ფარენჰეითი 90





პოეზია

ფარენჰეითი 90




ზვი-ა-დი!

- კარგი ყმაწვილი ჩანს! უფროსია?

- შუათანაა, ბატონო ზვიად!

- გამარჯობა შენი!

გამარჯობა-მეთქი და პირდაპირ მამაჩემის კისრიდან ჩამოვაწოდე ხელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს. ასე გავიცანი ზვიად გამსახურდია. ექვსი-შვიდისა ვიქნებოდი.  პოლიტიკურად ალბათ ყველაზე ინფორმირებული ბავშვი ვიყავი მთელ მაშინდელ საქართველოში. მამაჩემი მხრებზე შემისვამდა ხოლმე  და მიტინგებზე დავყავდი. იყო დიდი შეძახილები, ყარაჩოხლური გამოსვლები, გაუმააარჯოს-ები, "გული გაიმაგრე, დავით"-ები და რაც მთავარია, გადაბმული, მონოტონური, ეგზალტაციური - ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!

ამიტომაც, როცა 90-იანებს ვიხსენებ, პირველად მიტინგები მახსენდება და მერე სხვა რამეები - ვანდამი, ჩაკ-ნორისი, ცეცხლმოკიდებულ საბურავებზე შემომწკრივებული ბირჟავიკები, მოკოლორიტო ძველი ბიჭები, სვისტოკიანი მილიციელები და ჰალსტუხიანი ქურდები, ალტერნატიული პოეზია და მთლად ალტერნატიული როკი...

სინამდვილეში, როცა 90-იანებს ვიხსენებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს თარიღი კი არა, სიმბოლოა, პირობითი ნიშანი, რომლითაც დროს კი არა, მდგომარეობას აღვნიშნავთ. უფრო ზუსტად, არასტაბილურად გარდამავალ მდგომარეობას.

ამიტომაც, ჩემი გადმოსახედიდან, 90-იანი წლები დაიწყო 80-იან წლებში, ქრონოლოგიურად და ონტოლოგიურად გადაიკვეთა 90-იანებში და დასრულდა 2000  წელს.

მართალია, 2000-ში, ზოგის გათვლებით, სამყაროს გარდაუვალი დასასრული (AKA - აპოკალიფსი) გველოდა, მაგრამ მის ნაცვლად მივიღეთ 90-იანების დასასრული. ძალიანაც ლოგიკური იყო: მთელი ეს წლები ისედაც აპოკალიფსურ რეჟიმში მიდიოდა: ცეცხლოვანი წვიმები გინდა? იყო. ომები და სისხლ(ებ)ი გინდა? იყო. პერსონალური განკითხვები და ლინჩის სასამართლოები გინდა? მაგის მეტი რა იყო. საზვერეები ხომ იყო და იყო. მაგალითად, ვაკის საძმოს საზვერეს ვერელი კაცი ძნელად გაივლიდა, ვაკელებს კი, თავის მხრივ, ნახალოვკის საზვერეების გადალახვა უჭირდათ.

იყო ამაში რაღაც ძალიან საღმრთო და ფატალური. ნუ, ფატალური ნამდვილად იყო.

 

ტელევიზორი

ფატალური იყო ტელევიზიაც - აპოკალიფსური ხმის მქონე დიქტორები, სევდიანი კორესპონდენტები და ფართოთვალებიანი რესპონდენტები - მზა სცენარია მავანი ტრიერისთვის.ფილმები თუ გადიოდა, ძირითადად, ჰეროიკული ან "ქართულები", იყო ჟიზნენებიც. მუსიკაც იყო: ნელები, ჩქარები და როკები, მაგრამ ეგ ტელევიზორში არ ყოფილა, ეგ ცალკე იყო და მაგაზე ქვემოთ დავწერ.   

უღმერთოდ ძერსკი კარატისტები (ვანდამი, ჩაკ-ნორისი, ბრუს ლიც ალაგ-ალაგ) მთელ უბანს ან კვარტალს ცემაში სულს ამოხდიდნენ და ბოლოს შეყვარებულთან ერთად საფირმო "ჰიააა"-ს ძახილით ხელსაც დაგვიქნევდნენ ეკრანებიდან.

ვბაძავდით, გვიყვარდა... ჩაკიც, ვანიც, ბრუსიც და, თუ გაჭირდებოდა, დოლფ ლუნდგრენიც გვიყვარდა. იმ დროს სხვა ვინ უნდა გყვარებოდა! ტელევიზორში ან ეგენი იყვნენ  ან მარკ რივკინი. ხოდა, გვიყვარდა ეგენი და არა რივკინი. ბოდიში, მარკ!  

- მოდი, დე, წავისპარინგოთ, შენ ჩაკ ნორისი იქნები, მე ბრუს ლი ვიქნებიო. ასე უთხრა ჩემმა მეზობელმა დედამისს. 13-14 წლისა იქნებოდა ის ბიჭი. დედამ ჩაკ ნორისი არ იცოდა, ბრუს ლი გაეგო, სპარინგი გინება ეგონა და გვარიანად წაუპადლეცა კიდეც თავის შვილს. შვილმა, თავის მხრივ, გალაწუნება სპარინგის დასაწყისად თარგმნა, ერთი "ჰიააა"-ო დაახვნეშა და ბრუს ლისეული მავაში გერი გაუქანა მშობლიურ ყბაში დედა-ჩაკს.

ასე დაიბადა ქართველი ჩაკ ნორისი - გატეხილი ყბით და უხერხულობისგან კარგა ხანს  გარეთ ვერგამოყოფილი თავით. დედის გატეხილი ყბა ორ თვეში მოშუშდა. თავის მხრივ, ამ ბიჭსაც მოუშუშდა დალურჯებები, მამამისმა რომ მიაყენა.

ასე მუშაობდა ტელევიზორი.

რომენ გარის აქვს საინტერესო პასაჟი "თეთრ ძაღლში": უსამართლობისგან გამწარებული შავკანიანები წვავენ შენობებს, აფეთქებენ მაღაზიებს, ლეწავენ ვიტრინებს. ერთ-ერთ ვიტრინასთან ხალხია შეკრებილი და ტელევიზორში უყურებს, თუ როგორ იწვის შენობა. სინამდვილეში, ეს ცეცხლმოდებული შენობა ამ მაყურებლებისგან ათ მეტრშია და გაცილებით უკეთ დაინახავენ, თუ, უბრალოდ, შემობრუნდებიან, მაგრამ არა! მათ ურჩევნიათ ეს ტელევიზორში ნახონ, ასე უფრო დამაჯერებელია, ასე უფრო ნამდვილია, ტელევიზორი  უფრო მართალია, უფრო რეალურია, ვიდრე რეალობა, ის ოთხკუთხა მოსეა, ციმციმა ჰერმესია, რომელმაც რეალობა უნდა განმარტოს.

გარშემო უბნებს შორის სისხლიანი გარჩევები, მკვლელობები, დრამები და ტრაგედიები ტრიალებდა, მაგრამ ეს ბოლომდე არ გვძრავდა, კათარზისს ბოლომდე არ განგვაცდევინებდა. არა, სამწუხარო იყო, ძალიან სამწუხაროც, მაგრამ ასე უნდა მომხდარიყო თითქოს, ფატალისტური მიდგომა გვქონდა. მოკლავდნენ ვინმე ახალგაზრდას, წავიდოდნენ ჩვენი მშობლები, დაიტირებდნენ და მერე ცხოვრება ჩვეულად გრძელდებოდა. მაგრამ აი, როგორც კი "რაბინია" იზაურას ან "პროსტა მარიას" ბედს საფრთხე დაემუქრებოდა, განგაში ტყდებოდა - ქალები ავად იჯაგრებოდნენ, კაცები უხერხულად იშმუშნებოდნენ.   

 

90-იანების მამები და შვილები

კაცები უხერხულად იშმუშნებოდნენ. ქალებიც იშმუშნებოდნენ და ბავშვებიც ვიშმუშნებოდით. კაცებმა ომი წააგეს, ქალებმაც წააგეს ომი, ბავშვებს არაფერი წაგვეგო, მაგრამ ვერაფერი გაგვეგო. ამიტომ შედარებით მშვიდად ვიყავით და ძალიანაც გვიკვირდა, გაფითრებულ მამებს რომ ვხედავდით. არადა, ეს ის მამები იყვნენ, მთებს რომ დაძრავდნენ და ჩვენც იმ ასაკის ვიყავით, ჩვენს მამებს მთები რომ უნდა დაეძრათ, სხვა ვარიანტი რომ არ იყო.

მაგრამ მამებმა, ძირითადად, რამდენიმე ფუთა დაძრეს, შეყარეს ტრაქტორის მისაბმელზე და შვილებს აფხაზეთიდან პირდაპირ "სადმე შეგვიფარებენ"-ში გაუძღვნენ.  

ახლა, როცა ვაანალიზებ იმ შეგრძნებებს, გარემოს, ხალხს, ფერებს, სუნებს - კი, ეს იყო ჩემი პერსონალური 90-იანების დასაწყისი (ოღონდ ეს ცოტა გვიან გავიცნობიერე).

მე იმ ასაკის ვიყავი, როცა გარშემო ყველაფერი კარგადაა - გთბილა, არ გცივა, არ გშია, გყავს "ძველი" მეგობრები (9-10 წლის კლასელები), გაქვს სახლი... და ამ იდილიიდან უცებ აღმოვჩნდი გარემოში, სადაც ყველაზე გავრცელებული მოვლენა იყო სიბნელე, უშუქობა, შიმშილი, ძარცვა-გლეჯა, მხედრიონი, ქურდები, ბეზპრიძელი...

არა, იქამდე მთლად ომი იყო, მაგრამ ეს ომი ჩვენ - ბავშვებს - არ გვეხებოდა. ის ჩვენ გარეშე მიდიოდა. ჩვენ მხოლოდ საბოლოო შედეგი შეგვეხო. გვერდზე სოფლები იბომბებოდა, მაგრამ არ გვეშინოდა. ვიცოდით, რომ ჩვენი მამები ახლოს არავის მოუშვებდნენ. საერთოდაც, თუ ჭკვიანად არ იქნებოდნენ, ამერიკაში გააფრენდნენ ყველას ჩვენი მამები. იმიტომ, რომ ისინი ჩვენი მამები იყვნენ. და მაშინაც ჩვენი მამები იყვნენ, დარცხვენილები, გაფითრებულები და დამარცხებულები როცა ვნახეთ. მაგრამ ესენი იყვნენ უკვე დამარცხებული მამები და ამ მომენტიდან ჩვენ აღარ ვიყავით ბავშვები.

ჩვენ ვიყავით 90-იანელი ბავშვები.

 

 

 

90-იანების პოეზია  

ჩვენ ვიყავით 90-იანელი ბავშვები, მაგრამ უკვე მოზრდილები, სტუდენტები, განსხვავებულობაზე პრეტენზიის მქონენი, უარაფროები, მაგრამ ძალიან ამაყები.

2000 წელს ჩავაბარე თსუ-ში.

2000 წელს, ჩემი გამოთვლებით, 90-იანები დასრულდა.

2000 წელს მე ვაცნობიერებ, რომ 90-იანი წლები იყო ყველაზე ცუდი და ყველაზე საინტერესო.

მე 2000-იანელთა თაობა ვარ, 90-იანების ბავშვობით.

სტუდენტი ვარ. მყავს შეყვარებული, რომელიც მალევე თხოვდება. ვბრაზდები. ვეძებ სხვა გაბრაზებულებს. ვსვამ და ვმეგობრობ მათთან.  ვეცნობით საშინელ წიგნებს, უხარისხო ყდებით, გადღაბნილი ასოებით, გაურკვეველი  აზრებით, მეტიც - ურითმო და ურიტმო ლექსებს.

მე გალაკტიონი მიყვარს. ჰა და ჰა, პაოლო. დანარჩენი უნდა გადაყარო, - ვფიქრობ.

მაგრამ გალაკტიონი არ მყოფნის. ჩემს ამღვრეულ მდგომარეობას ეს ფორმები არ ერგება, ზედმეტად ფილიგრანულია, რამე ნაკლებად მოწესრიგებული მჭირდება. მერე ისევ ვუბრუნდები იმ გაცრეცილყდიან ავტორებს. და აღმოვაჩენ, რომ ეს "საშინელი"და "არასწორი" ლექსები ყველაზე მიმზიდველი ხდება. "მივუსამძიმროთ შემოდგომას", "ჯიბის ჰაერი",  "ბენზინის ყვავილები"... მერე და მერე სხვები, მთელი 90-იანები. "საწყალობელ იქმნა უბადრუკი გივი, რამეთუ უვარყო ცოლი ჭეშმარიტი და აღიარა მშვენიერი მირანდა და მოტყნა."

ვკითხულობ, ძირითადად, ღამით. როცა სიწყნარეა და ქალაქში ბნელა.

 

როკები...

"ჩემს ქალაქში ბნელაა" - მღეროდა გალეწილი მთვრალი რობი კუხიანიძე. მე ბოლო რიგში  ვიჯექი და ლუდს ვსვამდი. აქაც ის დამემართა, რაც 90-იანების პოეზიაზე. ჯერ განზიდვა, რაღაც დროის მერე - მიზიდვა.

ჩემს კურსზე 8 ცალი ბიჭი ვიყავით, დანარჩენი - გოგოები. ასეთი იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის ტრადიცია. ამ 8-დან 3 პოეტი იყო, 4 - მუსიკოსი, ერთი - ფილოლოგი. თავიდან, როგორც ვთქვი, გიტარის ჟღარუნი დიდად არ მეხატებოდა გულზე, მუსიკოსმა კურსელებმა იმუშავეს. მერე გრძელი თმაც მოვუშვი, ლილოში გაჭირვებით ნაყიდი ჯინსიც ამოვფლითე მუხლებზე და კონცერტებზეც თავს გარდიგარდმო ვიქნევდი ხოლმე. ჯერ ბიჭების (კურსელების) შიდაკონცერტებზე, მერე სხვებზეც გადავედი.  

ლესელიძეზე რაღაც ბუნაგში დამპატიჟა მეგობარმა. როკ-საღამო იყო, რობი იყო, ლადო იყო და სხვების სახელები მთლად ზუსტად არ მახსოვს. მახსოვს ერთი სიმღერა:

"ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

სათამაშოები გკიდია,

როგორც ჩემი ყლეო".  

აბა როგორ - 90-იანები უხეში იყო. უხეში იყო 90-იანების სიმღერებიც. უხეში, მაგრამ მოძრავი, ცოცხალი. პროტესტის მუსიკაო, წერენ ახლა. ასეც იყო. საპროტესტოს რა დალევდა, ასატანზე მეტიც იყო. პანკი, მეტალი, ალტერნატივა... ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობა, მაგრამ საერთო ხაზი - პროტესტი, დაღლილობა (მაგრამ არა ხელების ჩამოყრა), აპათია, ემპათია. 90-იანების ისტორია პოეტებმა და როკ-მუსიკოსებმა დაწერდეს. მათ შეითავსეს ისტორიკოსების ფუნქციაც. შეიძლება, ამიტომაც მოჩანს ეს პერიოდი ასე მძაფრად და დრამატულად. ხომ იცით, რა საშინელი ხალხია ეს პოეტები და მუსიკოსები.

შენ აფრენ,

შენ აფრენ,

შენ აფრენ,

აფრენ...

ლა-ლა-ლა-ლა-ლააა...

 

 

გამოქვეყნდა ჟურნალ "არილში"


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.