• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ათასმეერთე ღამე

×
ავტორის გვერდი გიორგი მაისურაძე 06 მარტი, 2018 2915

როცა ჰარუნ არ რაშიდი ტახტზე იჯდა, ნაზირ-ვეზირი შუბლს უსწორებდა ხალიფას წაღებს და ფეხზე ამდგარს აგებებდნენ მინაბულ თვალებს ხალიჩაზე განრთხმული სეფექალები და ნელსაცხებლით უზელდნენ ბეჭებს ვნებებისაგან გამკვრივებული ძუძუსთავებით.

როცა ჰარუნი სასახლის კარში გამოჩნდებოდა, როგორც უდაბნოს ქარით გადაღუნული ფინიკის პალმა, ასე იხრიდა ქედს მის ნახვაზე ყველა სულდგმული და ყვავილებიც თავჩაქინდრული აფრქვევდნენ სურნელს, როცა ხალიფა სასახლის ბაღში შეაბიჯებდა და მის წინაშე მუხლებზე შემდგარ ჯეირანებს ჩაუვლიდა მშვიდი ნაბიჯით და შადრევნებიც მოწიწებით შეწყვეტდნენ ჩუხჩუხს და წელში მოხრილ ცისარტყელად გადაისვრიდნენ წყალზე არეკლილ უხილავი ანგელოზების ფრთების ბუმბულებს. 

როცა ხალიფა ცას ახედავდა, მზე მისი რიდით ფეხაკრეფით იწყებდა ჩასვლას დასავლეთისკენ და გზად მეწამურ ხალიჩას უფენდა სარეცელისკენ მიმავალ ჰარუნს, რომელსაც ღამით ვარსკვლავები უციმციმებდნენ, რათა სიზმარში არ მოეწყინა დედამიწის დიად მბრძანებელს.

ერთხელ, საღამო ჟამი იქნებოდა, როცა ფიქრებში გართულ ჰარუნს ევფრატიდან წამოსული ნიავის სუნი ეცა და აივნისკენ გაიხედა, მაგრამ მის თვალებს გადაეკვეთა ხმელთაშუა ზღვის წალკოტების ფერი საფირონის თვალების მზერა, შაქრის ლერწამის ღეროსავით ბეჭებმოხრილ ტანზე გვირგვინივით დადგმულ თავიდან ხალიფას რომ მისჩერებოდა.

„შეჰერეზადა“ - თქვა ქალწულმა თრიაქივით მათრობელა ხმით თავისი სახელი, როცა ჰარუნმა სანთელს სული შეუბერა და შეჰერეზადას ფრთხილად ჩამოხსნა თავსაბურავი და ჩაბნელებული ოთახი გადაანათა უდაბნოს ქვიშის ფერმა, შეჰერეზადას თმებიდან რომ იღვრებოდა უკუნ ღამეში.

ჰარუნმა მუხლებში სისუსტე იგრძნო და გულიც ისე აუჩქარდა, როგორც მაშინ, როცა ჭაბუკი პირველად იდგა ბრძოლის ველზე და იერიშის ბრძანება უნდა გაეცა მაღლა აღმართულ მის ხელს. მერე, როცა ჰარუნი დავაჟკაცდა, გულის თრთოლვამაც უკლო, ხოლო ხალიფად ტახტზე ასული ისე არჩევდა ჰარამხანის ტურფა ხათუნებს, რომ არცერთისთვის სახელიც კი არ უკითხავს და არც მათი თვალებისა თუ თმების ფერი უმახსოვრია.

ახლა კი უცებ ისე აუჩქარდა მას გულის ფეთქვა, რომ საკუთარი გულის სარქველთა ხმაური აზრებს უფრთხობდა ალაჰის რჩეულს დედამიწაზე და მზის ამოსვლას ცისკრის სიწითლის ფერი თვალებით ეგებებოდა. „შეჰერეზადა“ - იმეორებდა ჰარუნი ამ სახელს, როცა უძილობისგან დაქანცული მისი თვალები შეჰერეზადას ზღვისფრად მომწვანო თვალების მზერას გაიხსენებდნენ. ხოლო თუ შეჰერეზადას უდაბნოს ქვიშისფერ თმებს თვალს მოჰკრავდა, ჰარუნის ფილტვები ჰაერის ამოსუნთქვის ძალას კარგავდნენ, რომ მისი ყელის იოგებს ხმად გარდაექმნათ და სიტყვად ექციათ.  

„შენ არ ხარ ვარდი, შირაზის ბაღში რომ მოწყვეტ და მისი სურნელით დაიტკბობ ღამეს, რომელსაც მერე დილამდე დამჭკნარს უკვე ფანჯრიდან გადააგდებ გაღვიძებისას.“

„შენ არ ხარ წყალი, რომელსაც მოსვამ და დაივიწყებ მოწყურებამდე.“

„შენ არ ხარ ღვინო და ან თრიაქი, რომელიც ლხინზე გაგაბრუებს და მოგგვრის შვებას და ნეტარებაც სიფხიზლეში გაიფანტება.“

ბოლოს ჰარუნმა გაბედა და შეჰერეზადას სიყვარული გაუმხილა.

ჰარუნ არ რაშიდმა შეჰერეზადას ხელზე აბორის უფლება სთხოვა და სიყვარული შეავედრა.

ალაჰის რჩეულმა უდაბნოს ქვიშისფერთმიანი, ზღვისფერთვალება შეჰერეზადა შეიყვარა და მის შაქრის ლერწმისებრ ტანში ინატრა თავის ჩაქინდრვა. 

შეჰერეზადა დათანხმდა ჰარუნს, ერთი პირობით:

„ჩვენ ერთმანეთთან გავატარებთ ერთადერთ ღამეს, ამ ღამეს მე შენ შეგიყვარებ ისე ძლიერად, როგორც არ ძალუძს შეყვარება არცერთ ქმნილებას ალაჰისას და ის ერთი ღამეც იმდენი ხანი არ დასრულდება, სანამ შენ თვალებს არ მინაბავ და ძილზე გამცვლი და რომელ წამსაც ჩაგეძინება, მე ამოვაცლი შენ სულს შენს სხეულს და შენთან ერთად სამუდამოდ ჩამეძინება.“

ჰარუნი ისეთი სიხარულით დათანხმდა შეჰერეზადას პირობას, რომ მის გონებას მცირე ეჭვიც კი არ გასჩენია:

„ამინ! დაე, დასტოვოს ჩემმა სულმა ჩემი სხეული, თუ მე შენს კალთებს ვანაცვალებ სიზმრებსა და ძილს! თუ დავიღლები შენი ზურმუხტის ზღვასავით შეფერილი თვალების მზერით, თუ შენ უდაბნოს ქვიშისფერ თმებზე ალერსის ძალა აღარ მექნება და სიტკბოებას შენი ტუჩების მე შეველევი! თუ შენ არ გკოცნე, რაღად მინდა კიდევ ცხოვრება?“

ათასი ღამე არ უძინია ჰარუნ არ რაშიდს.

ათასი ღამე არ უნახავს დედამიწას მზე.

ათასი  დღე და ათასი ღამე ერთ ღამედ იქცა.

ათასი ღამე ჰარუნს თვალები არ დაუხუჭავს და არ დაღლილა შეჰერეზადას მშვენებით ტკბობით.

ისე დაღამდა ათასმეერთედ, რომ ერთხელაც არ გათენებულა. 

ციდან საყვირი ჩამოვარდა მთავარანგელოზ ჯიბრაელის და მიწაზე დაენარცხა და მოიღუნა. ნეტავ რას ნიშნავს, რა ნიშანია? - შფოთავდა ხალხი. ნუთუ ჯიბრაელს შაიტაანის ბედი ეწია და კიდევ ერთი დიდანგელოზი დასცა ალაჰმა?

- არა, ეს ის ადგილია, სადაც ხალიფა ჰარუნ არ რაშიდს ათასმეერთე ღამეს შეჰერეზადას მკერდზე ალერსში ჩაეძინება, - თქვა ჯიბრაელმა, ალაჰის მაცნემ, სევდიანი ხმით.

ედემის ბაღიდან გაძევებულმა ადამმა ქვას ფეხი წამოჰკრა და სახით მიწას დაენარცხა. „რად მასახიჩრებ, ნუთუ შეგცოდე კიდევ უფალო?“ - თქვა ადამმა და სისხლიანი სახით ალაჰს ახედა.

- არა, ეს ის ადგილია, სადაც ათასმეერთე ღამეს ხალიფა ჰარუნ არ რაშიდს ძალა უმტყუნებს და შეჰერეზადას კოცნით მინაბულს ჩაეძინება.

ისა ალ მასიჰს, ქრისტეს სახელით რომ იცნობენ გიაურები, მწვანე წალკოტზე ატირებული ჯეირნები შემოეფეთნენ. რა გატირებთო? ვინ გაწყენინათ? მე ვარო თქვენი მწყემსი კეთილი! - მიმართა ისამ თვალცრემლიან ჯეირნების გუნდს.

- არა, ალ მასიჰ, თანასწორო მუჰამედისა, ეს ადგილია, სადაც ჰარუნი შეჰერეზადას ლერწამივით ტანს მკლავებს შემოხვევს და მის უზომო სიყვარულით ძალაგამოცლილს ათასმეერთედ დაუღამდება და ძილი დაძლევს მის დაღლილ თვალებს და მერე ცაზეც ცისკრის ვარსკვლავი აციმციმდება.

 

ათასმეერთე ღამეს ხალიფა ჰარუნ არ რაშიდმა მუხლები დაუკოცნა შეჰერეზადას, მერე წამოიწია, ორივე ხელით უდაბნოს ქვიშისფერი თმები გადაუწია და შუბლი გამოუჩინა, საფირონივით მოლურჯო-მომწვანო თვალებში ჩააცქერდა და ისეთი ძალით აკოცა შეჰერეზადას ტუჩებს, რომ კოცნას თავისი სული ამოაყოლა.

ჰარუნს თვალები დაეხუჭა და თავი შეჰერეზადას მკერდზე ჩამოუვარდა.

შეჰერეზადა ჩაძინებული ჰარუნის თავს მკერდზე იბჯენდა და როგორც მძინარე ბავშვს, თავზე ხელით ეფერებოდა.

ამომავალი მზის სხივები შეყვარებულებს ლოყებზე ეცემოდნენ და კანს სიცოცხლის ფერად უფერადებდნენ.  

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული