდეგობის უფლების ცნობას დიდი გარჯა დასჭირდა და თავისუფლების ისტორიული განვითარების მთავარი მოტივატორიც სწორედ ეს პროცესი იყო. წინააღმდეგობის უფლების გარეშე ჩვენ ისევ პრიმიტიული საზოგადოებრივი მოწყობის ფორმაში ვიცხოვრებდით. აქვე, ვფიქრობ, რომ ძალადობა მოიცავს ორ ფორმას: ძალადობას, რომელიც სისტემის დაფუძნებულია და ვლინდება სტრუქტურული, ინსტიტუციონალური გზით, და ძალადობას გათავისუფლებისთვის, რომელიც, პოზიტიური სამართლის კუთხით, იმთავითვე არაკანონიერია. თქმა არ სჭირდება იმას, რომ არც ერთი სისტემა მის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას კანონიერად არასოდეს მიიჩნევს. ყველა ამ ფორმის ფუნქცია სხვასთან კონფლიქტია. არსებობს ჩამხშობი და გამათავისუფლებელი ძალადობა, არსებობს სიცოცხლის დაცვისათვის განკუთვნილი ძალადობა და ასევე, ძალადობა აგრესიისათვის. ორივე ტიპის ძალადობა ისტორიის კუთვნილებაა. ასე რომ, ოპოზიცია ყოველთვის ძალადობის სარჩულქვეშ ფორმირდება. უფლება დგას უფლების პირისპირ, არა როგორც აბსტრაქტული რამ, არამედ როგორც რეალური ქმედება. განვმეორდები, რომ სტატუს-კვოს აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს კანონიერების ჩარჩოები.  წინააღმდეგობის უფლებასა და ინსტიტუციურ ძალადობას შორის არსებული კონფლიქტი სისტემას საფრთხეს მოუტანს იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობის უფლებისთვის მებრძოლნი დადგენილ ნორმებს შეუპირისპირდებიან და ძალაუფლების მიერ შეწირული მსხვერპლის რაოდენობა ზოგიერთ რევოლუციას გადააჭარბებს. იმის ქადაგება, რომ ძალადობა ცუდია, ხელს არსებული სისტემის კვლავწარმოებას უწყობს. მონოპოლისტურ ინდუსტრიულ საზოგადოებაში კი, ეს ძალადობა უპრეცედენტო რაოდენობითაა კონცენტრირებული იმ დომინაციაში, რომელიც საზოგადოებაში ტოტალურად იჭრება. ამ ტოტალურობის გათვალისწინებით, გათავისუფლების უფლება ერთ განცალკევებულ უფლებად მოსჩანს. ამგვარად, კონფლიქტი ძალადობას შორის, მოსჩანს როგორც განცალკევებულ  და ზოგად ან საზოგადო და კერძო ძალადობების ბრძოლად. ამ ბრძოლაში კერძო ძალადობა დამარცხდება იქამდე, სანამ ის არ შეძლებს, რომ არსებული საზოგადო ძალა ზოგად ინტერესად გარდასახოს.

იქამდე, სანამ ოპოზიციას არ ექნება იმის ძალა, რომ საზოგადო გახადოს მისი ინტერესები, ძალადობის პრობლემა, პირველ რიგში, ტაქტიკური პრობლემაც იქნება. შესაძლებელია, რომ ძალაუფლებასთან კონფრონტაციისას, რომელშიც წინააღმდეგობის გამომწვევი ძალა მარცხდება, გარკვეულ შემთხვევებში, ძალაუფლების ძალთა ბალანსი ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვალოს? ამ საკითხის განხილვისას ხშირად ერთსა და იმავე არგუმენტებს გვეუბნებიან, რომლებიც არასწორია, სახელდობრ- ის, რომ ამგვარი კონფრონტაციისას ოპონენტი ძლიერდება. მეორე მხარე შეიძლება, კონფრონტაციის მიუხედავადაც გაძლიერდეს. როდესაც ოპოზიცია აქტიურია, მსგავსი ფაქტები ყოველთვის ხდება, მაგრამ მთავარია, ოპონენტი გარდამავალ ფაზაში არ გარდაიქმნას. ვითარების ევოლუცია, დამოკიდებულია კონფრონტაციათა შემთხვევებზე და განსაკუთრებით, იმ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სოლიდარობის წარმატებაზე, რომლებიც სისტემატურად აღკვეთადია. შემიძლია, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოვიტანო. ოპოზიციამ  ვიეტნამის წინააღმდეგ ომი აღიქვა, როგორც თავისუფლებისა და სიცოცხლის წინააღმდეგ გალაშქრებად. ამ ფაქტორმა გავლენა იქონია მთელ საზოგადოებაზე და ეს ტოტალური თავდაცვის უფლებას ამართლებს. მოსახლეობის უმრავლესობა მაინც მხარს უჭერს ვიეტნამის ომსა და მთავრობის ქმედებებს, პარალელურად კი, ოპოზიცია მხოლოდ დიფუზიურად და ლოკალურად ორგანიზდება. ოპოზიციის ქმედებათა ფორმა, რომელიც ჯერ კიდევ კანონიერია, სპონტანურად გარდაიქმნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობად, რომელიც მიემართება სამხედრო სამსახურზე უარის თქმას და ამ უარის ორგანიზებას. ეს კი, უკვე არაკანონიერად მიიჩნევა, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. სხვა მხრივ, დემონსტრაციებს თან ახლავს საგანმანათლებლო საქმიანობა და ამ პროცესმა უკვე სისტემატური ხასიათიც მიიღო. ეს არის „თემური“ საქმიანობა (community work). სტუდენტები, მაცხოვრებლებთან გასაუბრების მიზნით, დადიან ღარიბ დასახლებებში, რათა, პირველ რიგში, აღმოუფხვრან ისეთი პრიმიტიული და ელემენტარული პრობლემები, როგორებიც ანტისანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებია. ეს სტუდენტები იღწვიან იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მატერიალური პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმარონ, მაგრამ ყველაზე მთავარი, ამ დასახლებებში, პოლიტიკური ცნობიერების გაღვიძების საკითხია. ამგვარ საგანმანათლებლო საქმიანობას ისინი მხოლოდ ღარიბ დასახლებებში არ ეწევიან, ასევე არსებობს ცნობილი „doorbell-ringing campaign“, რომელიც მოიცავს დისკუსიებს დიასახლისების პრობლემების გარშემო და იმ შემთხვევაში, თუ  ქმრებიც სახლში არიან, მათ პრობლემებსაც განიხილავენ. არჩევნების წინ ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მინდა ავღნიშნო ფაქტი, რომ ადამიანური არგუმენტები, უმეტესად, ქალებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე კაცებისათვის. ეს იმიტომ ხდება, რომ ქალები  უფრო შრომატევად და რუტინულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. იქნება სტუდენტების ეს ძალისხმევა წარმატების მომტანი? წარმატება დამოკიდებულია ხმათა იმ რაოდენობაზე, რომლებსაც ადგილობრივ და ფედერალურ არჩევნებში ე.წ „მშვიდობის კანდიდატები“ მიიღებენ.

დღესდღეობით, ოპოზიციური ძალები თეორიულ ბაზისებს მიუბრუნდნენ. ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია ახალი მემარცხენეებისათვის. როგორც ავღნიშნე, ისინი შეეჭვებულნი არიან ძველ იდეოლოგიაში. მწამს, რომ ეს პროცესი უფრო და უფრო ხილული გახდება. სისტემის ცვლილებას აუცილებლად სჭირდება თეორიული ცოდნის დაგროვება. ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი სტუდენტები ცდილობენ არა მხოლოდ საზღვრების გავლებას ძველ და ახალ მემარცხენეებს შორის, არამედ, ნეო-მარქსისტული ხედვიდან, თანამედროვე კაპიტალიზმის კრიტიკასაც.

ოპოზიციის საქმიანობის ბოლო ასპექტი, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, პროტესტის ახალი განზომილებაა, სახელდობრ- ის შედგება მორალურ-სექსუალური და პოლიტიკური მეამბოხეობის ნაზავისაგან. მსურს, დაგიხატოთ ნათელი სურათი იმისა, რისი შემსწრეც მე პირადად ვარ და ვფიქრობ, ეს შტატების სიტუაციასა და გერმანიაში მიმდინარე პროცესებს შორის განსხვავებას დაგანახებთ. ეს ეხება უდიდეს ანტისაომარ დემონსტრაციას, რომელიც ბერკლიში გაიმართა. პოლიციამ დემონსტრაციის ჩატარების ნებართვა გასცა, თუმცა ოკლენდის სამხედრო რკინიგზის მისასვლელები ჩაკეტეს და ამ მიმართულებით წასვლა აკრძალეს. ეს ნიშნავდა, რომ  მკაფიოდ და მკაცრად განსაზღვრულ არეალს მიღმა დემონსტრაცია უკვე არაკანონიერი გახდებოდა. როდესაც აქციის მონაწილენი ამ აკრძალული ტერიტორიის საზღვარს მიუახლოვდნენ, პოლიციამ ათი რიგისგან შემდგარი ბარიკადები აღმართა. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებითა და ფარებით. პროტესტანტების ნაკადი მიუახლოვდა ამ ბარიკადს, შემდეგ, როგორც ყოველთვის ხდება, ერთ-ერთმა მათგანმა დაიყვირა, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებდნენ, თუმცა ბარიკადების გარღვევის ნაცვლად, რასაც, რა თქმა უნდა, სისხლიანი, უმიზნო დაპირისპირება მოჰყვებოდა, დემონსტრანტებმა საწინააღმდეგო მხარეს თავიანთივე ბარიკადი აღმართეს. შესაბამისად, უკნიდან წამოსულ მასას ჯერ დემონსტრანტების კორიდორის გარღვევა მოუწევდა. ასე ხშირად არ ხდება ხოლმე. ეს არაბუნებრივი იყო. ორი თუ სამი დამზაფრავი წუთის შემდეგ ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში დაჯდა, მათ ამოიღეს თავიანთი გიტარები და ჰარმონიკები, ხალხმა ერთმანეთს კისერში დაუწყო კოცნა და ამით დასრულდა დემონსტრაცია. შეიძლება, ეს თქვენ სასაცილოდ მიგაჩნიათ, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა და ალბათ, საწინააღმდეგო მხარეს მდგარ „მტერზეც“ მოახდინა გავლენა.

რამდენიმე წუთით, ოპოზიციის პერსპექტივაზეც ვისაუბრებ. მე არასოდეს მითქვამს, რომ არსებული სტუდენტური ოპოზიცია ჩამოყალიბებული რევოლუციური ძალაა, არც ჰიპები მესახებიან პროლეტარების მემკვიდრეებად. მხოლოდ ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტები არიან დღეს რევოლუციურ ბრძოლაში ჩაბმულნი. ისინი არც ეფექტურ რევოლუციურ მუქარას წარმოადგენენ მოწინავე კაპიტალისტური სისტემისათვის. ყველა ოპოზიციური ძალა დღეს მზაობის პროცესშია, ისინი მხოლოდ და მხოლოდ მზაობის ეტაპზე არიან და მათი მდგომარეობა სისტემის შესაძლო კრიზისისათვის ნამდვილად საჭირო ფაქტორია. უფრო ზუსტად, ეროვნულ-გამათავისუფლებელი და გეტოების ამბოხი ხელს უწყობს სისტემის კრიზისს არა მხოლოდ სამხედრო მიმართულებით, არამედ- პოლიტიკური და მორალური მიმართულებებითაც. ამ კრიზისისთვის შემზადებამ და მისმა პოტენციალმა შესაძლოა, უფრო რადიკალური გახადოს მუშათა კლასი. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიაში. შეიძლება, ეს რადიკალიზება მემარცხენე მიმართულებით არ წარიმართოს და ეს საკითხი დღესაც ღიაა. ჯერჯერობით, არ არის დაძლეული ფაშიზმისგან და ნეო-ფაშიზმისგან მომდინარე მწვავე საფრთხე.

მე ვისაუბრე შესაძლო კრიზისზე, სისტემის პოტენციურ კრიზისზე. პროცესები, რომლებიც ამ კრიზისის ხელშემწყობია, დეტალურად უნდა გაანალიზდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კრიზისი უნდა განვიხილოთ, როგორც განსხვავებული  ობიექტური და სუბიექტური ტენდენციების შესართავი. ეს ეხება ეკონომიკას, პოლიტიკას და მორალის ბუნებას როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთშიც. ოპოზიციური ძალები ჯერ არ გაერთიანებულან სოლიდარობის ბაზისის ირგვლივ. განვითარებული კაპიტალისტური წესწყობილების ქვეყნებში ისინი დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობენ. ამერიკაში არსებული გეტოებიც კი, პოლიტიზირების საწყის ეტაპზე არიან. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, მეჩვენება, რომ ოპოზიციის ამოცანა, ამ ეტაპზე, გარკვეული სოციალური ჯგუფების ცნობიერების გათავისუფლებაა. ფაქტია, რომ დღეს ყველას სიცოცხლე რისკის ქვეშაა და დღეს ყველა დომინაციის ქვეშ იმყოფება. ყველამ უნდა შეიცნოს სისტემის საშინელი პოლიტიკა, რომელიც, თავისი რეპრესიული მექანიზმით, ტოტალურ განადგურებას გვიქადის. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მისაწვდომი საწარმოო ძალები ექსპლოატაციისა და რეპრესიის კვლავსაწარმოებლად გამოიყენება და ე.წ „თავისუფალი მსოფლიო“ თავადვე აღიჭურვება სამხედრო და პოლიციური ძალის დიქტატურით, რათა დაიცვას ჭარბი პროდუქცია. სხვა მხრივ,  ეს პოლიტიკა ვერანაირი გზით ვერ გაამართლებს ტოტალიტარიზმს, რომლის წინააღმდეგაც ბევრის თქმა შეგვიძლია. მაგრამ ეს ტოტალიტარიზმი არის არის ექსპანსიური და აგრესიული, ის სიღარიბისგანაა ნაკარნახევი. ეს გარემოება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მემარცხენე შეხედულებებიდან.

ცნობიერების გათავისუფლება, რაზეც მე ვისაუბრე, მეტია, ვიდრე, უბრალოდ, განხილვა. ამ ვითარებაში ეს ნიშნავს და უნდა ნიშნავდეს დემონსტრირებას- ამ სიტყვის სრული გაგებით. ყველამ უნდა გამოხატოს სიცოცხლის ნება, უნდა შეძლოს ნების დემონსტრირება, რათა მშვიდობიან, ადამიანურ მსოფლიოში იცხოვროს. სისტემა ამ შესაძლებლობის წინააღმდეგაა მობილიზებული. ასევე, უნდა ითქვას, რომ მავნებელია ილუზიების ქონა. ის იმაზე მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ნების არქონა, ან ფატალიზმი შეიძლება იყოს, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს.  ჩვენ ვიპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ შევბრძოლებოდით ფაშისტურ სისტემას. უსარგებლო ომები და დესტრუქციული ქმდებები სისტემის შინაგანი წინააღმდეგობების მანიფესტაციაა. ასეთი სისტემა არ არის იმუნური. ის უკვე თავს იცავს ოპოზიციისგან და ინტელექტულებისგან, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხეში გვხვდებიან. და თუ მაინც ვერ დავინახავთ ტრანსფორმაციას, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ და შევეწინააღმდეგოთ, თუ გვსურს, ვიცხოვროთ როგორც ადამიანებმა, რათა ვიმუშავოთ და ვიყოთ ბედნიერები. სისტემასთან ალიანსი კი, ამის გაკეთების უნარს გვიხშობს, სისტემასთან ალიანსი ამ გზიდან გადახვევაა.

 

 


[1] Teach-ins-ის კონცეფცია შეიქმნა 1965 წელს. 1965 წლის 17 მარტს, მიჩიგანის უნივესრიტეტში დაახლოებით 50 ფაკულტეტის სტუდენტი ესწრებოდა სემინარს, რომელიც მიმართული იყო ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. Teach-ins არის არაფორმალური ლექცია-დისკუსიები საჯარო ინტერესის ობიექტის შესახებ.

[2] პროტესტის ფორმა, რომლის დროსაც დემონსტრაციის მონაწილეები იკავებენ ადგილს და არ ტოვებენ მას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

[3] შეკრება, რომელიც გაიმართა 1967 წლის 14 იანვარს, სან-ფრანცისკოში. შეკრების მონაწილენი ითხოვდნენ კულტურულ და პოლიტიკურ დეცენტრალიზაციას, კომუნალურ ცხოვრების ტიპს.

[4] შეკრება ან წვეულება, სადაც ადამიანები ღიად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს და ფიზიკურ მიმართებებს, ასოცირდება ჰიპების მოძრაობასთან.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული