• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ორი ავტორი - ორი წიგნი

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 2318

ადრე სადღაც ამოვიკითხე, თუ დაწერ, ბოლოს წაკითხულ წიგნზე უნდა დაწეროო. ავტორი აღარ მახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეც ვიქცევი ხოლმე.  სანამ შთაბეჭდილება ცხელია, რეფლექსიაც მანამდე უფრო საინტერესოა, მერე უკვე ინტერპრეტაციების ტყვე შეიძლება გახდე.

ბოლოს ორი წიგნი წავიკითხე მიყოლებით. ერთი ქართული, ერთიც იტალიურიდან თარგმნილი. ორი სხვადასხვანაირი წიგნი. კონტრასტები ისედაც მნიშვნელოვანია, ჩემთვის კი– სასიცოცხლოდაც. ამ მხრივ, გამიმართლა – ორივე ავტორი კონტრასტულია:

ერთი – უცხოელია, მეორე – ქართველი.

ერთი – ერთი შეხედვით, მძიმეა, მეორე – ერთი შეხედვით, მსუბუქი,

ერთი –  შუასაუკუნეებზე წერს, მეორე – შუა 90–იანებზე.

ერთი „დიოგენეშია“ გამოცემული, მეორე „ინტელექტში“.

ერთი – ჩემი კარგი ნაცნობია, მეორე – კარგი იქნებოდა, ყოფილიყო.

ერთი – უმბერტო ეკოა, მეორე – ირაკლი ჯავახაძე.

 

 

უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“

უმბერტო ეკო ქართველი აუდიტორიის დიდმა ნაწილმა ესეისტიკით გაიცნო. ძალიან თანამედროვე, თამამ, არაკონიუნქტურულ და არასტანდარტულ ესეებს მკითხველი  არ აკლდა. თუმცა, დიდი ხნის ლოდინმა მოგვიწია, სანამ ქართულად ითარგმნებოდა მისი სავიზიტო ბარათი „ვარდის სახელი“. რომანი, რომელიც გამოცემისთანავე საერთაშორისო ბესტსელერი გახდა, თავად ავტორი კი დღემდე ყველაზე „ციტირებადი“ მწერალია მთელ მსოფლიოში.

მართალია, “ვარდის სახელი“ 1980 წელს გამოქვეყნდა და ჩვენთან 30–წლიანი დაგვიანებით მოაღწია, მაგრამ ტრადიციას ვერაფერს უზამ!  როგორც წესი, ძირითადი კულტურული სიახლეები ხშირად დაგვიანებით მოდის ქართველ მკითხველამდე. იმედია, ეს „ტრადიცია“ მაინც ამოიშანთება ადრე თუ გვიან. ამ მხრივ, არის საინტერესო ძვრები ქართულ საგამომცემლო სივრცეში და ვნახოთ, საბოლოოდ რა იქნება.

„ვარდის სახელს“, გარდა იმისა, რომ ხარისხიანი ლიტერატურაა, ბევრი გვერდითი (ოღონდ სრულიად დადებითი მნიშვნელობით) ეფექტიც ახლავს. მაგალითად:

ამ რომანის წაკითხვისას, იმავდროულად, კითხულობ, სულ მცირე, 50–მდე წიგნს. ეს ლამის თეორიულადაც შეუძლებელი ფაქტი პრაქტიკულად შესაძლებელი ხდება ეკოს შემთხვევაში (უმბერტო ეკოს, როგორც პოსტმოდერნის ერთ–ერთი აღიარებული თეორეტიკოსის, სახელი გვიბიძგებს ამ პროცესს კითხვა კი არა, მეტაკითხვა დავარქვათ),

ჩამთრევი დეტექტივი, რომელზეც გაწყობილია ტექსტის არქიტექტურა, სინამდვილეში ოსტატური სიმულაკრია. რეალურად, კითხულობ წიგნს სამყაროს შესახებ, დიდი სიყვარულის, დიდი შიშებისა და „დიდი სიცილის“ შესახებ. კითხულობ „ვარდის სახელს“ და ამავდროულად, „ნადიმსაც“ კითხულობ (ოღონდ არა პლატონისას, არამედ „მკრეხელი“ წმინდანის – კვიპრიანეს "ნადიმს", სწორედ მას მიაწერს ბევრი წყარო ამ პროვოკაციულ ტექსტს), ასიზელის მოძღვრებებს კითხულობ, სხვადასხვა მეტაფრასულ წყაროებს კითხულობ, ბიბლიას ხომ კითხულობ და კითხულობ და რასაკვირველია, არისტოტელეს „პოეტიკის“ იმ ნაწილსაც კითხულობ, რომელიც დღემდე დაკარგულია. თუმცა, ეს ტექსტი (ვგულისხმობ არისტოტელეს „კომედიას“) ნაწარმოების მთავარ ღერძად ქცეულა და მთელი 840 გვერდი მის ძიებას ეძღვნება.

ერთი სიტყვით, სულაც უმეცარი რომ იყო, ამ  წიგნის წაკითხვის მერე თავისუფლად შეიძლება, თავს განათლებული უწოდო, ანუ, ეკოსავე ენით რომ ვთქვათ, მეტაგანათლებული (მეტად განათლებულიო, – დაამატებდა მავანი მოკალამბურე).

ტექსტში დიდი ადგილი ეთმობა თეოლოგიურ დისპუტებს, ციტატებითა და ინტერპრეტაციებით „ხმალაობისას“ პერსონაჟები ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიან. ავტორის უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ეს, ერთი შეხედვით, მოსაწყენი აკადემიური დისკუსიებიც კი სულმოუთქმელად საკითხავი გახადოს და ამავდროულად, მეტ–ნაკლებად გაზიაროს შუასაუკუნეობრივ თეოლოგიას, ურთიერთგამომრიცხავ თეორიებს ღვთისა და რელიგიის შესახებ, გაგხადოს მკითხველი კი არა, ასე ვთქვათ, მინიმეცნიერი. წერს კიდეც, რომ „წიგნები კვლევისთვისაა შექმნილი და არა იმისთვის, რომ მათი გვწამდეს.“

ასეთი მიდგომა ეკოსთვის სრულიად  სრულიად ბუნებრივია – ის მწერალთან ერთად, მეცნიერიცაა. თუმცა, თვითონ პირიქით ფიქრობს, ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს: „მე ვარ მეცნიერი, რომელიც ხანდახან პროზას წერს ხოლმეო“.

ძნელია, დაეთანხმო!

ჩემი მოკლე მიმოხილვიდან ისე ჩანს, თიქოს „ვარდის სახელი“ რთული ტექსტი იყოს. რა თქმა უნდა, ასეც არის, მაგრამ – ერთი შეხედვით. ეს მრავალშრიანი ფილოსოფიური დეტექტივი, სინამდვილეში, თავაუღებლად საკითხავი ტექსტია. მე, პირადად, სამ დღეში აუჩქარებლად წავიკითხე და ამის შემდეგ გადავედი ირაკლი ჯავახაძის სამ მოთხრობაზე, რომელსაც ასეც ჰქვია – „სამი მოთხრობა.“

 

ირაკლი ჯავახაძის „სამი მოთხრობა“

90–იანებზე ბევრი ქართველი მწერალი გარჯილა, ზოგი კარგად, ზოგიც – პირიქით. მე შენ გეტყვი და, მასალა შემოაკლდებოდათ! ეგ 90–იანები საცხოვრებლად არ ვარგოდა, თორემ საწერად და აღსაწერად პირდაპირ მისწრება იყო. გეხსომებათ, მზა კრიმინალური სცენარები, უშუალოდ, მოქალაქეების შუბლებზე ცხვებოდა. მაგრამ კრიმინალის, უფულობის, უიმედობის და კიდევ ბევრი უ–რაღაცობის დროსაც ადამიანები მაინც ცხოვრობდნენ. და რაკი ცხოვრობდნენ, ესე იგი უყვარდათ, სძულდათ, შურდათ, ეშინოდათ, სწამდათ...

ირაკლი ჯავახაძის „სამი მოთხრობა“ 90–იანი წლების მხატვრული დოკუმენტია, თავისი ყველა აქსესუარით – „სავეტსკი“ მანქანებით (იშვიათად, „ფირმენებიც“ გაიელვებს, ოღონდ ისე, 25–ე კადრივით),  იაფფასიანი არაყით, იმდროინდელი  ქართული (ღმერთმანი!) ჰიტებით, რუსეთში გადა–გადმო–ფრენებით, ჩხუბებით, სიყვარულით. ეს უკანასკნელი ალბათ ყველა დროში თითქმის ერთნაირია და მთლად 90–იანებს ვერ მივაწერთ, თუმცა, მაინც იყო  რაღაც სხვანაირი ამ ურთიერთობებშიც.

ავტორი ზედმეტი კოკეტობისა და ქარაგმების გარეშე ჰყვება სათქმელს. ყველა ფრაზა ზუსტია, მხატვრულად მოტივირებული და კონკრეტული ინფორმაციის მატარებელი. თხრობის სწრაფი ტემპი და მარჯვე იუმორი ამსუბუქებს იმ მძიმე სურათებს, რომელიც მოთხრობებში გამოჩნდება ხოლმე.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ავტორის პროტაგონისტი (ადრე რომ ლირიკულ მე–ს ეტყოდნენ) ხშირად თავად ავტორივეა. ერთგვარი ავტობიოგრაფიული მოთხრობებია. მაგალითად, თავიდან ბოლოდე რეალური მგონია მოთხრობა, რომელსაც ჰქვია „თავიდან ბოლომდე გამოგონილი ამბავი.“ კალამბურად ნუ ჩამითვლით, გაგახსენებთ, ვაჟა–ფშაველას თავისი ზღაპრის ქვესათაურად რომ „ნამდვილი ამბავი“ ეწერა. ეს ისე, რემარკისთვის, თორემ ტექსტის ავ–კარგზე ეს არ მოქმედებს. დავაბრალოთ ეს ყველაფერი ჩემს მამაკაცურ ალღოს. თუმცა, ავტორი მოთხრობაშივე აღნიშნავს, რომ ალღოზე ასეთი წარმოდგენა იმთავითვე მცდარია: „არავითარი მამაკაცური და ქალური ალღო არ არსებობს. არსებობს ჩვეულებრივი ადამიანური ალღო, რომლის გამოვლინების შემთხვევაში, მამაკაცები ქალურად, ქალები კი მამაკაცურად ნათლავენ (იშვიათად – პირიქითაც ხდება).“ – აღნიშნავს მოთხრობის პერსონაჟი.

მოთხრობა მეორე პირშია დაწერილი, თითქოს ავტორი იხსენებს, წარსულში იჩხრიკება, საკუთარ თავს ესაუბრება, ეკამათება და ცდილობს, ჩვენც, მკითხველებიც, დაგვასწროს ამ ფაქტს.  

ტექსტის დასაწყისი – მოკლე (მაგრამ არსებითი) კითხვებისგან შემდგარი მომცრო აბზაცი – ბეგბედერის „ექსტაზის“ ალუზიას აჩენს. თუმცა, სულ პირიქით –  იმ დროს, როცა ჯავახაძის ეს მოთხრობა დაიწერა, ბეგბედერი „რეკლამშიკად“ მუშაობდა და კალამი (თუ კლავიატურა) გაცილებით გვიან მოსინჯა, ასე, 10–ოდე წლის მერე.

ყოფით თემებთან ერთად ავტორი შემოაპარებს ხოლმე ფილოსოფიურ, ეგზისტენციურ საკითხებსაც, ოღონდ უმტკივნეულოდ, ისე, რომ ტექსტის სადა ფაქტურა არ დაირღვეს.

მოთხრობა „კოლია“ ორი სხვადასხვა ეროვნების ადამიანის შინაარსიან ურთიერთობაზეა აგებული. მეტყველი დიალოგები და მასში გაბნეული ცოცხალი იუმორი მას კარგად საკითხავს ხდის, თუმცა, ფინალი საკმაოდ სევდიანი და პირქუშია.

სამაგიეროდ, „ადამიანი zero“ გაცილებით ოპტიმისტური და სასიამოვნო ფინალით სრულდება.

„ადამიანი zero“ არის მოთხრობა ადამიან zero–ზე, ადამიან ნულზე, ადამიან მომხმარებელზე, რომელსაც ყველაფერი დაანგარიშებული აქვს და „ცივი ოფლი ასხამს, როცა მეზობელი  გადაწყვეტს, შეწყვიტოს ამქვეყნიური არსებობა და სული უფალს მიაბაროს“, რადგან „ყოველი გროში გამოანგარიშებული აქვს“. მაგრამ ასეთი სტანდარტული, ნაცრისფერი ადამიანების ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე გარდამტეხი, გაუთვალისწინებელი ფაქტები. და, როგორც წესი, ეს „გაუთვალისწინებელი ფაქტი“  საწინააღმდეგო სქესისაა ხოლმე. ამ შემთხვევაში, მორალური დილემაა – ან მობეზრებამდე შეჩვეული ოჯახი, ან უჩვეულოდ კომფორტული ცხოვრება საბედისწერო (და საოცნებო) ქალთან ერთად.  

რთული მომენტია ნამდვილად. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მას ნაწარმოებში საკმაოდ სასიამოვნო დასასრული აქვს. დაახლოებით, ალბათ მიხვდით – როგორიც, თუმცა, მაინც აჯობებს თავად მოთხრობა წაიკითხოთ, ავტორი უკეთ მოგიყვებათ. მით უფრო, რომ ეს სადა და გემოვნებიანი მოთხრობებია – ყოველგვარი გაწელვისა   და გაჯოისების გარეშე დაწერილი.  

2011 წ. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული