• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ქალი მტკვარში

×
ავტორის გვერდი მარინე ფერაძე 10 იანვარი, 2012 1775

თოლიები დაფრინავენ მტკვრის ნაპირას

და მეთევზეები სხედან ნაპირის მოაჯირზე

და თოლიები სხდებიან წყალზე

და წყალს ქალების გვამები ჩამოაქვს.

 

მტკვრის პირას დგანან ბავშვები

და ყვირიან : დედა!

და ყვირიან : დედა?!

და აჩუმებენ მამები, –

სირცხვილია!

 

მტკვირს პირას დგანან პოლიციელები

და თავებს იქნევენ ჯერ მარცხნივ,

მერე მარჯვნივ და აყოლებენ,

-         ნწ, ნწ, ნწ, ნწ…

და იხსენებენ, ზოგი ქალი რა თავხედი და

მოუთმენელია.  

 

თოლიებს კი მოაქვთ დასარეცხი

ტაფები,

კოვზები,

თეფშები,

გამოსახვეტი ოთახები,

გასაწმენდი ფარდაგები,

აბლაბუდები ოთახის კუთხეებიდან,

„ბეზძელუშკებში“ ჩაბუდებული მტვერი,

და ზედ ადებენ ქალებს,

რომლებიც მტკვარში მიცურავენ.

მოჰყავთ ბავშვები და მოხუცები

და ზედ ასხამენ ქალებს,

რომლებიც მტკვარში მიცურავენ.

და მღვდელი,

მტკვრის ნაპირას ამბობს,

ამინ!

და მღვდელი,

მტკვრის ნაპირას ამბობს,

შეუნდე უფალო.

და მღვდელი,

მტკვრის ნაპირას ამბობს,

ცხოვრება გრძელდება,

და მღვდელი,

მტკვრის ნაპირას, გაკვირვებულია: –

კი, მაგრამ, სად გავაჩერე ჯიპი?

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული