• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პოპულარული პოეტის სიკვდილი

×
ავტორის გვერდი გიორგი შონია 11 იანვარი, 2018 2302

ეძღვნება ჰანს პრომველის ხსოვნას. პოეტს, რომელმაც იცოდა, როდის მომკვდარიყო.

 

ჰანს პრომველი თანამედროვე პოეზიის იმედი

ქალების გულთამპყრობელი, ქარიზმატული ახალგაზრდა

თაობის ხმა და ეპოქის გამოძახილი

და უბრალოდ კარგი მეგობარი და კოლეგა

მოულოდნელად გარდაიცვალა, თბილისის ცენტრალურ უბანში

ნოემბრის ერთ არც თუ ისე ცივ დღეს.

 

დანაკარგი დიდია.

ვაკუუმია ქართულ პოეზიაში.

ფილოსოფოსები მორიგ მეტაფიზიკურ ჩიხს წინასწარმეტყველებენ.

პატრიარქმა უკვე აღავლინა ლოცვა, პრომველის ნატანჯი სულის მოსახსენიებლად.

ქალაქი ტრაურმა მოიცვა.

 

კრიტიკამაც არ დააყოვნა

და პრომველის უჭკნობი დიდებისთვის, ჩრდილის მიყენება განიზრახა.

კრიტიკოსები აღნიშნავდნენ,

რომ პრომველს ჰომეროსიდან დაწყებული

ვიდრე გიორგი შონიამდე ყველა ავტორის გავლენას განიცდიდა.

ჭეშმარიტებას ღაღადებენ მათი ბაგეები.

მე შეუიარაღებული თვალითაც ვხედავ მის ლექსებში

პრუსტის, კაფკასა და თომას მანის გავლენებს,

ალაგ-ალაგ შექსპირს, ხოლო გოეთეს მთელი ხაზია „მანჰეტენურ ჰაიკუებში“.

და ცხადია, არის მასში რაღაც ვუპი გოლბერგისეული.

ისინი წერენ, რომ  პრომველის ლექსებიდან რასკოლნიკოვი იღრინება და ძმები კარამაზოვები ( განსაკუთრებით ივანი) უნისონში ქვითინებენ.

 

თუმცა მადლიერმა ქართველმა ერმა პრომველი მთაწმინდას მიაბარა.

პრემიერ-მინისტრმა გამართა ბრიფინგი მთაწმინდის უკვდავთა აკადემიიდან

და განაცხადა, რომ პრომველი განსხეულება იყო ქართველი ერის დიადი ოცნებისა

და მისი სახით ეპოქალური პიროვნება დავკარგეთ.

 

მემარცხენეები გლოვობენ დიდი პოეტის გარდაცვალებას.

მემარჯვენეები გლოვობენ დიდი პოეტის გარდაცვალებას.

პრეზიდენტს შეაქვს პარლამენტში მოთხოვნა,

რომ საქართველოს ერთბაშად ხუთ ქალაქს ეწოდოს პრომველის სახელი

რასაც აბსოლიტური უმრავლესობა დაუფიქრებლად უჭერს მხარს.

 

„ტაბულას“ ეთერში  ქართული ანდერგრაუნდის წარმომადგენლები

კითხულობენ დიდებული შემოქმედის ლექსებს

ერეკლე დეისაძე კი უძღვნის სიმღერას ჰანსის ხსოვნას,

რომელმაც იუთუბზე სამ დღეში ათ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

 

„კურიერი“ და „ქრონიკა“ აცხადებს,

რომ პოეტის ოთხმოცდასამმა ფანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ერმალო მაღრაძის წინასწარმეტყველება, რომ აპოკალიფსი არ იქნებოდა,

სიცრუე აღმოჩნდა.

 

განათლების სამინისტრო აქვეყნებს წერილს,

რომ პრომველის ყველა ლექსი საპროგრამა მასალაში შევა.

ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა პრომველზე წიგნის დაწერის იდეა.

კიევიდან პირდაპირ ეთერში ჩართულმა მიხეილ სააკაშვილმა კი აღნიშნა,

რომ რუსული სპეცსასმახურებისა და პირადად ვლადიმერ პუტინის ხელი ურევია

განუმეორებელი პოეტის სიკვდილში.

და რამდენიმე სტრიქონიც წაიკითხა, თვალზე ცრემლმორეულმა.

 

თბილისის მერიის გადაწყეტილებით, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგი ქანდაკებას

ჩაანაცვლებს პრომველის ძეგლი (რომელსაც ზურაბ წერეთელი არ შექმნის),

რაზეც ქართველმა ერმა, როგორც არასდროს, ერთსულოვნება გამოავლინა.

გოგი გვახარია საავტორო გადაცემაში იწვევს ჰანსის კოლეგებს,

რომლებიც იმ დიდ ღვაწლზე საუბრობენ, რაც პრომველს მიუძღვის თანაედროვე პოეზიის განვითარებაში.

გიორგი მაისურაძე ილიაუნიში იწყებს ლექციების კურსს სახელწოდებით

„ნიცშედან-პრომველამდე, ფროიდის გავლით“.

 

ჰანს პრომველის მეოცნებე, პოეტურ ფოტო-პორტრეტს ახალგაზრდები

მაისურებსა და ჩანთებზე იხატავენ.

მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ სიცარიელის შევსებას

მისი ლექსები ამაოდ ცდილობენ.

 

მშვიდობით ჰანს, შენ მარადიულად იცოცხლებ მართალთა გულებში

შენს ნაკვალევს ვერც ქარი წაშლის და ვერც წვიმა.

შენ იცოდი ყველაფერი და ყველაზე ზუსტად კი ის, როდის მომკვდარიყავი.

დაე, მსუბუქი იყოს შენთვის მთაწმინდის მიწა.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული