• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

იმართლე თავი

×
ავტორის გვერდი ირაკლი კირკიტაძე 00 , 0000 2099

„თავს ვერ იმართლებ მთვარეთა შორის“

კარლო კაჭარავა

 

 

იმართლე თავი:

რატომ იღუპებიან შიმშილით ქართველი ბავშვები?

შედი მათთან დიალოგში. ნუ გეშინია, ჯერ კიდევ კეთილი გულები

და ღარიბი ხელები აქვთ. შენ ილია არ ხარ, რომ წიწამურთან დაგცხრილონ.

შენ ვლადიმირ არუთინიანამდეც კი ვერ მიხვალ.

როდის დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს?

უნდა იბადებოდნენ ჩიკატილოს და მენსონის მსგავსი ნაბიჭვრები?

დაუმკვიდრდებათ სასუფეველი ერაყელ კამიკაძეებს?

ბავშვობაში ისინი ქართველები მეგონა.

ბავშვობაში შენც ბევრად კაი ტიპი იყავი.

ნუ გეშინია!

იმართლე თავი:

რატომ მუშაობენ 12 საათზე მეტს ბორჯომის კომპანიაში მუშები?

ნუთუ მათ 330 ლარზე მეტი ანაზღაურება და

მინიმუმ ჯანმრთელობის დაზღვევა არ ეკუთნით?

დააპურე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშები,

მიეცი მათ თეთრი პური, როგორც შენი ხორცი

და რძე რადგანაც მათი ჯანმრთელობისთვის ეს მართლა აუცილებელია.

არ გთხოვ წითელ ღვინოს, ვიცი ძვირი სიამოვნებაა (7.50 Gel).

იმართლე თავი:

დედაჩემი 19 წელია საზღვარგარეთ მუშაობს.

მე აღარ მახსოვს მისი საუბრის მანერა, კულინარიული შესაძლებლობები,

მისი სითბო. მასთან საუბარი მენატრება.

ანალოგიურ მდგომარეობაში ათასობით ადამიანია საქართველოში.

დედაჩემი ფილოლოგია, ცოტახანს საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა

ქუთაისში 60 ლარიანი ხელფასით და მიხვდა, რომ მე მშიოდა.

იმართლე თავი:

გურამ რჩეულიშვილის და ტიციან ტაბიძის გამო.

როგორმე უნდა დახმარებოდი მათ. ისინი ხომ მაინც გმირებად დარჩებოდნენ.

ლიტერატურის აზრზე არა ხარ. დაიფარე პოსტმოდერნისტი ავტორები

და სხვებიც (რა დააშავეს), ნუ მოკლავ მათ შიმშილით.

იმართლე თავი:

გირგვლიანის, ქიმერიძის, მიქაუტაძის და სხვათა გამო.

ალბათ ახალაია შენი ახლობელია თორემ ისე ვერ მოევლინებოდა ამ ქვეყანას.

ნუ გეშინია!

იმართლე თავი:

რატომ არ გამოაფხიზლებ კაპიტალისტ მღვდლებს?

სად იყავი მაშინ, როცა შუა საუკუნეებში ადამიანებს შენი სახელით სჯიდნენ?

ადოლფ ჰიტლერი, როცა მდინარეში იხრჩობოდა, რატომ გადაარჩინა მღვდელმა?

ფრანციკლანელ ბერებს მეძავები, როცა აჰყავდათ მონასტერში,

სად იყავი მაშინ? ან მაშინ, რომის პაპი მეკობრე, რომ გახდა?

ამერიკის ერთ-ერთ შტატში მოქალაქე მეტროს ვაგონში გარდაიცვალა.

გვამი 6 საათი მგზავრობდა და ალბათ სანამ რომელიმე მგზავრს

თავზე არ დაეცა ვერც კი შეამჩნევდნენ.

ნუთუ ყველას ასე მიგვატოვებ? ნუთუ მეტრომანი არ გაქვს,

რომ ჩვენთან ერთად იმგზავრო იაფასიან მეტროში,

რომელიც მომაკვდავი კაცის ხროტინით მოძრაობს გვირაბში.

იქ შენ თანამედროვე გმირებს იხილავ. დილაუთენია, რომ გარბიან ბაზრებში,

საწყობებში, ეკლესიებთან, რათა საჭმელი იშოვონ და გადარჩნენ.

გადაარჩინონ თავიანთი შვილები. შენ ნახავ მებრძოლ ადამიანებს.

მათ არაფერი გაუგიათ ბეროუზის და კამიუს შესახებ.

მათ შანსი არ ჰქონდათ, ყველა გზა მოეჭრათ.

არ აინტერესებთ გლობალური დათბობა და აიფონის ახალი მოდელი.

ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან ყოველ დღე,

დილის 6 საათიდან საღამოს 12-ამდე.

ნუ გეშინია, გიმეორებ!

იმართლე თავი:

აფრიკელი ბავშვების გამომშრალ ყელის,

უნარშეზღუდული ადამიანების,

ბანკის ვალის გამო სუიციდამდე მიყვანილ მოქალაქის წინაშე.

ნუთუ არ გრცხვენია? ნუთუ შენამდე ამ ამბებს არ მოუღწევია?

ჰიროსიმაზე ან ნაგასაკიზე თუ გსმენია რამე?

მეგობრებს ვკარგავ შენ გამო, ცოტა აზრზე მოდი.

ნუ ალაპარაკებ ათეისტებს, რომ ის გამოსირებული ნიცშე მართალია.

ხომ უყურებ ვიღაცას ამ ყველაფრის შემდეგ შენი ისევ სჯერა.

ვიღაც ისევ გესაუბრება. ვიღაცას ახსოვხარ სხვა თუ არაფერი.

იქნებ ამნეზია გაქვს? იქნებ ყველაფერი დაგავიწყდა?

ნუ გეშინია! ნუ გეშინია! ნუ გეშინია! ნუ გეშინია!

 

19.07.2013

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული