პლანიტგრადი, პლანიტგრადი-უტოპია





პროზა

პლანიტგრადი, პლანიტგრადი-უტოპია




‘’...წვეთი რძის.

და ეს ცა,

და  ღრუბლები ამ ცის’’.

თავიდან მერქვა შილანა, ვცხოვრობდი  პლანიტგრადში  და  არ ვიცოდი, რომ დამაჯერებელი ხმა მქონდა. საერთოდაც ვერიდებოდი ლაპარაკს, რადგან კომუნიკაციის ამ ფორმასთან იყო დაკავშირებული ჩვენი  მეტყველების კლასის მთავარი  უბედურება.

ისტორიკოსები  დღესაც  ვერ თანხმდებიან, კონკრეტულად როდის ჩამოყალიბდა მეტყველების კლასები.  ამბობენ, რომ ადრე ყველა ადამიანს ერთნაირი  ხმა და სმენა ჰქონდა. უფრო მეტიც, ბებიაჩემი შეიდა ამტკიცებს, რომ მისი დიდი ბებიის და მომღერალი იყო და ყველაზე მჭექარე და ლამაზი ხმა ჰქონდა.  დიდად არ დაეჯერება.  ტყუილები უყვარს.  მითუმეტეს, თუ წარსულ დროში საუბრობ გამოგონილი, კარგი  ამბები შენდა უნებურად ჩნდებიან.

 ჩვენ მეტყველების ყველაზე დაბალ კლასს მივეკუთვნებით. იმდენად სუსტი  ხმა გვაქვს, რომ ჩვენი სიტყვები  თითქმის არ ჟღერს. მხოლოდ ერთმანეთს შეგვიძლია გავაგონოთ. ამასაც თავისი მიზეზები აქვს - რადგან მეტისმეტად   ყრუ  ბგერებს წარმოვთქვამთ, სმენა გაგვიმახვილდა,თანაც იმდენად, რომ მეზობელ ქალაქში წარმოთქმული ხმებიც  გვესმის. ეს ყველაფერი ჩვენს ტვინში სრულ აფეთქებას იწვევდა.

  წარმოიდგინეთ, ერთდროულად გესმოდეს შენი თანამოსაუბრის, მეზობლების, მანქანების ხმაურის, შორეულ ქალაქში ჩხუბის, სიმღერის, ქადაგების ან მსხვრევის ხმა.  ამ ყველაფერს სხვა უსიამოვნებაც თან სდევდა. მეტყველების სხვა კლასის წარმომადგენლების ლაპარაკის მოსმენა ასობით კილომეტრის მოშორებითაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა,  ჩვენ ეს ამბავი საერთოდ არ გვახარებდა. სხვა ხმაურიც გვეყოფოდა. თანაც ზოგჯერ მთელი დღეები შეიძლება სხვის ამბებზე გეფიქრა და შენი სულ გადაგვიწყებოდა.  სამაგიეროდ, სხვა კლასებში ასე არ ფიქრობდნენ, ეჭვიანობდნენ, რომ მათზე ყველაფერს გავიგებდით,  ათასი ხერხი მოიფიქრეს პირადი სივრცის დასაცვად.

 ჩვენი მეტყველების კლასის წარმომამდგენლებისთვის სქელი ბეტონის უფანჯრო კორპუსები ააშენეს და იქ შეგვასახლეს. თავიდან ამ ამბავს სიხარულით შევხვდით. სიმშვიდე ვიპოვეთ. შეგვეძლო, დავმსხდარიყავით,  მხოლოდ ერთმანეთის ხმა გაგვეგონა და ერთმანეთზე გვეფიქრა. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მეტყველების სხვადასხვა კლასები ერთმანეთს საბოლოოდ დავშორდით. ქვეყნის მართვაში, რელიგიურ რიტუალებსა  და სხვა საპასუხისმგებლო საქმეებში  მხოლოდ ისინი მონაწილეობდნენ, ვისაც ხმამაღლა ლაპარაკი  შეეძლო და არც საჭიროზე უფრო მახვილი სმენა ჰქონდა.

ბებია შეიდა ამბობს, რომ როცა ერთი წლისაც არ ვიყავი და პირველი სიტყვა წარმოვთქვი, მაშინვე მიხვდა, რომ მისი დიდი  ბებიის დას დავემსგავსე. მოკლედ, ჩემი მეტყველების კლასისთვის შეუფერებლად მაღალი ხმა მქონდა. ამ ამბავმა ისე გაახარა, რომ იმ დღიდან ყველაზე მეტად მე შევუყვარდი, თუმცა დიდი არჩევანი არც ჰქონია. სახლში ხოლოდ  მე,  ბებია შეიდა და მამა ვცხოვრობდით.

***

ბებიაჩემი ყოველ დღე სიმღერაში მამეცადინებდა.  ყველაფერი მერჩივნა ამას. თავს ვიმძინარებდი, ავადმყოფობას ვიბრალებდი, ოღონდ კი ვოკალში არ ვევარჯიშებინე. სიკვდილი ჯობდა იმის ყურებას, როგორ ცდილობდა ბებია შეიდა ბგერების წარმოთქმა ესწავლებინა ჩემთვის. ხრიალებდა, სახე ემანჭებოდა, იფიქრებდი აუტანელი ტკივილი აწვალებსო. მაინც არ ნებდებოდა. მიხსნიდა,რომ სიმღერა ერთადერთი გზა იყო უფრო მაღალ მეტყველების კლასში დამემკვიდრებინა ადგილი. მამაჩემი ცდილობდა დავეცავი,მაგრამ ბებია შეიდას ვერაფერი გადაარწმუნებდა.

 

მამაჩემი  პლანეტათაშორისი მერცხალი იყო. ქარის ჯარისკაცის შაიაან ჰამიდთან ერთად იბრძოდა  გალაქტიკათშორის სამოქალაქო ომში, მაგრამ ბოლო წლებში იმდენი ომი გადავიტანეთ, რომ ყველას მოუწია ბრძოლა. ომის ვეტერანის სტატუსმა აზრი დაკარაგა და მამას პლანეტათაშორისი მერცხლის პენსია მოუხსნეს. მხოლოდ რძეს იღებდა პლანეტათაშორისი მერცხლების კომისარიატისგან.

მამა და ბებია  ყოველთვის მისმენდნენ და შეძლებისდაგვარად სურვილებსაც მისრულებდნენ. რა თქმა უნდა, ამაში არაფერი იყო განსაკუთრებით უცნაური, თუმცა ზოგჯერ მაინც ძალიან მაკვირვებდნენ.  როცა  ცხრა წლის  ვიყავი, ავიჩემე ჩემი საწოლი თოკებით ჭერზე ჩამოკიდეთ-მეთქი. მე უბრალოდ მინდოდა ჰაერში მექანავა. მამაჩემს კი ავუხსენი, რომ ღამით ძალიან ციოდა. ღუმელიდან წამოსული მთელი სითბო კი ჭერში ადიოდა. ამის დასამტკიცებლად ხელები მაღლა ავაწევინე. ცოტა კი იწვალა,მაგრამ იმ საღამოსვე ჩემი საწოლი ჭერში ირწეოდა. სხვა სისულელეებსაც ვაკეთებინებდი, მაგრამ ბევრი არაფერი შეეძლოთ, მოსაყოლად არ ღირს.

ერთხელაც ასე ვქანაობდი ჭერში. წუთი წუთზე ბებია შეიდას ველოდებოდი სიმღერაში უნდა ვემეცადინებინე. უცებ საწოლთან თითქმის ცარიელი ჭიქა დავინახე,რომლის ფსკერზეც ცოტა რძე ესხა. გადავწყვიტე თვალებში  ჩამეწვეთებინა,რომ ჩამსისხლიანებოდა და ავადმყოფის იერი დამედო. ძალიან ფრთხილად ერთი წვეთი რძე ჩავიწვეთე. თვალები ამეწვა და  პირველად დავინახე პლანიტგრადი-უტოპია. ასე გვიან დავარქვი. თავიდან სახელი არ ჰქონია. იმ დღიდან ერთდროულად ორ ქალაქში ვცხოვრობდი. პლანიტგრადში და პლანიტგრადი-უტოპიაში.

პლანიტგრადი-უტოპიაში ბეტონის სქელკედლიანი უფანჯრო შენობები არ იყო. პატარა ერთსართულიანი  სახლები იდგა, საკვამურებით. რაც მთავარია, მეტყველების კლასები არ არსებობდა. ყველას შეეძლო ერთმანეთის მოსმენა და ბებია შეიდას სიმღერა ეხერხებოდა.  ერთად ვმღეროდით ხოლმე. იქ მეც მემღერებოდა. საღამოს  აივანზე ვისხედით. ბებია შეიდა საჩვენებელი თითით  ცაზე ვარსკვლავებს შორის ხაზებს აბამდა. ღამით კი  ახსნიდა,  ძაფის დიდ გორგალს  გააკეთებდა და კაბებს მიქსოვდა.

 

პლანიტგრადი-უტოპიაში ცხოვრება ათასჯერ უფრო საინტერესო იყო. ბავშვობაში უფრო მეტ დროს იქ ვატარებდი. ერთი წვეთი რძე და  სულ უფრო მეტად მეზიზღებოდა პლანიტგრადი.

***

 

 

 

ერთხელაც ბებიაჩემმა დამასკოს   პავლეს   ეკლესიის   მისიონერები   გაიცნო. სახლშიც ხშირად დაჰყავდა. ჩამოსხდებოდნენ და დილამდე საუბრობდნენ.   ბებიაჩემისგან ამგვარი საქციელი არ გაგვკვირვებია. ბავშვობიდან მწვალებლობით იყო გატაცებული. ყმაწვილქალობაში ხარაჯიტი თუ იბაბიტი შეყვარებულიც ჰყავდა. შემდგომ სხვა რელიგიებშიც სცადა ბედი. დამასკოელებმა   ბებიას თავიანთი ლიტერატურა დაუტოვეს.  ცოტაოდენი ფულიც. წასვლის წინ დაპირდნენ, რომ სამიოდე თვეში დაბრუნდებოდნენ.   ბებიაჩემი თანამოაზრეების ჯგუფს თუ  დაახვედრებდა,  ჩვენს ქალაქში თავიანთი რელიგიის ცენტრს გახსნიდნენ.  სოლიდურ ფინანსებსაც გამოჰყოფდნენ.

ბებია შეიდა საქმეს დიდი მონდომებით შეუდგა. ცხადია, ქადაგება მხოლოდ ჩვენი მეტყველების კლასის ფარგლებში შეეძლო, მაგრამ  იქაც  არავინ უსმენდა. ყველა ეჩხუბებოდა.  ერთი თანამოაზრეც  ვერ იპოვა. პავლეს ეკლესიის მიმდევრებთან საქმე ძალიან რთულად იყო მოწყობილი. მათი აზრით,  სამყაროს შემოქმედი ღმერთი ბოროტი იყო, ხოლო იესო,რომელსაც მართლაც უნდა ეხსნა ჩვენი სულები,  სულაც არ მიიჩნევდა თავს მის შვილად.    ბებია შეიდას გული  ადვილად არ უტყდებოდა. ლამაზად ჩამაცვა და ჩემთან ერთად დაიწყო კარდაკარ  სიარული. რამდენიმე სტუმრობის შემდეგ ჩავთვალე,რომ პავლეს  ეკლესიის სწავლებაში გავერკვიე.  ერთხელაც ბებიაჩემს ქადაგებაში შევეშველე.  როგორც ჩანს, ისეთი სისულელეები დავახვავე, რაც საერთოდ კავშირში არ იყო პავლეს  ეკლესიის რელიგიურ დოგმებთან. ბებიაჩემმა გვერდები დამიჩქმიტა, ბოლოს ფეხი ისე მაგრად დამაჭირა, რომ ხმამაღლა შევიკივლე. სინამდვილეში კი  სასწაული მოვახდინე. მონუსხულები მისმენდნენ ჯერ მე,  შემდეგ - ბებიასაც.

რამდენიმე დღეში შეიდას და პავლეს  ეკლესიას ქალაქში ოცამდე  მიმდევარი ჰყავდა. დამასკოდან  ახალი მისიონერები  ჩამოვიდნენ, არცერთი არ მომეწონა. თავისი ეკლესიის ცენტრი დააარსეს  და ბებია  გულუხვად დააჯილდოვეს,მაგრამ მე გული ამიცრუვდა და აღარ ვქადაგებდი. ერთ  თვეში ბებიამ ყველა მიმდევარი დაკარგა. ბევრს მეხვეწა, ისევ დავხმარებოდი, მაგრამ არაფრის სურვილი აღარ მქონდა.

***

პლანიტრგადი-უტოპიაში სულ უფრო დიდხანს ვცხოვრობდი. იქაურობას ისე შევეჩვიე, რომ პლანიტგრადში თავს სტუმრად ვგრძნობდი. ხშირად, როცა ბებია შეიდას ვესაუბრებოდი ამბები მეორედა. ვერ ვასხვავებდი კონკრეტული შემთხვევა სად გადაგვხდა თავს.  ეს ყველაფერი ნერვებს მიშლიდა. ერთადერთი გზა რჩებოდა - პლანიტგრადი უნდა დანგრეულიყო.

პირველ კურსზე მაოისტი გავხდი, შედეგ  - სინდიკალისტი.  ყველა ჩემი მეგობარი ჯერ მაოისტი  იყო, მალე ისინიც სინდიკალისტები  გახდნენ. მაშინ პირველად დავრწმუნდი, რომ ადამიანებზე გავლენის მოხდენა შემეძლო. მისმენდნენ და ყველაფერს იჯერებდნენ, რაზეც ვესაუბრებოდი.  ჩემი ანტიკური ფილოლოგიის ლექტორი ელექტრა,  რომელიც პირველ სემესტრში მასწავლიდა, რა თქმა უნდა, მაოისტი გახდა. მეორე სემესტრში აღარ მინახავს. ამ დროს ჩვენ უკვე სინდიკალისტები ვიყავით. ელექტრა აღარ გაგვხსენებია და მაოისტად  დაგვრჩა.  გაზაფხულზე ელექტრამ  რამდენიმე ჩემი მეგობარი ლექციაზე  გამოიჭირა და მაოისტური პოზიციებიდან მწარედ გააკრიტიკა. დაპირისპირება აუცილებლად გამწვავდებოდა,მაგრამ იმ კვირაშივე ვინახულე ლექტორი და  ისიც სინდიკალისტებს შემოგვიერთდა.

 

სამწუხაროდ, მე,  ჩემს მეგობრებს და ელექტრას  თითქმის  არაფერი შეგვეძლო - მხოლოდ საუბრით ქალაქს ვერ შევცვლიდით. მე სულ უფრო მეკარგებოდა იმედი. პლანიტგრად-უტოპიაში დიდხანს აღარ ვრჩებოდი,რადგან ეს ყველაფერი სულელურ, ბავშვურ წარმოსახვად მიმაჩნდა.

 მე მქონდა ორი არჩევანი - ან უტოპიაში მეცხოვრა, ან მიმეღო რაციონალური გადაწყვეტილება და რეალური ცხოვრება ამერჩია. მაშინ ჩავთვალე, რომ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება და რაციონალური არგუმენტები მქონდა იმისთვის, რომ რეალობა ამერჩია. პლანიტგრად-უტოპიას გამოსამშვიდობებლად  ვესტუმრე, მე და ბებია შეიდამ ბოლოჯერ ვიმღერეთ და სამსახურის ძებნა დავიწყე. 

 გადავწყვიტე ჩემი ნიჭი უფრო გონივრულად გამომეყენებინა. თუკი  ვახერხებდი   ჩემი მეგობრები სრულიად წარმოუდგენელ  იდეებში დამერწმუნებინა, უფრო მარტივ საკითხებზე ხალხის დაყოლიება სულ იოლად გამომივიდოდა. თანაც, ჩემი ხმის დამსახურებით შემეძლო ყველა მეტყველების კლასთან მესაუბრა.

დემოკრატების პარტიაში გავწევრიანდი და  დავიწყე აგიტატორობა. პირველივე დღესვე მივხვდი, რომ საქმე ცუდად მიმდიოდა - არავინ მისმენდა. ხელი არ ჩამიქნევია. ჩემი დამაჯერებელი ხმის შესაძლებლობებში ჯერაც არ მეპარებოდა ეჭვი. არც მეორე და შემდგომ დღეებში გამომივიდა რამე. რამდენჯერმე უბრალოდ დამცინეს,რადგან, სიმართლე ითქვას, სულელურად ვსაუბრობდი - მე ხმის იმედი მქონდა და სიტყვებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. დემოკრატებიდან წამოვედი.

სხვა სამსახურის პოვნა რთული საქმე გამოდგა. ბოლოს გამომცემლობაში წიგნების გამყიდველად დავიწყე მუშაობა. ტელეფონზე უნდა დამერეკა ადამიანებისთვის და წიგნები  მიმეყიდა.

მენეჯერმა მირჩია, რომ პირველი მომხმარებლისთვის ჩემი საყვარელი წიგნი შემეთავაზებინა. მეც ტელეფონი ავიღე და ახალგაღვიძებულ, ჩახლეჩილ ხმას  ველიმირ ხლებნიკოვის კრებულზე დავუწყე საუბარი. ძალიან მალე დამთანხმდა. გულში ვიფიქრე, რომ ჩემი ხმა დამიბრუნდა. შევძელი და არც ისე პოპულარული პოეტით ასე ადვილად დავაინტერესე უცნობი.

შემდეგ ზარზე  უელბეკი  შევთვაზე ხმას, მაგრამ უგემური უარი მითხრა და გამითიშა. შემდეგ ვცადე ორჰან ფამუქის, მარკესის, სარამაგუს გაყიდვა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

გაბრაზებულმა ისევ ავიღე ტელეფონი და ისევ ხლებნიკოვი შევთავაზე უსიამოვნო, გაწელილ ხმას.  დამთანხმდა. პირველივე დღეს ხლებნიკოვის ხუთი წიგნი გავყიდე. სხვა ერთი ავტორიც ვერ გავასაღე. სახლში დაბრუნებულმა სოციალურ ქსელზე ლიტერატურულ გვერდებს და ლიტერატორების პროფილებს გადავხედე. მეფიქრებოდა, რომ რაღაც მიზეზების გამო ხლებნიკოვი მოულოდნელად პოპულარული გახდა-მეთქი. არაფერი განსაკუთრებული არ მინახავს.

თითოეულ გაყიდულ წიგნზე ბონუსები მემატებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჯანდაბას, ავდგები და ამ ხლებნიკოვს მივყიდი ყველას-მეთქი. ასეც მოვიქეცი და ერთ კვირაში მთელი ტირაჟი გამოილია. სხვა არცერთი ავტორი არ იყიდეს, თუ ზღაპრების ორ დასურათებულ  წიგნს არ ჩავთვლით.

სამსახურის ამბები დიდად არ მანაღვლებდა, ჩემი ხმის ბედი მადარდებდა. ძველ მეგობრებს დავურეკე. როგორც ადრე, პირველ კურსზე, ისევ ისე დავსხედით და მაოიზმზე დავუწყე საუბარი, მაგრამ არანაირი ინტერესი არ გამოუჩენიათ. ხუმრობა დაიწყეს. მეც ავყევი, უბრალოდ ძველი დროის გახსენება მინდოდა-მეთქი.

მივხვდი, რომ ბავშვობაში, როცა ბებია შეიდასსთან ერთად ვქადაგებდი, მეც მჯეროდა იმ ყველაფრის, მჯეროდა ყველა სხვა უტოპიისაც,რომელსაც ადრე ვუზიარებდი სხვებს. იმ მომენტში კი, როცა მე თვითონ ეჭვი მეპარებოდა, აღარც ჩემი ხმა იყო დამაჯერებელი.

მკლავდა, იმის გაცნობიერება, რომ მე მქონდა არაამქვეყნიური ძალა, რომლითაც შემეძლო,  ჩემი ქალაქი შემეცვლა. სულაც მთელი სამყარო, მაგრამ ვერაფერში ვიყენებდი, რადგან მე თვითინ არაფრის მჯეროდა. მჭირდებოდა უბრალოდ რაიმე, თუნდაც სრულიად სულელური იდეა, უტოპია, რომელსაც დავიჯერებდი და მაშინ ჩემს ხმას ისევ დაუბრუნდებოდა ძალა.

 უტოპიის საძებნელად ისევ პლანიტგრად-უტოპიაში წასვლა გადავწყვიტე. ბევრი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.  იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ ჩემი ქალაქი საბოლოოდ გაქრა. ავდექი და საწოლი ისევ ჭერში ჩამოვკიდე, რძეც ჩავიწვეთე თვალში, მაგრამ უშედეგოდ. ოთახიდან გავვარდი და ბებია შეიდას ხვეწნა დავუწყე, იმღერე-მეთქი. თავიდან ჩათვლა, რომ დავცინოდი, მაგრამ როცა აცრემლებული  დამინახა,  სასოწარკვეთილმა პირი დააღო, მაგრამ ეს უფრო მომაკვდავი ადამიანის ბოლო ამოსუნთქვას ჰგავდა, ვიდრე სიმღერის დაწყებას. საშინლად ყრუ ხმა ამოუშვა და თვითონაც ატირდა.  მე ჩავეხუტე და მას ისეთივე რძის სუნი ჰქონდა, როგორიც პლანიტგრად-უტოპიაში. მე მივხვდი, რომ სინამდვილეში ორი ქალაქი არ არსებოდა და არც არჩევანის საშუალება მქონდა.

პლანიტგრადი და პლანიტრგადი-უტოპია ერთი მთლიანობაა და ერთი განსაზღვრავდა მეორეს. უტოპიას მხოლოდ ის დანიშნულება ჰქონდა, რომ მეხმარებოდა, მოვრგებოდი, შევჩვეოდი პლანიტგრადში ცხოვრებას.

 

***

 

მაშინ, როცა პლანიტგრადი-უტოპია გაუჩინარდა,პლანიტგრადმაც დაიწყო გაქრობა. აღარ არსებობდა ის, რასთან შედარებითაც ის უფრო რეალური ჩანდა. ყველა საგანი, ადამიანები, შენობები ისევ ადგილზე იყო,  მაგრამ მე მათ ვეღარ შევიგრძნობდი. ვცდილობდი ყველა საგანს შევხებოდი, ადამიანებს ჩავხუტებოდი. ვღეჭავდი ყველა ნივთს, ვლოკავდი კედლებს,მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. დავიწყე ჩემივე სხეულის დაკაწვრა, ჩავკბიჩე ჩემი ქვედა ტუჩი, მაგრამ საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი. ყველაფერი ბუნდოვან სიტყვებად,  ცნებებად გარდაიქმნა.

ბეტონის კედლები გადაიქცა სწრაფ ეკონომიკურ განვითარებად, ბებია შეიდა - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციად, მამა - ლიტერატურად. მე  -  კლიმატის გლობალურ ცვლილებად.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.