• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი

×
ავტორის გვერდი რევაზ ქოიავა , 13
თანამედროვე კულტურაში, რომელიც პოსტმოდერნის ეპოქაში შევიდა, ღრმა, ტექტონიკური ცვლილებები ხდება, რომელიც არა მარტო ხელოვნებას და ესთეტიკას, არამედ სამეცნიერო სფეროსაც ეხება. XX საუკუნის ბოლო მეოთხედი დასავლურ კულტურაში პრინციპული ცვლილებებით აღინიშნა: შეიქმნა სოციალური განვითარების ახალი მოდელები, ახალი პოლიტიკური რეალიები, დამტკიცდა მეცნიერების ახალი მოდელი.
 
პოსტმოდერნიზმი დიდწილად გახდა ინტელექტუალების რეაქცია განმანათლებლობის იდეოლოგიაზე, ამიტომაც მას ხშირად პოსტგანმანათლებლობის იდეოლოგიას უწოდებენ. რაციონალურობის კლასიკურ ტიპს თავისი ყოვლისმომცველი დეტერმინიზმით და გონის გაღმერთებით ჩაენაცვლა პოსტმოდერნული გახლეჩილობა, რადიკალური ჰეტეროგენულობა, მუდმივი დიფერენციაცია, ფორმის ყოველგვარი წესრიგისა და გამოხატულების უარყოფა.
 
გერმანელი ფილოსოფოსი მაქს მიულერი ასახელებს პოსტმოდერნიზმის, როგორც მასობრივი ინტელექტუალური დინების დაბადების კონკრეტულ თარიღს - 1968 წელს, რომელიც სტუდენტური გამოსვლებით აღინიშნა. მისი აზრით, ბაზისი ამ ყველაფრის იყო „მნიშვნელობის დაკარგვა“. თუ საზოგადოებაში „მნიშვნელობა“ ქრება, მაშინ იქმნება სასურველი გარემო ნიჰილიზმის, ანარქიის წარმოშობისა, საზოგადოებისადმი ნებისმიერი ვალდებულების გაქრობისა, ყველანაირი ნორმის უარყოფისა. ეს ამბოხი, რომელიც მნიშვნელობის სიცარიელიდან წარმოიშვა, იყო ერთი მხრივ: „ანარქიული გათავისუფლება“, ხოლო მეორე მხრივ სამყაროს რევოლუციური ცვლილება, რომელიც ახალ სოციალურ ვალდებულებებს აყალიბებდა.
 
პოსტმოდერნისტებმა ის ძირითადი პარადიგმები და კონცეფციები გააკრიტიკეს, რომლებსაც მეცნიერება ასწლეულობით ქმნიდა. ფრანგი ფილოსოფოსის, ჟან-ფრანსუა ლიოტარის სიტყვებით შეიქმნა ტოტალური უნდობლობა „მეტანარატივებისადმი“, რომელიც რეალური სამყაროს მყარი ერთობის საფუძველი იყო. ზოგადად ერთობის და ერთიანობის იდეა პოსტმოდერნისტების მიერ სამეცნიერო მეთოდოლოგიიდან განდევნილ იქნა. მისი ადგილი დაიკავა ფორსირებულმა პლურალიზმმა. თითოეული პროცესი, მატერიალური სამყაროს თითოეული საგანი განიხილებოდა არა როგორც ერთი მთლიანობა, არამედ როგორც მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული ხაზის და განზომილების ერთიანობა.
 
სამეცნიერო უნივერსალიზმის იდეაც აღქმულ იქნა უსარგებლოდ, მოძველებულად და მისი ადგილი აღქმითი პერსპექტივების პრინციპულმა განსხვავებულობამ დაიკავა. პოსტმოდერნისტებმა უარყვეს სამეცნიერო ცოდნის მაღალი სტანდარტები, დიდი სამეცნიერო ავტორიტეტები, ვერიფიკაციის და წარმოდგენილი არგუმენტების დამტკიცების აუცილებლობა. არაპროფესიონალები გაუთანაბრდნენ პროფესიონალებს სამყაროს შესწავლის და ახსნის შესაძლებლობებში. როგორც ფრანგმა ფილოსოფოსმა მიშელ ფუკომ აღნიშნა, პოსტმოდერნიზმმა გამოაცხადა „გონების წინააღმდეგ აჯანყების უფლება“.
 
მოხდა მსოფლიოს სამეცნიერო სურათის რადიკალური ინვერსია: წინა პლანზე წამოიწია მიკროდონემ, მიკროპროცესებმა, ლოკალიზაციამ, ფრაგმენტიზაციამ და ინდივიდუალიზაციამ. სამყარო დაიშალა ათასობით ნამსხვრევად და პოსტმოდერნისტებმა ეს მდგომარეობა ბუნებრივად მიიჩნიეს.
 
პოლონელი სოციოლოგი ზიგმუნტ ბაუმანი აღნიშნავდა: „ჩვენი დროისთვის დამახასიათებელია მრავლობითი რიცხვების მოულოდნელი პოპულარობა - ეს რიცხვები, საგნებს, რომლებიც მხოლობითი იყო, მრავლობითში აღნიშნავენ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პროექტებით და არა პროექტით... პოსტმოდერნიზმი თვითონ არის პროექტის დასასრული - სუპერპროექტისა, რომელიც არ აღიარებდა მრავლობით რიცხვს.
 
სამეცნიერო პროგრამის დამხობამ გამოიწვია ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ცვლილება და ახალი ჰორიზონტები გახსნა, რომელთაც ჰუმანიტარული სფეროც მოიცვეს. სამეცნიერო პარადიგმის ცვლილებამ შედეგად მოიტანა მთელი რიგი მეთოდოლოგიური პრობლემებისა, რომლებიც ისტორიის მეცნიერებასაც შეეხო. ძირეულმა ცვლილებებმა ზუსტ მეცნიერებებში, სადაც დაინერგა რელატივიზმის პრინციპები, გაურკვევლობა (კონკრეტულად ფიზიკაში) და წარმოშვა სამყაროს ახალი სურათი, თავისი ზემოქმედების და გავლენის სფეროში ადამიანის შესახებ მეცნიერებებიც ჩაითრია. ნათელი გახდა, რომ აინშტაინის შემდეგ ისტორია სხვა სახეს მიიღებდა.
 
კვანტური ფიზიკის, თერმოდინამიკის, თამაშისა და კატასტროფის თეორიების ბოლო მიღწევების ფილოსოფიურმა გააზრებამ რაციონალურობის ტიპი შეცვალა: პოსტკლასიკური რაციონალურობა, რომელიც მეცნიერების პოსტმოდერნისტულ ეტაპზე გადასვლამდე არსებობა, ხასიათდება სუბიექტურობის გაზრდით, სამეცნიერო ცოდნის თვითკრიტიკით, კლასიკური ნარატივების, როგორიცაა ჭეშმარიტება და ობიექტურობა, გადახედვით. შედეგად ფილოსოფიურ-ისტორიული და მეთოდოლოგიური აზრის განვითარების ახალი ტენდენციების ფონზე სულ უფრო ხშირად დაიწყეს საუბარი ისტორიული მეცნიერების კრიზისზე. უფრო მეტიც, ეჭვქვეშ დადგა ისტორიის, როგორც მეცნიერების სტატუსიც.
 
კერძოდ, ეგრეთ წოდებული ”ისტორიული პოსტმოდერნიზმის” გარკვეული იდეების გავლენით ამერიკელმა ისტორიკოსებმა კარლ ბეკერმა და ჩარლზ ბერდმა წარსულის შეუცნობლობის შესახებ განაცხადეს. მათი აზრით, ისტორიული ცოდნა ყოველგვარ მეცნიერულობას მოკლებულია, რადგანაც ისტორიკოსი ქმნის სუბიექტურად. იგი კი არ ახდენს წარსული ფაქტების აღდგენას, არამეც ქმნის მათ. ამ დროს ისტორიკოსი საკუთარი იდეებიდან და თავის დროში არსებული წარმოდგენებიდან გამოდის. ეს კი ობიექტურობას და ისტორიული ცოდნის მეცნიერულობას გამორიცხავს.
ამ სიტუაციაში პროფესიონალი ისტორიკოსების წინაშე დადგა ისტორიის, როგორც მეცნიერების სტატუსის დამტკიცების საკითხი. იმანუელ კანტის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, პრობლემა შეიძლება ასე ფორმულირებულიყო: ”რამდენად შესაძლებელია ისტორია როგორც მეცნიერება?” თანამედროვე დებატები ისტორიის ეპისტემოლოგიაზე, რომელიც დასავლელ მკვლევარებს შორის მიმდინარეობს, ძირითადად ამ კარდინალური პრობლემის ირგვლივაა დაფუძნებული. 
ისტორიული მეცნიერების საგანზე და მეთოდებზე დისკუსიის ეპიცენტრად ინტელექტუალური ბუნტი იქცა, რომელიც წინა საუკუნეში აკადემიურ მეცნიერებებში ფორმირებული ისტორიზმის გაგების წინააღმდეგ იყო მიმართული. მისთვის დამახასიათებელი იყო ისტორიის, როგორც მეცნიერების ემპირიული ხასიათის აბსოლუტიზაცია და წყაროების რაციონალური კრიტიკის ადეკვატურ მეთოდებში დარწმუნებულობა. ასევე ტექნიკა კაუზალური კავშირების ფორმალურ-ლოგიკური გამოვლენისა მოპოვებულ ”სარწმუნო” ფაქტებზე დაყრდნობით. 
 
თეორიულ წყაროდ კრიტიკისა, რომელიც ”მოძველებული ისტორიის” წინააღმდეგ იყო მიმართული, შეგვიძლია ფრიდრიხ ნიცშეს მიერ წამოჭრილი ტექსტის ნამდვილობის კონცეფცია მივიჩნიოთ. მის მიერ განხილული აზრობრივი კონსტრუქციები მიმართულია იმის დასამტკიცებლად, რომ ერთი და იგივე ფაქტების მრავალმხრივი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. უფრო მეტიც, ნიცშე პირდაპირ ამტკიცებს, რომ ”ფაქტები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციები. თუ სიტყვა ”აღქმას” აქვს მნიშვნელობა, სამყარო აღქმადია: ის შეიძლება აღვიქვათ სხვადასხვა სახით, მას აქვს არა ერთი, არამედ მრავალი მნიშვნელობა”.
 
კონცეფცია ტექსტის ნამდვილობის შესახებ, რომელიც შეიძლება ინტერპრეტაციის ქვეშ აღმოჩნდეს, ისტორიის ნამდვილობაში ეჭვის შეტანას იწვევს. თუ ამ მიდგომას ისტორიაზე გადავიტანთ, ნათელი აღმოჩნდება, რომ ისტორიას არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია მის მიერ აღწერილი ფაქტების რეალურობაზე (ლეოპოლდ ფონ რანკე). ისტორიკოსი არ შეიძლება განვიხილოთ ”დიდ ოკულარად”, რომლის მიღმაც ისტორიული წარსული ნათლად ჩანს.  
ფრიდრიხ ნიცშეს იდეებმა გარკვეული ზეგავლენა მოახდინეს მიშელ ფუკოს და პოსტმოდერნიზმის სხვა მნიშვნელოვანი თეორეტიკოსების შეხედულებებზე, რომელთა ნაშრომებიც ისტორიული მეცნიერების პრობლემებს შეეხო. მაგალითად, 1971 წელს დაწერილ სტატიაში ”ნიცშე, გენეალოგია და ისტორია” მიშელ ფუკო ამტკიცებს, რომ ნიცშეს შემდეგ აუცილებელი გახდა უარი ვთქვათ ”ჭეშმარიტებისადმი მიდრეკილებაზე”. მისი აზრით, ”ტრადიციული საშუალებები ისტორიის შესახებ საყოველთაო ხედვის კონსტრუირებისა და წარსულის, როგორც მშვიდი და უწყვეტი განვითარების აღქმისა, სისტემურ დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს... ისტორია ხდება ”ეფექტური” იარაღი მათ ხელში, ვინც ჩვენს არსებობაში გახლეჩვის იდეას ნერგავს”.
 
ასევე ფუკოს აზრით ისტორიაში მუდმივად ხდება უწყვეტობის დარღვევა, რაც დამკვირვებლის მხრიდან კანონზომიერების დარღვევად აღიქმება. შედეგად ისტორია ფუკოსთვის არის გაუაზრებელი ქმედება, ან თუ მის დისკურსულ ხასიათს გავითვალისწინებთ, ”გაუაზრებელი ქვეტექსტი”. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მკვლევარი ისტორიული პროცესების გაგების, თანამედროვეთა მხრიდან წარსულის კანონების და ცხოვრების წესის გააზრების შეუძლებლობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ თვითონ ფუკო პრეტენზიას აცხადებდა ისტორიული ტრანსფორმაციების რაციონალურ ახსნაზე. მისთვის იგი თავიდანვე მცდარია, ხოლო მთელი ისტორია არის აბსოლუტურად არარაციონალური პროცესი, სადაც ლოგიკური კავშირების არარსებობა მეფობს. 
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ფუკოს კონცეფციისა, რომელიც თავისი ხასიათით ინტერდისციპლინარულია, არის იდეა ისტორიული წყაროების შესახებ. ფუკოს აზრით, ისტორიული წყარო არის აზრის ძეგლი, რომელიც კოლექტიური აზროვნების მატარებლის მიერაა შექმნილი. ეს კი ნიშნავს, რომ ტექსტი ავტონომიურ შინაარს და სააზროვნო ველს ფლობს - ფუნდამენტალურს მხატვრული ლიტერატურის ფილოლოგიური ანალიზისთვის.
 
ისტორიის გააზრებაში ამ დაშვების გამოყენება მნიშვნელოვან ეპისტემოლოგიურ შედეგებს იწვევს: პირველ რიგში, ისტორიული კვლევის დროს პრიორიტეტული ლიტერატურული ტექსტების ანალიზი ხდება. მეორე ”ისტორიული დოკუმენტები” ”ლიტერატურის” რანგში გადადის, რომელიც ძირითადად რიტორიკულ ბუნებას ატარებს. ეს კი თავის მხრივ ”ნარატივის” პოსტმოდერნისტულ თეორიას ეყრდნობა, რომელიც ჟან-ფრანსუა ლიოტარმა და ფრედრიკ ჯემისონმა შეიმუშავეს. შედეგად, არა მხოლოდ ისტორიკოსები, არამედ ზუსტი მეცნიერებების, მაგალითად ფიზიკის წარმომადგენლებიც, ”ყვებიან ისტორიებს” ელემენტარულ ნაწილაკებზე. ანუ სამყარო ადამიანისთვის იმ ლიტერატურული ისტორიების სახით იშლება, რომელსაც მასზე მოგვითხრობენ.
 
ნარატივის თეორია, რომელიც ყველა ტიპის მეცნიერებაში ლიტერატურული აზროვნების და მისი ჟანრული ფორმების მნიშვნელობას ამტკიცებს, მოთხოვნადი აღმოჩნდა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებისა და თეორეტიკოსების, მათ შორის ისტორიკოსების მხრიდან. ამის ნათელი მაგალითია გავლენიანი ამერიკელი ისტორიკოსის ჰაიდენ უაითის ნააზრევი, რომ ისტორიას, როგორც სიტყვიერი დისკურსის ფორმას აქვს ტენდენცია სპეციფიური სიუჟეტური მოდუსით გაფორმდეს. ისტორიკოსები წარსულის აღწერისას ძირითადად დაკავებულები არიან სიუჟეტის მოძებნით, რომელიც მათ მიერ აღწერილ მოვლენებს აზრობრივი თანმიმდევრობით დაალაგებდა. მოდუსის მაგალითებად უაითს ”რომანსი”, ”ტრაგედია”, ”კომედია” და ”სატირა” მოჰყავს. ამერიკელი ისტორიკოსის აზრით, შესაბამისად ისტორიულ კვლევას არ აქვს საშუალება მიაღწიოს სამეცნიერო დისციპლინის სტატუსს, რომელიც ჭეშმარიტების რაციონალური შეცნობით და ისტორიული რეალობის ობიექტურად რეკონსტრუქციით გამოირჩევა.
 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლიტერატურული ფორმა ისტორიული თხრობისა ბოლო დრომდე მხოლოდ მის გარე საბურველად ითვლებოდა, რომელიც ამბის შინაარს არ ეხებოდა. თუმცა დღეს, როდესაც ლიტერატურული ნაწარმოებების პოსტმოდერნული კრიტიკა ისტორიკოსთა ნაშრომებსაც შეეხო, ნათელი გახდა, რომ საქმე ასე ადვილად არ არის. დისკურსის ფორმა, რომელშიც ისტორიული მასალა აისახება, განუყოფელია მის გააზრებასთანაც. ეს ფორმა მკვლევარისგან დამოუკიდებლად დიდწილად ტექსტის შინაარსსაც განაპირობებს. 
 
მაგალითად, ჰაიდენ უაითი, ფრანკლინ რუდოლფ ანკერსმითი, ლა კაპრა ხაზს უსვამენ, რომ ისტორიკოსი საკუთარ ტექსტს იმ რიტორიკის პრინციპებით აგებს, რომელიც მის ეპოქაშია გაბატონებული. სიუჟეტის ფორმირების დროს იგი საკუთარი კულტურის ენობრივ ნორმებს იყენებს. შედეგად იგი ისეთ ფაბულას აყალიბებს, სადაც ზღვარი ისტორიკოსის მონათხრობსა და მხატვრულ ნაწარმოებს შორის წაშლილია.
 
თეზისი ისტორიული წარსულის გაგების შეუძლებლობაზე ფრანკლინ რუდოლფ ანკერსმიტის ნაშრომებში ზუსტად არის ასახული. ის ისტორიული პროცესის ერთიანობას, ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების მიერ აღწერილს, ადარებს ხეს, ხოლო ისტორიულ კონცეფციებს ხის ტოტებს. მსგავსი მეტაფორა აძლევს მას საშუალებას დაამტკიცოს, რომ ისტორიკოსების ხელში არის მხოლოდ უწესრიგოდ დაყრილი ფოთლები, ანუ გაფანტული ფრაგმენტები კონკრეტულ ფენომენებსა და მოვლენებზე, რომელთაც ისტორიკოსები თავისუფალ ინტერპრეტაციას აძლევენ. ხოლო რაც შეეხება ხეს და ტოტებს, ისინი უკვალოდ გაქრნენ. ”ჩვენ უკვე არ გვაქვს არანაირი ტექსტი, არანაირი წარსული, მხოლოდ მისი ინტერპრეტაციები”.
 
ასე რომ, ისტორიული პოსტმოდერნიზმის მომხრეთათვის დამახასიათებელია ისტორიული ფაქტის (ტექსტში დაფიქსირებულის) ტექსტით (როგორც ისტორიული ფაქტით) ძირეული ცვლილება. შედეგად კვლევის მთავარ ობიექტად ”ლიტერატურული” ტექსტები იქცევა, რომლებიც ასახავენ არა სინამდვილეს, არამედ თვითნებური აღწერისა და შემეცნების სისტემას (დისკურსს). ამ სახით მიღებული ”ისტორიული წყაროები” არა მხოლოდ არ ფლობენ ეპოქის ავთენტურ სურათს, არამედ პირიქით, მალავენ მას.
 
ამასთან ერთად, პოსტმოდერნიზმის წარმომადგენლები არ აღიარებენ ”ისტორიული წყაროების” ტრადიციულ იერარქიას იმ ფორმით, როგორითაც იგი XIX საუკუნის აკადემიურ მეცნიერებებში ჩამოყალიბდა. ”ისტორიული დოკუმენტების” განსაკუთრებული მნიშვნელობის უარყოფა და ლიტერატურული ტექსტების (ინტერპრეტაციების) ანალიზი ”სოციალური ისტორიკოსების” მხრიდან ხორციელდებოდა. ”ახალმა ლიტერატურულმა კრიტიკამ” კი ეს პროცესი ახალ მწვერვალზე აიყვანა, გამოაცხადა რა ტრადიციული მიდგომა ”არქივების ფეტიშიზმად” და უარყო ყოველგვარი შესაძლებლობა ისტორიული ტექსტების ანალიზით ”რეალური ფაქტების” დადგენის ან რეკონსტრუქციის.
 
ეპოქისა და მისი წყაროებისადმი ასეთი დამოკიდებულება, რომელიც ”კონტექსტის” და ”ტექსტის” გააზრებამდე დადის, აცლის ისტორიულ კვლევებს მის საგანს და იგი ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციებამდე დაყავს. შედეგად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პრობლემატიზირდება თვით ობიექტურობა და ისტორიული კვლევების მეცნიერულობა. ყველაზე რადიკალური ვერსიით ისტორიკოსის ნაშრომი ხდება ლიტერატურა, ხოლო ისტორიული ცოდნა - სამყაროს ესთეტიკური გააზრების ფორმა.
 
რომ შევაჯამოთ, ისტორიული პოსტმოდერნიზმის ლოგიკა შეიძლება აღვიქვათ რადიკალურ რევიზიად, ისტორიული კვლევების მთელი კონვენციური პარადიგმების უარყოფად. ამ დროს ”რადიკალური სიახლე” ხშირად რიტორიკული და სტილისტური საშუალებებით იქმნება, როდესაც უკვე არსებული ტრადიციისადმი ”მკვდარი ხელის” პრინციპს იყენებენ. ეს მიდგომა არის თვითდამკვირდების მეთოდი, რომელიც აღიარებს ”სიახლის” აბსოლუტიზმს და წინამორბედებს და ოპონენტებს კონსერვატიზმში ადანაშაულებს.
 
ამ სიტუაციაში ისტორიკოსებს, რომელთაც სურთ თავისი დისციპლინის რეალურ სივრცეში დარჩნენ, არ შეუძლიათ პოსტმოდერნიზმის ინტელექტუალურ ”ექსტრემიზმზე” რეაგირება არ მოახდინონ. ამასთან დაკავშირებით მათ წინაშე რთული ამოცანა დგება, არსებულ ”გამოწვევას“ ადეკვატური პასუხი გასცენ. ისტორიულ პოსტმოდერნიზმში, თუმცა ზოგჯერ გროტესკული სახით, თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის მტკივნეული საკითხებია წარმოდგენილი. პირველ რიგში მათ მიეკუთვნება სოციალური რეფლექსიის მთელი სისტემის კრიზისი, ისტორიული ცოდნისადმი ტრადიციული მიდგომის და წინაპრებთან კავშირის ხელახლა გააზრება. 
 
მიუხედავად ამისა, პოსტმოდერნისტულ პარადიგმას ისტორიული მეცნიერებისთვის დადებითი მხარეებიც გააჩნია: სამყაროს მრავალფეროვნების ღირებულების დაცვა, მკვლევარის თვალთახედვის გაფართოება, ინდივიდუალური განვითარების გათვალისწინება.
 
ზიგმუნტ ბაუმანის აზრით, პოსტმოდერნისტული პარადიგმის მთავარი ღირსებაა ფილოსოფოსისთვის ისტორიული ევოლუციის კანონზომიერებაში ზედმეტი თავდაჯერებულობის წართმევა. პოსტმოდერნიზმი მკვლევარს იმ ”საბედისწრო ეჭვს” აძლევს, რომელიც არის ისტორიის ყოველგვარი ინტერპრეტაციის წინაპირობა.
 
შესაბამისად ისტორია არის არა დადებითი წარსული, კაცობრიობის პროგრესული განვითარება, არამედ რისკის ზონა. ეს დამოკიდებულება პოსტმოდერნისტებს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიმართაც აქვთ, რომელმაც განვითარების გარკვეულ ეტაპზე ბირთვული იარაღი, ჰიროსიმასა და ჩერნობილის ტრაგედიები მოიტანა. ბაუმანის აზრით, პოსტმოდერნიზმს ”ჩვენ ტკბილი ძილისგან გამოვყავართ” და მომენტალურად გვაფხიზლებს. პოსტმოდერნისტული პირდაპირობა მკვლევარებს აიძულებს თავიდან გადაწერონ წარსული, როგორც ”შეცდომებისა და ნაკლოვანებების ისტორია”.  
 
პოსტმოდერნისტებმა დააბრუნეს ისტორიის ფილოსოფიაში საკითხი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, რომელიც დიდი ხნის წინ პოზიტივისტურმა ფილოსოფიამ დახურა. მათი აზრით, არანაირი კორელაცია მოვლენის ხშირად გამეორებასა და ისტორიაში გარკვეული ფაქტების მნიშვნელობას შორის არ არსებობს: ამას მხოლოდ მომავალი თაობები შეაფასებენ. სტატისტიკა და სოციოლოგიური კვლევები კი ისტორიული მოვლენების მასშტაბებს ვერ გასწვდებიან და შესაბამისად მისი განვითარების დინამიკის შესასწავლად სრულიად გამოუსადეგარი არიან.
მართალია, პოსტმოდერნისტული პარადიგმა არ იძლევა ალგორითმულ რეცეპტებს და ცოდნას ”უტყუარი ჭეშმარიტებების” შესახებ, თუმცა იგი ასწავლის მკვლევარს შექმნას გზაგასაყარზე, ისტორიის მუდამ ღია ჰორიზონტზე, რომლის მთავარი მახასიათებელიც არის სტრატეგიული არასტაბილურობა.
  კვირის პოპულარული