• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

რაც მამას უნდა

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 14 მარტი, 2016 3153

ამ კლიპში პროტაგონისტი არის სატანა, რომელიც ამავე დროს არის ნარატორი, რომელიც, თავის მხრივ, არის ერეკლე დეისაძე. რეჟისორის გადაწყვეტილება - ერეკლე სატანის სახით წარმოედგინა და, კანცელარიზმი რომ გამოვიყენოთ,  მოეხდინა საზოგადოების მიერ დადგენილი იმიჯის ირონიული აფირმაცია (დეისაძე-სატანა  ბოლო დროს, მგონი, ყველაზე აქტუალური სიტყვათშეთანხმება გახდა) ზუსტია. როცა ერეკლეს რამდენიმე წლის წინ შენიშვნა მისცეს რბილი „ლ“-ს გამო, ადგა, სიმღერა ჩაწერა და „ლ“ კიდევ უფრო, ამჯერად უკვე დემონსტრაციულად, დაარბილა, რითაც სწორედ ზემოთხსენებული იმიჯის ირონიული აფირმაცია უზრუნველყო (იხ: ლინკი).  მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო „შტუკა“, კონკრეტული აქტის მექანიკური გამრავლებით, ინტენსიობის მაქსიმალური გადაჭარბებით მივიღეთ საპირისპირო შედეგი - რბილი „ლ“იქცა მუსიკოსის  თვითირონიულ იმიჯად, რომლის დახმარებით ისევ საზოგადოებას უყოფდა ენას.

კლიპის ნარატორი სატანა მამის კულტის დეაქტივაციას ცდილობს. ეს კი სტანდარტული რელიგიური აქტია: სატანა იუდაისტურ რელიგიაში მამის (მამა ღმერთის) მეტოქეა, მისი იდეების წინააღმდეგ მებრძოლი ანტიგმირია. სხვათაშორის, პრექრისტიანულ რელიგიებში მამის წინააღმდეგ ბრძოლა პროტაგონისტს გმირად აქცევს, ქრისტიანულ რელიგიას კი, რატომღაც, მოაფიქრდა, შეექმნა კონფორმისტული, წინმსწრებად „კომსომოლური“ მოდელი - მამასთან ბრძოლა, როგორც ონტოლოგიური გადაცდომა. მაგალითად, კრონოსთან მებრძოლი ზევსი „კაი ტიპია“, და მისი კაიტიპობა სწორედ მამასთან შეჭიდებით და მისი დამარცხებით იწყება. ამ მხრივ, ბერძნული პანთეონი გაცილებით პროგრესული და ნონკონფორმისტული იყო, ქრისტიანობა კი, სამწუხაროდ, პატრიარქალური, მზვაობარი, „რამკიანი“ ბოსის იმიჯს ვერ გასცდა.

არც ისაა გასაკვირი, რომ კრონოსი, კულუარული ცნობით, თავის შვილებს ყლაპავდა, ზუსტად ისე, როგორც ამ ტექსტში გამოჭენებული მამები ყლაპავენ თავიანთი შვილების საარსებო სივრცეს, მათ ინდივიდუალიზმს.

მამ(ა)ოფილ (ვასაძის ბიზნეს-ლექსიკონის მიხედვით, ჰომოფილ) საზოგადოებაში მამის კულტის დეაქტივაცია გადაუჭრელი თემაა. სოციალური სატირა კი ყველაზე ადეკვატურ ხერხად მიმაჩნია,  რითაც ამ და მსგავს თემებზე სიცილი შესაძლებელი გახდება. ხოლო, როცა რამეზე სიცილი შესაძლებელი გახდება, ის სახიფათოც აღარ იქნება.

მე მგონი, ერეკლეს დემონსტრაციული „გასატანების“ ვერსია თავად ამ იმიჯის დეკონსტრუქციისკენ გადადგმული ნაბიჯია.  ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ერეკლე სატანიდან რომელიღაც სიმპათიურ ანგელოზამდე ამაღლდა და მისი სული ახლა ღრუბლებში დალივლივებს და ლოცულობს ჩვენზე.

მან, ცხადია, იცის, რაც მამას უნდა, მაგრამ არ აკეთებს იმას, რაც მამას უნდა, არამედ აკეთებს იმას, რაც ეკოს უნდა, რადგან ის, რაც ამ შემთხვევაში ეკოს უნდა, ეკოლოგიურია.

ისმენდეთ და იშვებდეთ...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული